ევროკავშირმა საბოლოოდ დაამტკიცა უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი. დასრულდა დაძაბული პროცესი, რომლის მთავარი პერსონაჟიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, იყო.
ბლოკის შიდა პროცედურა ოთხშაბათს ელჩების დონეზე დაიწყო და ხუთშაბათს დასრულდა. ამ შედეგამდე მისვლა კი მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ორიოდე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ „დრუჟბის“ მილსადენი, რომელიც რუსულ ნავთობს უნგრეთსა და სლოვაკეთს აწვდის, შეკეთდა და მუშაობის განახლებისთვის მზადაა.
„დრუჟბის“ მილსადენის გავლით ნავთობის მიწოდების შეწყვეტა მთავარი მიზეზი იყო, რომლის გამოც ვიქტორ ორბანმა თებერვალში უკრაინისთვის გამოყოფილი 90-მილიარდიანი სესხი შეაფერხა.
მან „დრუჟბის“ ნავთობსადენის საკითხი ზელენსკისთან დაპირისპირების მთავარ თემად აქცია წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. თუმცა მოქმედი პრემიერი მთავრობის მომავალმა მეთაურმა, პეტერ მადიარმა, დიდი უპირატესობით დაამარცხა.
უნგრეთში ხელისუფლების ცვლილებამ, რაც 16 წლის შემდეგ პირველად მოხდა, ამ ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობა შექმნა.
ევროკომისიის განცხადებით, თანხა კიევს „რაც შეიძლება მალე“ გადაეცემა — მას შემდეგ, რაც ყველა სამართლებრივი და ტექნიკური დოკუმენტი მზად იქნება.
2026 წლისთვის ბრიუსელი 45 მილიარდი ევროს ეტაპობრივად გადაცემას გეგმავს. აქედან თითქმის 17 მილიარდი ფინანსურ მხარდაჭერას მოხმარდება, ხოლო 28 მილიარდი სამხედრო დახმარებაზე დაიხარჯება. თანხის გადაცემა იმ რეფორმებზე იქნება დამოკიდებული, რომელთაც კიევი განახორციელებს. კორუფციასთან ბრძოლის მხრივ უკუსვლამ შესაძლოა დროებითი შეჩერებაც გამოიწვიოს.
უკრაინას სესხის დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ რუსეთი ომის რეპარაციებს დათანხმდება. ამას მოსკოვი კატეგორიულად გამორიცხავს.
ევროკომისია ამტკიცებს, რომ ამ შემთხვევაში უფლებას იტოვებს, გამოიყენოს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივები, რომელთა ღირებულებაც 210 მილიარდ ევროს შეადგენს.
