„კაცობრიობის სირცხვილი“, „სერტიფიცირებული იდიოტი“, „ფაშისტური ქმნილება“ — ამ და კიდევ ბევრი სხვა ღირსების შემლახავი ეპითეტებით მოიხსენია იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი კრემლის პროპაგანდისტმა ტელეწამყვანმა, ვლადიმერ სოლოვიოვმა, საკუთარი იუთუბ არხის პირდაპირ ეთერში, ჯერ იტალიურ, შემდეგ კი რუსულ ენაზე.
ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერის მტკიცებით, ევროპელი პოლიტიკოსი იტალიის მართვის სადავეებთან მოსვლისას სულ სხვა განცხადებებით გამოდიოდა, ახლა კი „დონალდ ტრამპსაც კი უღალატა“.
ვლადიმერ სოლოვიოვის შეურაცხმყოფელი შეფასებები რომს ყურადღების მიღმა არ დარჩენია. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიპლომატიურ უწყებაში რუსეთის ელჩი გამოიძახა.
„საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოვიძახე რუსეთის ელჩი ალექსეი პარამანოვი, რათა ოფიციალური პროტესტი გამოვხატო რუსული ტელევიზიის ეთერით წამყვან ვლადიმერ სოლოვიოვის მიერ გაკეთებული უკიდურესად და სერიოზულად შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის მისამართით, რომელსაც სოლიდარობას ვუცხადებ“, — დაწერა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ, პლატფორმა X-ზე.
ჯორჯა მელონისადმი კრიტიკულად განწყობილმა იტალიელმა ოპოზიციონერებმაც კი დაგმეს რუსი ტელეწამყვანის ნაციონალისტური, ქსენოფობიური და სხვა სახის დამამცირებელი სიტყვები თუ ფრაზები. მათი თქმით, მომხდარი უკიდურესად შემაშფოთებელი და მიუღებელია.
„რუსმა ტელეწამყვანმა, კრემლის პოზიციის გამხმოვანებელმა, გამოხატა მიუღებელი სექსისტური ბრალდებები ჯორჯა მელონის წინააღმდეგ. გვსურს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ რუსეთის რეჟიმს, რომ ისინი, ვინც შეურაცხყოფენ იტალიის ინსტიტუტების წარმომადგენლებს, ასევე შეურაცხყოფენ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს, რასაც არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ“, — განაცხადა იტალიის „დემოკრატიული პარტიის“ მდივანმა, ელი შლაინმა.
იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (Rai) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ბარბარა ფლორიდიამ, განაცხადა, რომ პირადი შეურაცხყოფები ვერ იქნება პოლიტიკური კრიტიკის კანონიერი ინსტრუმენტი. მისივე თქმით, რომი ვერ და არ გახდება რუსული პროპაგანდის მსხვერპლი.
დიპლომატიური კავშირები იტალიასა და რუსეთს შორის კვლავ დაძაბულია, რისი მიზეზიც უკრაინისადმი ჯორჯა მელონის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა გახდა.
რომი კიევთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროშიც თანამშრომლობს და მკაცრად გმობს რუსულ აგრესიას.
თავის მხრივ, კრემლს საკმაოდ ახლო კავშირები ჰქონდა იტალიის აწ გარდაცვლილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონისთან, რომელიც ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობრად ითვლებოდა, მოსკოვის სასარგებლო განცხადებებს აკეთებდა, მიიჩნევდა, რომ უკრაინაში ომის დაწყება „იძულებული ქმედება იყო“, ხოლო ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევდა.
ბოლო პერიოდში ჯორჯა მელონისადმი კრიტიკულად განეწყო აშშ-ის პრეზიდენტიც, მას შემდეგ, რაც მან რომის პაპი დაიცვა მისი მხრიდან გაკეთებული მკაცრი განცხადებების ფონზე. დონალდ ტრამპმა იტალიის პრემიერ-მინისტრზე საუბრისას თქვა, რომ „მისით იმედგაცრუებულია“.
თავის მხრივ, კრემლის პოლიტიკისადმი ლოიალურად განწყობილი ვლადიმერ სოლოვიოვის მხრიდან ევროპელი ლიდერების, სახელმწიფოებისა თუ ხალხისადმი შეურაცხმყოფელი განცხადებები არახალია.
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში მას დღისა და კვირის შემაჯამებელი გადაცემა აქვს, რომლის მეშვეობითაც, სტუდიაში მოწვეულ ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების მხარდამჭერ სხვა პირებთან ერთად, არაერთხელ აჟღერებს მოსკოვის სურვილს, სამხედრო აგრესია აწარმოოს „არამეგობრული ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ
