კატეგორიები

იტალია აზერბაიჯანთან ენერგოსფეროში თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავს

იტალია აზერბაიჯანთან ენერგოსფეროში თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავს
Copyright Copyright 2022 The Associated Press. All rights reserved
იტალიის ენერგობაზრის დივერსიფიცირების მიზნით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი უახლოეს მომავალში აზერბაიჯანში ჩასვლას გეგმავს.

მოსალოდნელია, რომ ვიზიტი შედგება მაისი-ივნისის პერიოდში და წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის ჩარჩო-შეთანხმების ნაწილს.

ენერგეტიკის სფერო ფართოდ განიხილება როგორც ბაქოსა და რომის ურთიერთობების ძირითადი ღერძი, რაზეც დაფუძნებულია მხარეთა დიპლომატიური და პოლიტიკური კავშირები. აზერბაიჯანი იტალიას ბუნებრივ აირს აწვდის ტრანს-ადრიატიკული მილსადენით, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს კასპიის ზღვასა და ევროპას.

მილსადენის მმართველი კომპანიის დირექტორის, ლუკა შიეპატის თქმით, კომერციული ექსპლუატაციის დაწყებიდან კომპანიამ იტალიას 47 მილიარდ 500 მილიონზე მეტი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა. მისივე განმარტებით, 2025 წელს ამ გზით შესაძლებელი გახდა იტალიის მთლიანი ენერგობაზრის 16%-ის დაკმაყოფილება.

აზერბაიჯანიდან იტალიისთვის მიწოდებული გაზი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ნაწილდება, რაც საშუალებას აძლევს მათ, მოიპოვონ კრიტიკულად აუცილებელი ენერგორესურსი სხვადასხვა ბაზრიდან.

ოპერატიული მონაცემების თანახმად, 2025 წელს ტრანს-ადრიატიკული მილსადენის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის, კერძოდ კი საბერძნეთში განთავსებული კომპრესორული სადგურის მოდერნიზებამ შესაძლებელი გახადა ბუნებრივი აირის უფრო მეტი — წლიურად დაახლოებით მილიარდ 200 მილიონი კუბური მეტრის ოდენობით — ტრანზიტი.

ევროპის სახელმწიფოები ენერგოდამოუკიდებლობასა და ამ მიმართულებით მიმწოდებლების დივერსიფიცირებაზე დაფიქრდნენ მას შემდეგ, რაც უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო, კრემლს კი, ექსპერტების შეფასებით, ენერგორესურსების, კერძოდ ბუნებრივი აირის სახით, ხელში სერიოზული კოზირი ეჭირა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაქო მოსკოვთან ჯერჯერობით ინარჩუნებს საკმაოდ ახლო კავშირებს, ბოლო წლების განმავლობაში მომხდარი არაერთი დიპლომატიური კონფლიქტის ფონზე, რუსულ მხარეს ამ ეტაპზე ოფიციალურ დონეზე არ გასჩენია პრეტენზია, რომ აზერბაიჯანი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის გაზის ერთ-ერთ ძირითად მიმწოდებლად იქცა.

დაკავშირებული ამბები
იტალია აზერბაიჯანთან ენერგოსფეროში თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავს თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე მოსკოვი ბაქოსთვის კომპენსაციის გადახდას დათანხმდა