კატეგორიები

„ინდუსტრიაში რევოლუციას მოვახდენთ“ - რამდენად შეძლებს მდგრადი ავიასაწვავი ავიახაზების საწვავის დეფიციტისგან დაცვას?

„ინდუსტრიაში რევოლუციას მოვახდენთ“ - რამდენად შეძლებს მდგრადი ავიასაწვავი ავიახაზების საწვავის დეფიციტისგან დაცვას?
Copyright Euronews
ევროკავშირი მიზნად ისახავს, რომ 2050 წლისთვის ევროპული ავიაცია ნახშირბადნეიტრალური გახდეს, რაც გზას უხსნის წარმატებისკენ მდგრადი ავიასაწვავის ინდუსტრიას. ევრონიუსი ამ სექტორის ერთ-ერთი წამყვანი ინოვატორი კომპანიის „ეკოსერესის“ EcoCeres ხელმძღვანელს გაესაუბრა.

ანგელა ბარნესი, ევრონიუსი: „გადაცემა „მთავარი კითხვა“ არის ევრონიუსის გადაცემათა სერია, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო  ბიზნესს სიღრმისეულად ვიკვლევთ. და დღეს გადაცემის სტუმარია მატი ლიევონენი. მატი, მოდი, პირველ რიგში, ფუნდამენტური საკითხებით დავიწყოთ. აგვიხსენით, რას წარმოადგენს კომპანია EcoCeres-ი?“

მატი ლიევონენი, EcoCeres-ის ხელმძღვანელი: „ჩვენ განახლებად საწვავს ვაწარმოებთ, იქნება ეს ავიასაწვავი თუ დიზელი, როგორც საგზაო ტრანსპორტისთვის, ისე ქიმიური ინდუსტრიისთვის. საწვავს მდგრადი ნედლეულისგან ვიღებთ. ძალიან გვეამაყება ის ფაქტი, რომ მთელი ტექნოლოგია შევიმუშავეთ. ასე რომ, ჩვენი კომპანია მხოლოდ საწვავის მწარმოებელი კი არ არის, არამედ -  ტექნოლოგიურიც“.

ანგელა ბარნესი, ევრონიუსი: „ჩვენს მაყურებელს მარტივად რომ ავუხსნათ, მატი, მაინც როგორც გარდაქმნით ნარჩენებს ავიაციის მდგრად საწვავად?“

მატი ლიევონენი, EcoCeres-ის ხელმძღვანელი: „საკვებად უვარგის ნარჩენებს 100%-ით განახლებად დიზელად და ავიასაწვავად გარდავქმნით. ამისთვის იგივე საწარმო პროცესია საჭირო, რაც წიაღისეული საწვავის ნედლეულად გამოყენების დროს, მაგრამ წიაღისეულის ნაცვლად ბიონარჩენებს ვიყენებთ, როგორებიცაა  სადილის ზეთი, ცხოველური ცხიმები, მაგალითად თევზის ქონი.  ჩვენ ერთგვარი კატალიზატორის ფუნქცია ვიკისრეთ, რადგან მინარევებს ვაშორებთ ნედლეულს, რომელსაც წინასწარ ვამუშავებთ, რადგან მხოლოდ ერთი სახეობის ნენდლეულს კი არ ვიყენებთ, არამედ მრავალი სახეობის  დაბინძურებულ ნარჩენს ვიღებთ ნედლეულად. ამიტომაც გვჭირდება წინასწარი გადამუშავების ტექნოლოგია. ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მართლაც, განსაკუთრებული წარმოება გვაქვს. თან მაღალი წარმადობაც გვაქვს იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის მდგრადი ავიაციის საწვავი, ე.წ. საფი SAF, შეგვიძლია მივიღოთ ნარჩენებისგან. და დღეის მდგომარეობით, შემიძლია, განვაცხადო, რომ მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს. სამზარეულოს ზეთის ნამწვისგან 85%-ით მდგრად ავიასაწვავს ვიღებთ. ამის უკან დგას ახალი ტექნოლოგია, რომელსაც ჰეფა HEFA ეწოდება. ასე რომ, ჩვენ, სავარაუდოდ, რევოლუციას მოვახდენთ ინდუსტრიაში როგორც ტექნოლოგიის, ისე შედეგის თვალსაზრისით“.

კითხვა წარწერა:

რამდენად შეძლებს მდგრადი ავიასაწვავი ავიახაზების საწვავის დეფიციტისგან დაცვას?

ანგელა ბარნესი, ევრონიუსი: „რომ დავინახოთ განსხვავება თქვენ საქმიანობასა და ტრადიციული ავიასაწვავის წარმოებას შორის, შეგიძლიათ, რამდენიმე კონკრეტული არგუმენტის საფუძველზე დაგვისაბუთოთ, მაინც რამდენად დიდი მოცულობის გამონაბოლქვს ზოგავთ?“

მატი ლიევონენი, EcoCeres-ის ხელმძღვანელი: „ტრადიციული ავისაწვავი ნახშირბადია. წარმოების დროს ნახშირბადს გამოყოფ, რომელსაც შემდეგ ძრავის საწვავად იყენებ. ჩვენ კი ბიომასას ვიღებთ ნედლეულად, ასე რომ, დაახლოებით 90%-ით ნაკლები სათბურის აირი გამოიყოფა. ეს კი ძალიან დიდი მიღწევაა - 90%. რადგან ჩვეულებრივი ავიასაწვავი იწვის და ნახშირბადს გამოყოფს“.

ანგელა ბარნესი, ევრონიუსი:  „ამ წუთას როგორია თქვენი წარმადობა?“

მატი ლიევონენი, EcoCeres-ის ხელმძღვანელი: „დღეის მდგომარეობით, წელიწადში დაახლოებით 770 ათას ტონას ვაწარმოებთ. რაც საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ჩემი აზრით, მსოფლიოში მეორე ყველზე მსხვილი მწარმოებელი ვართ დღეს. მაგრამ ჩვენი კომპანია ძალიან ახალგაზრდაა, იმდენად, რომ სტარტაპად მივიჩნევთ თავს. თუმცა თვალსაჩინოებისთვის, ლონდონიდან ნიუ-იორკამდე ერთი ფრენის დროს დაახლოებით 60 ტონა ნახშირბადი იფრქვევა ატმოსფეროში, არადა, ათობით ათასი ფრენა სრულდება და ამის 10-20% მაინც შეიძლება რომ დაკმაყოფილდეს  განახლებადი საწვავით“.

ანგელა ბარნესი, ევრონიუსი: „და ფასის მხრივ როგორია სხვაობა ტრადიციულ საწვავთან შედარებით, დღეის მდგომარეობით?“

მატი ლიევონენი, EcoCeres-ის ხელმძღვანელი: „ცხადია, ჩვენი საწვავაის ფასი უფრო მაღალია, რადგან ჩვენ ნედლ ნავთობს კი არ ვიყენებთ, არამედ ზეთის ნარჩენებს, რაც ბევრად ძვირია. დღევანდელ კრიზისამდე ნედლი ნავთობი ბარელი 60 დოლარი ღირდა, ახლა 100 დოლარზე მეტია. საავიაციო საწვავი ფასიც 750 დოლარიდან 1500-ზე ავიდა.  ფასი უკვე გაორმაგდა. განახლებადი საწვავის ფასი კი, მათ შორის ავიასაწვავისა, იმავე პერიოდში 30%-ით გაიზარდა, ბევრად ნაკლებით. თუკი მანამდე მდგრადი საწვავი ორ-ნახევარჯერ-სამჯერ უფრო ძვირი იყოს, ახლა სხვაობა ერთ-ნახევარია“.

ანგელა ბარნესი, ევრონიუსი: „რაც შეეხება მგზავრებს, რაც უფრო მეტი ავიაკომპანია გადავა ეკოლოგიურ საწვავაზე, როგორ აისახება ეს მომხმარებელზე და ბილეთის ფასზე? რამდენად დიდი იქნება სხვაობა?“

მატი ლიევონენი, EcoCeres-ის ხელმძღვანელი: „ჩემი აზრით, არც ისე დიდი, თუ გაითვალისწინებ, რომ, მაგალითად, ჰონგ-კონგიდან ლონდონამდე ფრენების 10% მდგრადი საწვავით სრულდება. ბილეთის ფასი რამდენადაც ვიცი, მხოლოდ 50 დოლარით მეტია. და 50 დოლარი შეიძლება დიდ სხვაობად ჩავთვალოთ? ალბათ არა. თანაც მგონია, რომ ჩვენ, ყველამ, უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ეკოლოგიაზე ინდუსტრიასთან ერთად, რადგან თუკი ავიაკომპანიებს კითხავ: „რა არის თქვენი ყველაზე დიდი რისკი?“, ყველა ერთხმად გიპასუხებს, რომ ეს არის კლიმატის ცვლილება. დღეს ეს არ იგრძნობა, მაგრამ როცა ამინდი ბევრად გაუარესდება, ხალხი აღარ იფრენს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ყველას გამოწვევაა, რათა ავიაციის დეკარბონიზაცია შევძლოთ და ყველა სხვა ტრანსპორტისაც. კლიმატის ცვლილება მართლაც პრობლემაა, თუმცა ასევე პრობლემაა გარანტირებული მიწოდება, როგორც ახლა ვხედავთ“.

ანგელა ბარნესი, ევრონიუსი: „თუ გავითვალისწინებთ დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ არეულობას და რყევებს, განსაკუთრებით ნავთობის ბაზარზე, ხომ არ გაზრდილა ინტერესი თქვენი კომპანიისა და მდგრადი ავიასაწვავის მიმართ ამ ყველაფრის გამო, რაც ხდება?“

მატი ლიევონენი, EcoCeres-ის ხელმძღვანელი: „ჩვენ ვხედავთ ამ ინტერესს, რა თქმა უნდა, რადგან ეს სავალდებულოა და ჩვენ, ასე ვთქვათ, მარაგი სრულად დაგვიჯავშნეს. მაგრამ ასეთივე ინტერესი განახლებად დიზელზე შეიმჩნევა, მაგალითად, ავსტრალიის მხრიდანაც, რადგან ავსტრალია ძალიან არის დამოკიდებული მოწოდებაზე  ახლო აღმოსავლეთიდან. ამიტომ ძალიან დიდია ინტერესი ჩვენს განახლებად დიზელზე იმავე ავსტრალიის მხრიდან“.

ანგელა ბარნესი, ევრონიუსი: „თქვენი კომპანია ჰონგ-კონგშია დაფუძნებული, მატი, და ხომ არ გეგმავთ ევროპაში გაფართოებასაც?“

მატი ლიევონენი, EcoCeres-ის ხელმძღვანელი: „ევროპა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ იქ სავალდებულოა ეკომიდგომა, არამედ იმიტომ, რომ თავად ხალხი ფიქრობს ასე ევროკავშირის ქვეყნებში, რომ აუცილებელია დეკარბონიზაცია. ჩემი აზრით, სწორედ ეს იქნება ევროპელების კონკურენტუნარიანობის ამოსავალი წერტილი და ჩვენ აქტიურად განვიხილავთ საკითხს, თუ რამდენად მოვახერხებთ ევროპაში წარმოების გატანას. თუმცა, როგორც იცით, არის საკითხები, რომლებზეც ევროკავშირი უნდა დაფიქრდეს. მაგალითად, როგორ დააჩქაროს ნებართვების გაცემა და სხვა საკითხები. ეს მხოლოდ ჩვენს ინდუსტრიას კი არ ეხება, არამედ ყველა ინდუსტრიას და სწორედ ეს მაფიქრებს“.

ანგელა ბარნესი, ევრონიუსი: „დიახ, ნებართვების გაცემა მართლაც ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. და ბოლოს, მატი, რა წვლილი მიუძღვის ავიაციას ევროკავშირის ეკონომიკაში და ამ ინდუსტრიის უფრო მდგრად პლატფორმაზე გადაყვანის პარალელურად, რამდენად მნიშვნელოვანია მისი დაცვაც?“

მატი ლიევონენი, EcoCeres-ის ხელმძღვანელი: „2025 წელს ყველაზე მეტად მდგრად ავიასაწვავსა და განახლებად დიზელზე იყო მოთხოვნა, რამაც დაახლოებით 35 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2030 წელს ეს მაჩვენებელი 107 მილიარდი დოლარი იქნება. ასე რომ, ყოველ წელს უზარმაზარი ზრდაა. სწორედ ამიტომ შევედით ამ ბაზარზე, რადგან კარგი ტექნოლოგია გვაქვს, ვეხმარებით ავიაკომპანიებს დეკარბონიზაციაში, თანაც საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) მიზნად ისახავს, რომ 2050 წელს ავიაცია სრულად ნახშირბადნეიტრალური გახდეს. დღესდღეობით ევროპული ავიაბაზარი დაახლოებით 56 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, 2030 წელს ეს მაჩენებელი 100 მილიარდი იქნება. გამოდის, აქაც დიდი ზრდაა მოსალოდნელი. ამ ზრდას მხოლოდ ევროპისკენ მომავალი მგზავრები კი არ განაპირობებენ, არამედ ევროპიდან მიმავალიც. ამიტომ მგონია, რომ ავიაკომპანიებმაც უნდა გააცნობიერონ, როგორც უკვე აღვნიშნე, რომ კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვანი ფაქტორია. დღეს ხალხი ძალიან დიდი ყურადღებით ხარჯავს ფულს, ისინი ითვალისწინებენ, თუ რამდენად წაადგება ეს  დახარჯული თანხა კლიმატსა და მათი ქვეყნის ეკონომიკას. ერთიანი ძალით შეგვიძლია უფრო გავწმინდოთ ჰაერი, დეკარბონიზაცია განვახორციელოთ და სწორედ ამას აკეთებს კომპანია „ეკოსერესი“ EcoCeres, თანამშრომლობს ავიაკომპანიებთან, ევროკავშირთან, სხვა ქვეყნებთანაც, რათა დეკარბონიზაცია უფრო ხელმისაწვდომი და საუკეთესო გზით განხორცილედეს“.

ავტორები: ჰანა ბრაუნი და ანგელა ბარნესი

დაკავშირებული ამბები
„ინდუსტრიაში რევოლუციას მოვახდენთ“ - რამდენად შეძლებს მდგრადი ავიასაწვავი ავიახაზების საწვავის დეფიციტისგან დაცვას? “მთავარი კითხვა”: რამდენად აგვარებს დასაქმების პრობლემას საკუთარი ბიზნესის დაფუძნება?