ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი კვლავ არ შედგა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის ორი კვირის წინ დაიდო, გახანგრძლივდა.
შეჩერებული მოლაპარაკებების ფონზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება, რათა დიპლომატიურ ძალისხმევას მეტი დრო მიეცეს.
როგორც იგი განმარტავს, გადაწყვეტილება მოლაპარაკებების პროცესში შუამავალი პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფისა და ფელდმარშალ ასიმ მუნირის თხოვნის შემდეგ იქნა მიღებული.
დონალდ ტრამპის თანახმად, ირანის მთავრობა „გახლეჩილია“ და ვაშინგტონი მოწინააღმდეგეზე თავდასხმებს იქამდე არ განაახლებს, ვიდრე თეირანში ერთიან წინადადებაზე არ ჩამოყალიბდებიან.
„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ირანის მთავრობა სერიოზულად არის გახლეჩილი, რაც არც ისე მოულოდნელია, და ფელდმარშალი ასიმ მუნირის, ასევე პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფის შემოთავაზების საფუძველზე, ჩვენ გვთხოვეს, ირანის წინააღმდეგ თავდასხმა შევაჩეროთ, სანამ მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ ჩამოაყალიბებენ. შესაბამისად, ჩვენს სამხედროებს დავავალე, გააგრძელონ ბლოკადა და ყველა სხვა მხრივ მზადყოფნაში დარჩნენ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ისინი საკუთარ წინადადებას არ წარმოადგენენ და მოლაპარაკებები არ დასრულდება — ერთი ან მეორე გზით“, — დაწერა დონალდ ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე.
მოგვიანებით შეჰბაზ შარიფმა დონალდ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებაზე თანხმობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს დიპლომატიურ პროცესს მისცემს გზას.
პაკისტანი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის მასპინძლობას ამ კვირაში გეგმავდა და აქტიურად ცდილობდა მხარეების დიალოგის გაგრძელებაზე დათანხმებას. ისლამაბადში კიდევ ერთხელ ჩასვლისა და მოლაპარაკებებისთვის მზად იყო ამერიკული მხარე, თუმცა ირანმა შეხვედრაზე უარი განაცხადა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ, სახელმწიფო მედიასთან განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ვაშინგტონთან მოლაპარაკებების გაგრძელების თაობაზე მიღებული არ არის. ეს მან ამერიკის შეერთებული შტატების, მისივე თქმით, „მიუღებელ ქმედებებს“ დაუკავშირა და ვაშინგტონის მიერ ირანული პორტების ბლოკადაზე მიანიშნა.
პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ განცხადებაში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანი ამ ბლოკადის გამო ყოველდღიურად დაახლოებით 500 მილიონ დოლარს კარგავს.
„ირანს ჰორმუზის სრუტის დაკეტვა არ სურს. მათ სურთ, რომ იგი ღია იყოს, რათა დღეში 500 მილიონი დოლარი გამოიმუშაონ (ეს იმას ნიშნავს, რომ როცა ის დაკეტილია, სწორედ ამ თანხას კარგავენ!). ისინი მხოლოდ ამბობენ, რომ სრუტის ჩაკეტვა სურთ, რადგან მე უკვე მთლიანად დავბლოკე (დავკეტე!) იგი. ასე რომ, უბრალოდ „სახის შენარჩუნებას“ ცდილობენ. რამდენიმე დღის წინ ჩემთან ადამიანები მოვიდნენ და მითხრეს: „ბატონო, ირანს სურს, დაუყოვნებლივ გახსნას სრუტე.“ მაგრამ თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, ირანთან შეთანხმება ვერასდროს შედგება — თუ, რა თქმა უნდა, ქვეყნის დანარჩენ ნაწილს არ გავანადგურებთ მათ ლიდერებთან ერთად“, — დაწერა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
ტრამპის მიერ ზავის გახანგრძლივების პარალელურად განცხადება გავრცელდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსიდანაც. სახელმწიფო მედიამ ეთერში ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბ-ბინის სპიკერის განცხადება წაიკითხა. იბრაჰიმ ზოლფაღარი დაიმუქრა, რომ ირანის წინააღმდეგ მოქმედების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი პასუხად „კიდევ უფრო მძიმე გაკვეთილს“ მიიღებენ.
„ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბ-ბინის სპიკერმა, დონალდ ტრამპისა და ამერიკის შეერთებული შტატების აგრესიული და ტერორისტული არმიის მეთაურების განმეორებითი მუქარების ფონზე, სრული მზადყოფნის ხაზგასმით განაცხადა: „აგრესიის ან ისლამური ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედების შემთხვევაში, ირანის შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ, მთელი ძალით დაარტყამენ წინასწარ განსაზღვრულ სამიზნეებს და აგრესორ ამერიკასა და ბავშვების მკვლელ სიონისტურ რეჟიმს კიდევ უფრო მძიმე გაკვეთილს ასწავლიან, ვიდრე ადრე“, — განაცხადეს ეთერში.
ომის გაურკვევლობამ, მიმდინარე მოლაპარაკებებმა და ჰორმუზის სრუტის დაკეტვამ მსოფლიო ბაზრები შეარყია. ვაშინგტონი ირანს ნავთობის გლობალური კრიზისის შექმნასა და მსოფლიო ეკონომიკის „მძევლად აყვანაში“ ადანაშაულებს. ირანი კი ამტკიცებს, რომ, ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელისა და მათი მოკავშირეების გარდა, ჰორმუზის სრუტე ყველასთვის ღიაა.
