უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა, განაცხადა, რომ უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არ დატოვებს. ხელისუფლებაში ოფიციალურად მოსვლის შემდეგ პეტერ მადიარი გეგმავს,
ქვეყნის სასამართლოდან გასვლის პროცესი შეაჩეროს, რაც იმას ნიშნავს, რომ უნგრეთს მოუწევს ყველა იმ პირის დაკავება, რომლებიც სასამართლოს მიერ არიან ძებნილი, მათ შორის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსი.
„ეს მე ისრაელის პრემიერ-მინისტრსაც მკაფიოდ ვუთხარი: ჩვენ სასამართლოში დაბრუნება არ დაგვჭირდება. ჩემმა კოლეგებმა ეს საკითხი საფუძვლიანად შეისწავლეს. შესაბამისად, ჯერ კიდევ შეგვიძლია სასამართლოდან გასვლის პროცესი შევაჩეროთ. „ტისას“ მტკიცე განზრახვაა, რომ ეს პროცესი 2 ივნისამდე შევაჩეროთ და უზრუნველვყოთ, რომ უნგრეთი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრად დარჩეს. ვფიქრობ, რომ როდესაც ქვეყანა არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრი და ჩვენს ტერიტორიაზე სასამართლოს მიერ ძებნილი პირი შემოვა, ეს პირი უნდა დავაკავოთ,“ - განაცხადა პეტერ მადიარა.
პეტერ მადიარმა და მისმა ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტია „ტისამ“ 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვეს, რითაც ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დაასრულეს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დატოვების გადაწყვეტილება სწორედ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ხელისუფლებამ 2025 წელს მიიღო. რადგან ის ნაწილობრივ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გაცემულ დაკავების ორდერს უკავშირდებოდა.
ვიქტორ ორბანის გადაწყვეტილება ძალაში 2026 წლის 2 ივნისს უნდა შესულიყო, რითაც უნგრეთი ევროკავშირის ერთადერთი წევრი სახელმწიფო იქნებოდა, რომელიც ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებდა. ახლა კი პარტია „ტისას“ პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიზანია, სასამართლოს დატოვების პროცესი 2 ივნისამდე შეაჩეროს.
სასამართლოში დარჩენის გადაწყვეტილების მიუხედავად, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავებას ითვალისწინებს, პეტერ მადიარმა 1956 წლის რევოლუციის 70 წლის აღსანიშნავად ყველა სახელმწიფოს ლიდერი წლის ბოლოს ბუდაპეშტში მიიწვია, მათ შორის ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.
პეტერ მადიარმა ასევე წარმოადგინა წინადადება ევროკავშირის იმ ფონდების განბლოკვის შესახებ, რომლებიც ევროკავშირმა უნგრეთს ვიქტორ ორბანის მმართველობისას შეუჩერა. პეტერ მადიარის განცხადებით, ბრიუსელის მიერ დაწესებული რამდენიმე პირობა შესაძლოა ხელახლა შეთანხმებას საჭიროებდეს, თუმცა გამოყო ის ოთხი ძირითადი მიმართულებაც, რომლებზეც, მისი თქმით, პროგრესის მიღწევაა შესაძლებელია, მათ შორისაა ანტიკორუფციული და მედიის თავისუფლების საკითხები.
