კატეგორიები

ორ პოლიციელს, რომლებიც კიევში სროლის დროს შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ, უფლებამოსილება შეუჩერდათ

ორ პოლიციელს, რომლებიც კიევში სროლის დროს შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ, უფლებამოსილება შეუჩერდათ
Copyright AP
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ 19 აპრილს განაცხადა, რომ ორ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩარდა მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გარბიან ისინი კიევში მომხდარი სროლის დროს შემთხვევის ადგილიდან.

უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ფორმაში გამოწყობილი ოფიცრები, მამაკაცი და ქალი, მიწაზე მწოლიარე ადამიანის გვერდით დგანან, შემდეგ კი გარბიან, როდესაც სროლის ხმა ისმის და ტოვებენ მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ Telegram-ზე დაწერა, რომ ეს იყო  სამარცხვინო, უღირსი საქციელი და რომ ეს მთელი სისტემის სირცხვილია. მისი თქმით, პოლიციელები სამსახურიდან გათავისუფლდნენ. საქმეზე  მიმდინარეობს გამოძიება.

ოფიცრების საქციელის გამო თანამდებობიდან გადადგა ასევე უკრაინის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ევგენ ჟუკოვი, რომელმაც პოლიციელების საქციელს სამარცხვინო უწოდა.

პოლიციას ჯერ არ დაუდგენია სროლის მოტივი, თუმცა მომხდარი ოფიციალურად ტერორისტულ აქტად არის კვალიფიცირებული, თუმცა, კლიმენკოს თქმით, თავდამსხმელი აშკარად  ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო.

„ტერორისტი 1968 წელს დაიბადა, ის იყო პენსიონერი, შეიარაღებული იყო კარაბინით, რომელიც კანონიერად ჰქონდა შეძენელი და რეგისტრირებული. გარდა ამისა, გასული წლის დეკემბერში, 2025 წელს, მან მიმართა ლიცენზირების ორგანოებს იარაღის სატესტო სროლის მოთხოვნით, რადგან ნებართვის ვადა იწურებოდა. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მან ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგინა   შესაბამისი დოკუმენტები, განცხადება და სამედიცინო დასკვნა. ამჟამად ვიძიებთ, რა სამედიცინო საფუძველზე გაიცა ეს ნებართვა, შემდეგ  დაინიშნება ყველა გამოკვლევა, მათ შორის ფსიქიატრიული, იმის დასადგენად, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ეს პირი და რატომ ჩაიდინა დანაშაული“. - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

18 აპრილს უკრაინის დედაქალაქის ერთ-ერთ უბანში მდებარე სუპერმარკეტში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და მძევლები აიყვანა.

ჟურნალისტებთან საუბრისას კლიმენკომ განაცხადა, რომ შეიარაღებულმა პირმა ქუჩაში ოთხი გამვლელი დახოცა, სანამ სუპერმარკეტში შევიდოდა და მეხუთე ადამიანს მოკლავდა.

მერ ვიტალი კლიჩკოს თქმით, მეექვსე მსხვერპლი, ახალგაზრდა ქალი, მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში  გარდაიცვალა.

როგორც უკრაინის შინაგანა საქმეთა მინისტრი ამბობს, პოლიცია  შტურმამდე თავდამსხმელთან დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ცდილობდა მოლაპარაკებას.

პოლიციის სპეცდანიშნულების დანაყოფებმა ვერ შეძლეს შეირაღებული თავდამსხმელის გადარწმუნება. ამიტომ სუპერმარკეტი, რომელშიც თავდამსხმელი იმყოფებოდა, შტურმით აიღეს. პოლიციამ დამნაშევე, რომელიც მათ წინააღმდეგობას უწევდა,  შემთხვევის ადგილზე მოკლა.

დაკავშირებული ამბები
ორ პოლიციელს, რომლებიც კიევში სროლის დროს შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ, უფლებამოსილება შეუჩერდათ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საერთაშორისო „ოთხი თავისუფლების“ ჯილდო მიენიჭა