უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს მოუწოდებს, განბლოკოს უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი, რომელსაც უნგრეთი ბლოკავდა. მისი განცხადებით, უკრაინამ დაზიანებული „დრუჟბის: მილსადენის შეკეთება დაასრულა, შესაბამისად, უკრაინამ თავისი პირობა შეასრულა.
„აუცილებელია, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი ევროკავშირის მხარდაჭერის ორწლიან პაკეტს, 90 მილიარდ ევროს, ბლოკი მოეხსნას. ეს თანხები ევროპულმა საბჭომ უკვე დაამტკიცა თუმცა, შემდგომ ის დაბლოკილი იქნა. ახლა ამის საფუძველი აღარ არსებობს. ევროკავშირმა უკრაინას სთხოვა, აღედგინა დრუჟბის მილსადენი, რომელიც რუსეთმა გაანადგურა. ჩვენ ის შევაკეთეთ. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირიც შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკი.
დრუჟბის მილსადენის შეკეთება სადავო საკითხად იქცა, რამაც შეაფერხა 90 მილიარდი ევროს მოცულობის ევროკავშირის სესხის დამტკიცება. სესხი მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსებას ითვალისწინებდა.
უნგრეთსა და სლოვაკეთს რუსული ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბის“ მილსადენით მიეწოდებოდათ. ის საბრძოლო მოქმედებებისას დაზიანდა, რაშიც უკრაინის პრეზიდენტი რუს სამხედროებს ადანაშაულებს.
კიევს სჯერა, რომ ნავთობსადენის შეკეთების შემდეგ ხელმისაწვდომი იქნება ის თანხა, რომელსაც უნგრეთმა და მისმა ჯერ კიდევ მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ვეტო დაადეს.
დახმარების პაკეტთან ერთად ვიქტორ ორბანი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ პაკეტსაც ბლოკავდა. უკრაინის პრეზიდენტს კი მიაჩნია, რომ დახმარების პაკეტის განბლოკვის გარდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კუთხითაც უნდა დაიწყოს მუშაობა.
„დიდი ხანია პროგრესი არ ყოფილა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების მხრივაც. განსაკუთრებით არასასიამოვნოა, შეერთებული შტატები რომ შეზღუდვებს ამსუბუქებს. ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. რუსებმა არ ჩათვალონ, რომ ომის წარმოება მშვიდად და დაუსჯელად შეუძლიათ,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკი.
უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი, რომელმაც ვიქტორ ორბანი და მისი პარტია საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა, ამბობს, რომ თუ დრუჟბის მილსადენი ნავთობის მიწოდებისთვის მზადაა, მაშინ იგი დაპირებისამებრ უნდა გაიხსნას.
პარალელურად ბრიუსელი იმედოვნებს, რომ უნგრეთი ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერის, ვიქტორ ორბანის მთავრობის მიერ დაწესებულ ვეტოს მოხსნის. ევროკავშირი ოპტიმისტურად არიან განწყობილი, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი მასშტაბური სესხი შესაძლოა უკვე მიმდინარე კვირას დამტკიცდეს.
