როდესაც 2008 წელს კომპანია ეარ-ბი-ენ-ბი Airbnb დააფუძნეს, ხალხს ჯერ კიდევ უკვირდა, მაინც როგორ შეიძლებოდა საკუთარ სახლში უცხოელის შეშვება, რომელიც თვალით არასდროს გინახავს. თუმცა 2025 წელს ამ პლატფორმაზე ბინების გაქირავებიდან ამოღებულმა თანხამ უკვე 92 მილიარდ დოლარს მიაღწია. მაინც რამ განაპირობა ასეთი წარმატება? კომპანიის ხელმძღვანელმა ამის შესახებ ევრონიუსთან ისაუბრა.
ანჟელა ბარნესი, ევრონიუსი: „დღეს ჩვენი განსაკუთრებული სტუმარია ნეითან ბლეჩარზიკი, კომპანია Airbnb--ის თანადამფუძნებელი და სტრატეგიული დირექტორი. მინდა, საუბარი იმით დავიწყოთ, თუ როგორ ჩაეყარა საფუძველი თქვენს კომპანიას, რადგან იგი 2008 წელს დააფუძნეთ. თუ ფიქრობდით მაშინ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ასეთ დიდ კომპანიად გადაიქცეოდით?“
ნეითან ბლეჩარზიკი, Airbnb-ის თანადამფუძნებელი და სტრატეგიული დირექტორი: „თავიდან ხალხს მაინცდამაინც არ მოსწონდა ჩვენი იდეა. ამბობდნენ, როგორ უნდა შეუშვა სრულიად უცხო ადამიანი სახლშიო? დღეს კი პლატფორმზე უკვე 9 მილიონი სახლია დარეგისტრირებული 220 ქვეყნის 150 ქალაქში. 2.5 მილიარდზე მეტმა ადამიანმა დაიქირავა სახლი. ჩემი აზრით, უბრალოდ საოცარია, თუ როგორ ჩავუყარეთ საფუძველი ასეთ ნდობას, რომლის წყალობითაც მსოფლიოს მასშტაბით აქირავებენ სახლებს. გასულ წელს ჩვენს პლატფორმაზე 92 მილიარდი დოლარის მოცულობის ტრანზაქციები განხორციელდა და ამ თანხის უმეტესი ნაწილი გამქირავებელთა შემოსავალია“.
ანჟელა ბარნესი, ევრონიუსი: „მაინც რატომ გადაწყვიტეთ Airbnb-ის შექმნა?
ნეითან ბლეჩარზიკი, Airbnb-ის თანადამფუძნებელი და სტრატეგიული დირექტორი: „ამ იდეაზე არასდროს გვიფიქრია, როგორც ბიზნესზე. სან-ფრანცისკოში ორ სხვა მდგუმრთან ერთად მქონდა ბინა დაქირავებული და სამივე საკუთარი პრობლემის გადაჭრას ვცდილობიდთ, რაც კვირის ბოლოს ქირის გადახდას ეხებოდა, რადგან ბინის ქირა უცებ 25%-ით გაგვიზარდეს. მე ვთქვი, ძალიან ძვირია და მივდივარ-მეთქი აქედან. დანარჩენ ორს დარჩენა უნდოდა, მაგრამ სამსახურიდან ახალი წამოსულები იყვენენ იმ მიზნით, რომ საკუთარი ბიზნესი დაეწყოთ და არც მათ ჰქონდათ ქირის ფული. მაგრამ ორივე დიზაინერი იყო განათლებით. მათ გაიგეს, რომ სან-ფრანცისკოში დიზაინერების კონფერენცია ტარდებოდა, სასტუმროებში კი ადგილი აღარ იყო. გადაწყვიტეს, რომ შაბათ-კვირას ჩვენი ბინის ის საძინებელი გაექირავებინათ დიზაინრებზე, რომელშიც არავინ ცხოვრობდა. ეს საძინებელი ცარიელი იყო, საწოლი არ იდგა, ამიტომ იქ გასაბერი საწოლი დადგეს. შეთავაზებაში „საწოლი და საუზმე“ კი არ ჩაწერეს, არამედ „გასაბერი საწოლი და საუზმე“ (Air Bed and Breakfast). ასე რომ, „ეარ-ბი-ენ-ბი“ Airbnb „გასაბერი საწოლისა და საუზმის“ შემოკლებული ვერსიაა. საბოლოო ჯამში ეს საძინებელი სამმა დიზაინერმა იქირავა უქმეებზე ხელმისაწვდომ ფასად. ჯომ და ბრაიანმა იმდენი იშოვეს, რომ თვის ქირა გადაიხადეს, ხუთივე დაესწრო იმ კონფერენციას, როგორც ვხვდები და კარგი დროც გაატარეს. ასე რომ, ეს ორივე მხარისთვის მომგებიანი გარიგება აღმოჩნდა. და ამის მერე დავფიქრდით, ხომ არ გავუადვილოთ ხალხს სასტუმროს ნაცვლად სხვისი ბინის დაჯავშნა? და ასე დავიწყეთ საქმე 2008 წელს. თუმცა 2009 წლამდე არაფერი შეცვლილა“.
ანჟელა ბარნესი, ევრონიუსი: „იმის თქმა გინდათ, რომ გარდატეხა 2009 წელს მოხდა და საქმე მართლა კარგად წავიდა?“
ნეითან ბლეჩარზიკი, Airbnb-ის თანადამფუძნებელი და სტრატეგიული დირექტორი: „2008 წლის ბოლოს, ფაქტობრივად, უკვე ხელის აღებას ვაპირებდით საქმეზე და აქსელერაციის პროგრამაში ჩავერთეთ, რომელსაც ერქვა „კომბინატორი ვაი“ Y Combinator. სიტყვა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, 12 კვირის შემდეგ საქმის დახურვის ნაცვლად კომპანიის დინამიკა რადიკალურად უკეთესობისკენ შემოვაბრუნეთ და პირველი ვენჩურული კაპიტალის დაფინანსება მივიღეთ“.
ანჟელა ბარნესი, ევრონიუსი: „თქვენ ერთხელ ასეთი რამ თქვით. ციტატას მოვიყვან: „უმჯობესია ისეთი 100 მომხმარებელი გყავდეს, რომელსაც უყვარხარ, ვიდრე 1000 - რომელსაც მოსწონხარ. შეიძინე საკუთარი მრევლი და მათთვის იშრომე“. შეგიძლიათ, განგვიმარტოთ ეს ფილოსოფია და გვითხრათ, როგორ დანერგეთ ის თქვენ კომპანიაში, ან რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი თქვენთვის?“
ნეითან ბლეჩარზიკი, Airbnb-ის თანადამფუძნებელი და სტრატეგიული დირექტორი: „ეს მართლაც იყო ისეთი ხედვა, რომელმაც ყველაფერი რადიკალურად შეცვალა 2009 წლის დასაწყისში, როდესაც საქმეზე ხელის აღებას ვაპირებდით. ეს ხედვა ნიშნავს, რომ ყურადღება უნდა მიაქციო, რას გთავაზობს ინტერნეტი და ტექნოლოგიური სფერო ისეთს, რასაც ბაზრის შესაფერისი პროდუქტი ჰქვია. მაგრამ ამავე დროს უნდა იპოვო რამდენიმე ისეთი მომხმარებელი, რომლებიც შენი ერთგულები იქნებიან, ისინი მუდმივ კლიენტებად უნდა აქციო. გვირჩიეს, შევხვედროდით მომხმარებელებს. ამისთვის უნდა ჩავსულიყავით ნიუ-იორკში და იქ გვენახა ჩვენი კლიენტები. მაგრამ როგორ უნდა შეხვდე შენს მომხმარებელს, როდესაც ინტერნეტკომპანია გაქვს? შევამჩნიეთ, რომ მათგან ბევრს თავისი სახლის საკმაოდ ცუდი ფოტო ედო. ამიტომ ვიფიქრეთ, რატომაც არ შევთავაზოთ უფასო პროფესიონალი ფოტოგრაფის დახმარება? ვურეკავდით კლიენტებს და ვეკითხებოდით, ხომ არ გინდათ, რომ პროფესიონალმა ფოტოგრაფმა მოგაკითხოთ სახლში? და პასუხი იყო: რატომაც არა. და ასე კარდაკარ სიარულის დროს გამოჩნდა ჩემი მეორე თანადამფუძნებელი, რომელიც ფოტოებს იღებდა. შინ მიკითხვის დროს კლიენტებს ასევე ასწავლიდნენ, როგორ გამოეყნებინათ ვებგვერდი, როგორ მიეღოთ უკუკავშირი საკუთარ პროდუქტზე. ასეთი ორმხრივი ურთიერთობის შედეგად დავუმეგობრდით ნიუ-იორკში პირველ 50 მასპინძელს. და მათ ჩვენი წარმატება უხაროდათ. ნიუ-იორკში გვქონდა ბინები შესანიშნავი ფოტოებითა და ფასებით. მათი პატრონები, ვთქვათ, პარიზიდან ჩამოსულ კლიენტს ბინას 500 დოლარად აძლევდნენ. მერე ეს ხალხი უკვე მეგობრებში ავრცელებდნენ ამბავს და ახლა ისინი შემოდიოდნენ პლატფორმაზე. ხედავდნენ, რომ ჩვენს ვებგვერდზე მაღალი სტანდარტი იყო ფოტოების კუთხით და ეტყობოდა, რომ ხალხი მცდელობას არ აკლებდა. ახლებიც მათ ბაძავდნენ და ეს ყველაფერი უკვე კონვეიერივით ამუშავდა და საქმე წინ წავიდა.“
ანჟელა ბარნესი, ევრონიუსი: „როგორც ვნახეთ, ზოგიერთ ქალაქში ბინის მოკლევადიან გაქირავებაზე ძალიან მკაცრი შეზღუდვები დააწესეს. ეს უარყოფითად ხომ არ აისახა თქვენს ბიზნესზე?“
ნეითან ბლეჩარზიკი, Airbnb-ის თანადამფუძნებელი და სტრატეგიული დირექტორი: „ახლა უკვე 18 წლის შემდეგ ჩვენს კომპანიას სკამაოდ მკაცრად აკონტროლებენ. ჩვენი ბაზრის წამყვანი 200 სეგმენტს თუ დააკვირდები, მათი 80% ისეთ ადგილას მდებარეობს, სადაც 10 წელზე მეტია, რაც რეგულაციები არსებობს. მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან კარგი ზრდა გვაქვს. ჩვენი ზოგადი მიდგომაა, რომ ვითანამშრომლოთ ქალაქებთან და ხელი შევუწყოთ იქაურ რეგულაციებს. ნებისმიერი რეგულაციის შემთხვევაში მთავარია სწორი ბალანსი იპოვო, თუ რაზე ჯობია ყურადღების გამახვილება და ისე დანერგო, რათა გადაჭარბებულმა რეგულირებამ ეკონომიკის ზრდა არ შეაფერხოს. ჩვენ გადაჭარბებული რეგულირების მაგალითიც გვინახავს, მაგალითად, ამსტერდამში. 2019 წელს ამ ქალაქში ისეთი რეგულაცია მიიღეს, რომ მას შემდეგ ჩვენი კომპანიის სიიდან ბინების 54%-ის ამოშლა მოგვიწია. ამ რეგულაციის მიზეზი ბინის მაღალი ფასები გახდა. მაგრამ შედეგად მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სია, ფაქტობრივად, განახევრდა, ამსტერდამში ბინის ფასი მაინც მესამედით გაიზარდა. შესაბამისად, ამ რეგულაციის შედეგად ბინის ფასმა სულაც არ დაიკლო. როგორც ვნახეთ, ზოგიერთი ქალაქის მესვეურნი მიხვდნენ ამას და უკან დაიხიეს. მაგალითად, ედინბურგშიც ზუსტად იმავენაირად გადააჭარბეს რეგულაციის კუთხით, ნახეს, რომ შედეგი არ მოიტანა და გააუქმეს რეგულაციების ნაწილი. იგივე მოხდა ლისაბონშიც“.
ანჟელა ბარნესი, ევრონიუსი: „რას ეტყოდით პოლიტიკაზე პასუხისმგებელ პირებს, რა დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ თქვენი კომპანიის მომხმარებლებს ადგილობრივ საზოგადოებაზე?“
ნეითან ბლეჩარზიკი, Airbnb-ის თანადამფუძნებელი და სტრატეგიული დირექტორი: „ზოგადად ტურიზმი ეკონომიკის, მათ შორის რეგიონული ეკონომიკის ძლიერი მამოძრავებელი ფაქტორია. ევროკავშირში მთლიან შიდა პროდუქტში „ეარ-ბი-ენ-ბის“ Airbnb წილი 149 მილიარდი ევროა და 2 მილიონ 100 ათასი დასაქმებულია. რა თქმა უნდა, ტურიზმი მხოლოდ ერთ ადგილას რომ განვითარდეს, ამას ნამდვილად მოჰყვება გადახურება. მაგრამ ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი განსაკუთრებული მიდგომა ის არის, რომ გადავანაწილოთ ტურისტული მიმართულებები. ჩვენი ბინები მხოლოდ ქალაქის ცენტრში არ არის თავმოყრილი, ისინი მთელ ქალაქსა და ქვეყანაშია მიმოფანტული თუ გადახედავთ ჩვენს ბიზნესს ევროპაში, დაჯავშნილი ბინების 60% ქალაქზე კი არ მოდის, არამედ სოფელზე. პატარა ქალაქებში საერთოდ არ არის სასტუმრო და განსათავსებელი სივრცე, რის გამოც იქ ტურიზმი ვერ ვითარდებოდა. ახლა კი ტურისტებს შეუძლიათ იქ ჩასვლა და უფრო კარგი მომსახურების მიღება. პატარა ქალაქებში სიხარულით მასპინძლობენ“.
ანჟელა ბარნესი, ევრონიუსი: „რა არის თქვენი კომპანიის ისტორიაში ისეთი, რაც ყველაზე მეტად გეამაყებათ?“
ნეითან ბლეჩარზიკი, Airbnb-ის თანადამფუძნებელი და სტრატეგიული დირექტორი: „ყველაზე მეტად ის მეამაყება, რომ ხალხს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებას ვაძლევ. თუმცა განსაკუთრებულად მეამაყება ისიც, რომ ძალიან გონივრულად მოვახერხეთ ჩვენი პლატფორმის გამოყენება, როცა სტიქიური უბედურების ან სხვა გასაჭირის გამო იძულებით გადაადგილებული ადამიანების განთავსება შევძელით. როცა უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენი კომპანიის მასპინძლებმა საკუთარი სახლის კარი გაუღეს ლტოლვილებს, რაც დონორებმა დააფინანსეს. და შედეგად 18 თვის განმავლობაში ჩვენმა გამქირავებლებმა 140 ათასი უკრაინელი ლტოლვილი შეიფარეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასეთი რამ ადრე შესაძლებელი არ იყო. არ არსებობდა ამისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, მაგრამ ჩვენ საზოგადოება დავრაზმეთ და ჩამოვაყალიბეთ თემი, რომელიც გასაჭირის ჟამს დაეხმარა, ვისაც სჭირდებოდა“.
ავტორები: ჰანა ბრაუნი, კამილ სიმონე და ანჟელა ბარნესი
