ინდოეთში სითბური ტალღის შედეგად ჩრდილოეთის დაბლობზე ტემპერატურა მკვეთრად იმატებს.
ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, ტემპერატურა 45 გარდუსს მიაღწევს დედაქალაქ ნიუ-დელიში. ხელისუფლებამ მოსახლეობის დასახმარებლად ე.წ. გამაგრილებელი ზონები მოაწყო.
ქალაქში შექმნილია სპეციალური სივრცეეები, სადაც ტურისტები და ადგილობრივები მცხუნვარე მზეს არიდებენ თავს. აქვე განთავსებულია ჰაერის გამაგრილებელი მოწყობილობები, ვენტილატორები, ხელმისაწვდომია სასმელი წყალი და პირის ღრუს რეჰიდრატაციის ხსნარები, რაც ადამიანებს ექსტრემალურ სიცხესთან გამკლავებაში ეხმარება.
„აქ ძალიან ცხელა, ტემპერატურა ძალიან მაღალია. ბავშვი სველი ტილოთი დავზილე. მზის სხივები ძალიან მწველია. წყალსა და ცივ სასმელებს ვსვამთ“. - აცხადებს ტურისტი, რაჯეშ კუმარ სენი.
„თან წამოვიღე ქოლგა. ცივ წყალს ვსვამდი, სიცხის გამო ვერაფერს ვჭამდი, მხოლოდ წყალი მინდოდა“. - აცხადებს ტურისტი, ამბიკა მანიკა.
მეტეოროლოგიური დეპარტამენტი იუწყება, რომ უახლოეს დღეებში ჩრდილოეთის რამდენიმე რეგიონში, სავარაუდოდ, ძლიერი სიცხე შენარჩუნდება და ტემპერატურა სეზონურ საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით მაღალი იქნება. ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, დღის ყველაზე ცხელ პერიოდში სახლში დარჩნენ სიცხესთან დაკავშირებული გართულებებისგან თავის ასარიდებლად.
„ცივ წყალს ვყიდულობ და თავზე ვისხამ. შემდეგ სველ ნაჭერს ვისვამ სახესა და სხეულზე. ბავშვები აქ სასეირნოდ წამოვიყვანე, მაგრამ ძალიან ცხელა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერების სურვილი არ მაქვს. თუმცა ჩვენ სამოგზაუროდ ვართ, ამიტომ მაინც მივალთ ინდოეთის კარიბჭესთან, პრეზიდენტის სასახლეში, დელიში ვიმოგზაურებთ“. - ამბობს ტურისტი, უდაი ლალი.
უტარ-პრადეშის შტატის ზოგიერთ ნაწილში ინდოეთის ყველაზე გადატვირთული გზები და ბაზრები შუადღისას დაიკეტა, რადგან ხალხი სახლში დარჩა, ზოგი მოვაჭრე კი სამუშაოზე დილაადრიან გამოვიდა. ფერმერები ღამით მუშაობენ, რადგან დღისით შეუძლებელია რამის კეთება.
სიცხის გამო შეფერხდა სკოლების მუშაობა. რამდენიმე რაიონში ხელისუფლებამ სასწავლო პროცესი შეაჩერა და ზაფხულის არდადეგები დროზე ადრე გამოაცხადა, რადგან სამშაბათს ქალაქ ბანდაში მაქსიმალური ტემპერატურამ 48 გრადუსს გადააჭარბა.
ჯანდაცვის სამსახურები მოსახლეობას სიფთხილისა და დაწესებეული ნორმების დაცვისკენ მოუწოდებენ.
კლიმატის ექსპერტების განცხადებით, ინდოეთში ტემპერატურის მატება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული უფრო ფართო გლობალური სურათის ნაწილია.
