კატეგორიები

უხილავი საფრთხე, რომელიც ჩვენი ზღვებისა და ოკეანეების ფსკერზე იმალება

უხილავი საფრთხე, რომელიც ჩვენი ზღვებისა და ოკეანეების ფსკერზე იმალება
Copyright Euronews
საზღვაო აკვატორიის დაბინძურება საგანგაშო დონეს აღწევს როგორც ხმელთაშუა ზღვაში, ისე ატლანტის ოკეანეში.

მეცნიერები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი საფრთხე ის კი არ არის, რასაც ზედაპირზე ვხედავთ, არამედ ის, რაც ზღვის ფსკერზეა.

საზღვაო ნარჩენებს შორის ერთი განსაკუთრებით საშიშია. ეს არის თევსაჭერი აღჭურვილობა. მათ შორის სათევზაო ბადეები, თოკები და ხაფანგები, რომლებიც ზღვაშია ჩაკარგული.

ასეთი თევზსაჭერი აღჭურვილობა ათწლეულობის განმავლობაში გროვდება, რაც ოკეანეების გარკვეულ ნაწილს სათევზაო აღჭურვილობის სასაფლაოდ აქცევს და გავლენა აქვს ზღვის ბინადრებზე, რომლებიც მათში ეხვევიან.

„როდესაც სათევზაო ბადე ზღვის ფსკერზეა და იმ ადგილებში სხვა ნავი ან გემი მოძრაობს, ყოველთვის არსებობს რისკი. ხომალდი შესაძლოა ამ დაკარგულ ბადეებში გაებას, რაც საფრთხეს უქმნის მეთევზეებსა  და იმ ხომალდებს, რომლებზეც ისინი მუშაობენ. “ - ამბობს მეთევზე,  ხუან პაბლო პერესი.

ერთ-ერთი ევროპული პროექტი მუშაობს, რომ მდგომარეობა შეიცვალოს. NETTAG+ „ნეთთეგპლუსის“ ინიციატივა აერთიანებს მეცნიერებს, ინჟინრებს, მეთევზეებს, მათი მიზანია, ერთი მხრივ, ზღვაში აღმოაჩინონ ასეთი თევსაჭერები და  უზრუნველყონ, რომ აღარ მოხვდეს მსგავი აღჭურვილობა წყლებში.  ბადეებზე მიმაგრებულია უნიკალური იდენტიფიკატორის მქონე აკუსტიკური მოწყობილობა, რომელიც  მობილური აპლიკაციის საშუალებით მათზე თვალყურის დევნების საშუალებას იძლევა— ორ კილომეტრზე მეტი მანძილიდანაც კი.

„ეს სისტემა, რომელიც აკუსტიკური ლოკალიზაციის ტრადიციულ პროცესს წარმოადგენს, ამგვარად მუშაობს: მაგალითად, მე ვეკითხები 24-ე თეგს, თუ სად არის, იწყება დროის ათვლა და მოდის პასუხი, რომ აქ არის. ასე რომ, ის დრო, რომელიც დასჭირდა ამ ხმას ჩემამდე მოსასვლელად, მაძლევს მანძილის განსაზღვრის შესაძლებლობას. მოკლედ, ამით ვიგებ, რა მანძილია იქამდე. “ - განაცხადა  INESC TEC-ის მკვლევარმა, ალფერდო მარტინსმა.

იმ აღჭურვილობისთვის კი, რომელიც წყლის სიღრმეშია დაკარგული, რობოტული სისტემა IRIS ირისი სონარის გამოყენებით პოულობს,  ამავდროულად, ზღვის ფსკერის რუკასაც ადგენს.

ეს ტექნოლოგიები ჩრდილოეთ პორტუგალიაში, პოვუა-დი-ვარზინში, ადგილობრივ მეთევზეებთან ერთად შემოწმდა, თუმცა მთავარი მიზანია, რომ ეს მეთოდი ევროპულ დონეზე დაინერგოს.

„ჩვენ ამ მეთოდს, განსაკუთრებით რეკომენდაციების თვალსაზრისით, არა მხოლოდ ევროპულ დონეზე, არამედ ეროვნულ დონეზეც ვუზიარებთ ხუთივე ქვეყანაში თევზჭერის მართვის ორგანოებს. რადგან ეს რეკომენდაციები, ზოგადი ხასიათის მიუხედავად, სხვადასხვა ქვეყნისთვის დამახასიათებელ ნიუანსებსაც მოიცავს.“ - აცხადებს CIIMAR-ის მკლევარი, სანდრა რამოსი.

იმედია, უკეთესი ტექნოლოგიების, უფრო ძლიერი თანამშრომლობისა და მდგრადი პრაქტიკის წყალობით, პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება.

დაკავშირებული ამბები
უხილავი საფრთხე, რომელიც ჩვენი ზღვებისა და ოკეანეების ფსკერზე იმალება ექსპერტებმა წყალმარჩხ ადგილას გაჭედილი კუზა ვეშაპის გადასარჩენად ახალი გეგმა შეიმუშავეს