კატეგორიები

ირანმა აშშ-სთან მოლაპარაკებისთვის ისლამაბადში დელეგაცია არ გაგზავნა

ირანმა აშშ-სთან მოლაპარაკებისთვის ისლამაბადში დელეგაცია არ გაგზავნა
Copyright AP
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადა იწურება და თუ რა მოხდება ორკვირიანი ზავის დასრულების შემდეგ, კვლავ უცნობია.

ირანი აცხადებს, რომ პაკისტანში, სადაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უნდა გაიმართოს, დელეგაცია ჯერ არ გაუგზავნია.

„ჯერჯერობით ირანიდან ისლამაბადში არანაირი დელეგაცია არ გამგზავრებულა“, — განაცხადა ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ და ცნობები, რომლებიც საპირისპიროზე მიანიშნებდა, უარყო.

თეირანი და ვაშინგტონი ერთმანეთს ზავის დარღვევაში ადანაშაულებენ. ცეცხლის შეწყვეტიდან ორკვირიანი ვადა ოთხშაბათს გადის. თუმცა მანამდე, საათებით ადრე, კვლავ გაურკვეველია, გაგრძელდება თუ არა ომი.

ამ თვის დასაწყისში პაკისტანში გამართული მოლაპარაკებები ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ყველაზე მაღალი დონის შეხვედრა იყო ისლამური რესპუბლიკის არსებობის განმავლობაში. ანალიტიკოსები ამას შეთანხმების მიღწევისთვის მზადყოფნის ნიშნად აფასებდნენ.

თუმცა ეს მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა. მას შემდეგ ირანმა ჰორმუზის სრუტე კვლავ დაკეტა, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანის პორტების ბლოკადა გამოაცხადა.

თეთრი სახლის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ისლამაბადში გამგზავრებისა და ვაშინგტონის დელეგაციის ხელმძღვანელობისთვის მზად იყო. ამ დელეგაციის წევრები, ისევე როგორც მოლაპარაკებების წინა, პირველი რაუნდის შემთხვევაში, ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერიც უნდა ყოფილიყვნენ.

მოლაპარაკებები ორშაბათს იყო ჩანიშნული, თუმცა მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ირანმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემის დაკავება იყო.

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებით, გემი ვაშინგტონის მიერ ირანული პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ცდილობდა.

ბლოკადა გასულ კვირას ამოქმედდა. ეს პასუხია ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაზე, რაც ომის დაწყების დღიდან გრძელდება და რამაც მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

ირანის განცხადებით, მისი პორტების საზღვაო ბლოკადა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაა. პრეზიდენტი ტრამპი კი აცხადებს, რომ ბლოკადა მანამ გაგრძელდება, ვიდრე ირანი ჰორმუზის სრუტეს მიმოსვლისთვის უპირობოდ არ გახსნის.

დაკავშირებული ამბები
ირანმა აშშ-სთან მოლაპარაკებისთვის ისლამაბადში დელეგაცია არ გაგზავნა თეირანი ვაშინგტონს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებს