ევროკავშირმა უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის განბლოკვისთვის შიდა პროცესი ოფიციალურად დაიწყო. ამ ნაბიჯმა რამდენიმე თვიანი დაძაბულობის შემდეგ ბუდაპეშტსა და კიევს შორის დაპირისპირება დასასრულთან დაახლოვა.
ე. წ. „წერილობითი პროცედურა“ ოთხშაბათს ბრიუსელში, ელჩების შეხვედრაზე დაიწყო. წევრ ქვეყნებს ახლა 24 საათი აქვთ, რათა წინააღმდეგობა გამოხატონ.
კვიპროსი, რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, ელის, რომ პროცესი ხუთშაბათს დასრულდება და საბოლოო გადაწყვეტილებაც გამოცხადდება.
უნგრეთს ან სლოვაკეთს კვლავ შეუძლიათ გადაწყვეტილების დაბლოკვა, თუმცა ეს დიპლომატებს ახლა ნაკლებად მოსალოდნელ სცენარად ესახებათ.
მათი შეფასებით, დრუჟბის მილსადენის აღდგენის შემდეგ, რომელიც ვეტოს მთავარ მიზეზს წარმოადგენდა, შეთანხმება თითქმის გარანტირებულია.
უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს ვიქტორ ორბანის მთავრობა თვეების განმავლობაში აფერხებდა. უნგრეთის პრემიერი, რომელმაც არჩევნები წააგო და მალე თანამდებობას ტოვებს, კიევს „პოლიტიკური“ მოტივებით ნავთობის ბლოკადაში ადანაშაულებდა.
ამავდროულად, დრუჟბის მილსადენის გამო ევროკავშირში უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ დაბლოკილია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტიც. სლოვაკეთმა განაცხადა, რომ ვეტოს მოხსნისთვის ნავთობის ნაკადის აღდგენა იყო საჭირო.
