კატეგორიები

ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის პროგნოზით, 2100 წლამდე ბლოკის ქვეყნების მოსახლეობა 11.7%-ით შემცირდება

ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის პროგნოზით, 2100 წლამდე ბლოკის ქვეყნების მოსახლეობა 11.7%-ით შემცირდება
ევროპაში შობადობა იკლებს და მოსახლეობა ბერდება. ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის უახლესი პროგნოზის თანახმად, ბლოკის მოსახლეობა 2025-დან 2100 წლამდე 11.7%-ით, ანუ 452 მილიონიდან 399 მილიონამდე შემცირდება. ეს პროგნოზი შესაძლო მიგრაციასაც მოიცავს.

მოსალოდნელი დემოგრაფიული ცვლილებები სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვნად განსხვავებულია. ზოგიერთ სახელმწიფოში 2100 წლისთვის მოსახლეობა გაიზრდება, ზოგშიც კლებაა მოსალოდნელი.

რომელი ქვეყნების მოსახლეობა შემცირდება ან გაიზრდება ყველაზე მეტად და რა განაპირობებს ამ განსხვავებებს — ეს მთავარი კითხვებია.

30 ევროპული ქვეყნიდან 12-ში მოსახლეობის ზრდას ელიან.

ლატვია (33.9%), ლიეტუვა (33.4%), პოლონეთი (31.6%) და საბერძნეთი (30.1%) ის ქვეყნებია, რომელთა მოსახლეობაც, პროგნოზის თანახმად, ყველაზე მეტად შემცირდება. თითოეულ ამ სახელმწიფოში მოსახლეობის კლების პროგნოზირებული მაჩვენებელი 30%-ს აღემატება. ეს კი ნიშნავს, რომ ამ სახელმწიფოებმა შესაძლოა მოსახლეობის თითქმის მესამედი დაკარგონ.

კლების მაჩვენებელი 20%-ზე მეტია ბულგარეთში (28%), ხორვატიაში (27%), სლოვაკეთში (26.7%), რუმინეთში (24.3%), იტალიასა (24%) და უნგრეთში (22.5%).

10%-დან 20%-მდე კლებაა მოსალოდნელი პორტუგალიაში (19.3%), ესტონეთში (19.1%), ჩეხეთში (11.5%), ფინეთში (10.7%), სლოვენიასა (10.6%) და გერმანიაში (10.6%).

რაც შეეხება ზრდას: Eurostat-ის პროგნოზით, სამი ევროპული ქვეყნის მოსახლეობა 25%-ზე მეტით გაიზრდება, თუმცა ეს ის ქვეყნებია, რომელთა მოსახლეობაც შედარებით მცირეა — ლუქსემბურგი (36.4%), ისლანდია (27.1%) და მალტა (26%).

მოსახლეობის ზრდას პროგნოზირებენ შვეიცარიაში (16.9%), ირლანდიაში (14.6%), ნორვეგიასა (11.8%) და შვედეთშიც (10%). ამ ქვეყნებში ზრდის მოსალოდნელი მაჩვენებელი 10%-ს აღემატება.

ვენის დემოგრაფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოადგილის, ტომას სობოდკას თანახმად, ეს განსხვავებები ძირითადად ძველ და მომავალში მოსალოდნელ მიგრაციის მაჩვენებლებს შორის განსხვავებებსა და ასაკობრივ სტრუქტურებს შორის სხვაობებს უკავშირდება.

„ქვეყნებს, სადაც ბოლო ათწლეულებში დაბალი შობადობა და ემიგრაცია იყო, უფრო ხანდაზმული მოსახლეობა ჰყავს, ნაკლებია ახალგაზრდებისა და რეპროდუქციული ასაკის ადამიანების რაოდენობა,“ — აღნიშნავს იგი.

ვენის დემოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევრის, ენ გუჟონის თქმით, განსხვავებების მთავარი მიზეზი ბუნებრივი მატების მაჩვენებლისა და წმინდა მიგრაციის ბალანსია.

„მიუხედავად იმისა, რომ შობადობა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში დაბალია, იმ ქვეყნებს, სადაც სტაბილური იმიგრაციაა, მოსახლეობის ზრდა 2050 წლის შემდეგაც შეუძლიათ. ხოლო დაბალი შობადობისა და მიგრაციის უარყოფითი სალდოს მქონე ქვეყნები კლებას განიცდიან“, — ამბობს ენ გუჟონი.

მაქს პლანკის დემოგრაფიული კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი, დმიტრი ჟდანოვი განმარტავს, რომ მოსახლეობის ცვლილებებს სამი მთავარი ფაქტორი განსაზღვრავს: სიკვდილიანობა, შობადობა და მიგრაცია.

მისი თქმით, შობადობის ამჟამინდელი დონე მოსახლეობის შენარჩუნებას ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ ბუნებრივი მატება მიგრაციის გარეშე შეუძლებელია. „მიგრაცია ერთადერთი ფაქტორია, რომელიც ევროპაში მოსახლეობის ზრდას უზრუნველყოფს,“ — ამბობს იგი.

ევროკავშირის ოთხ უდიდეს ეკონომიკას შორის მოსახლეობის ზრდა მოსალოდნელი მხოლოდ ესპანეთშია — თანაც დაახლოებით 1.3%-ით. საფრანგეთში მოსახლეობის 2.5%-ით კლებაა სავარაუდო, გერმანიაში — 10.6%-ით, იტალიაში კი — 24%-ით.

ტომას სობოდკას თქმით, ესპანეთში, მიუხედავად დაბალი შობადობისა, მაღალი იმიგრაცია ბოლო ათწლეულებში მოსახლეობის ზრდის მთავარი მიზეზია.

მისივე განმარტებით, საფრანგეთში მოსახლეობის სტაბილურობას ხელს შედარებით მაღალი შობადობა, ახალგაზრდა მოსახლეობა და ზომიერი იმიგრაცია უწყობს. იტალიაში კი შობადობის დაბალი დონე და მოსახლეობის დაბერება კლებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

დაკავშირებული ამბები
ორ პოლიციელს, რომლებიც კიევში სროლის დროს შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ, უფლებამოსილება შეუჩერდათ ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის პროგნოზით, 2100 წლამდე ბლოკის ქვეყნების მოსახლეობა 11.7%-ით შემცირდება