ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მოითხოვს, რომ ევროკავშირმა გააუქმოს ისრაელთან 1995 წელს გაფორმებული „ასოცირების შესახებ“ შეთანხმება.
წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ამომრჩევლებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე, ევროპული ქვეყნის ლიდერმა განაცხადა, რომ არაფერი აქვს მეგობარი ისრაელელი მოსახლეობისა და ხალხის საწინააღმდეგო, თუმცა მკაცრად გმობს მათი პოლიტიკური მმართველისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელისუფლების ქმედებებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან მიმართებით.
„ეს ომი, რომელიც კოლოსალური შეცდომაა, არამხოლოდ ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, არამედ ხელს უწყობს მთელ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მილიონობით ადამიანის მიგრაციასა და ტრილიონობით დოლარის ეკონომიკურ დანაკარგს, რაც ჩვენს ქვეყანაში რიგითი მოქალაქეების ჯიბეზე აისახება. ამიტომ მოვუწოდებ მათ, ვინც დაიწყო ეს ომი — შეაჩერეთ ის და წინ აღუდექით ნეთანიაჰუს. ამას გარდა, ესპანეთის მთავრობა ევროპას წარუდგენს წინადადებას იმის შესახებ, რომ ევროკავშირმა ისრაელთან გაწყვიტოს „ასოცირების შესახებ“ შეთანხმება.
ამას გავაკეთებთ არა იმიტომ, რომ წინააღმდეგი ვართ ისრაელელი ხალხის — პირიქით, ჩვენ კეთილგანწყობილი ვართ მათ მიმართ — არამედ იმიტომ, რომ არ ვეთანხმებით მათი ხელისუფლების ქმედებებს. ხელისუფლება კი, რომელიც საერთაშორისო სამართლის წესებს და, შესაბამისად, ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს არღვევს, ვერ იქნება ევროგაერთიანების წევრი. ეს ძალიან მარტივი და აშკარა საკითხია, სწორედ ამიტომ ველი ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერას“, — განაცხადა პედრო სანჩესმა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პოზიციას იზიარებს ირლანდიაც, რომელიც უერთდება პედრო სანჩესის მოთხოვნას, თელ-ავივის მხრიდან დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფის არგუმენტით.
ერთ აზრზეა ევრობლოკის წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობაც, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს ერთიანობა ამ საკითხის ირგვლივ. ბულგარეთი, ხორვატია, გერმანია, იტალია, უნგრეთი, ლიეტუვა, საბერძნეთი და კვიპროსი ეწინააღმდეგებიან ისრაელთან სავაჭრო კავშირების გაწყვეტას, რადგან ახლოაღმოსავლური ქვეყანა, ამ მხრივ, ევრობლოკის უმსხვილესი პარტნიორია, წლიურად 45 მილიარდი ევროს ოდენობის ბრუნვით.
მადრიდი მტკიცედ ინარჩუნებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და ირანში მიმდინარე ომის საწინააღმდეგო პოზიციას, რის გამოც ესპანეთს დიპლომატიური ურთიერთობები დაეძაბა როგორც ისრაელთან, ისე აშშ-სთან. დონალდ ტრამპმა ევროპული ქვეყანა მკაცრად გააკრიტიკა და მის ეკონომიკურ მაჩვენებლებს „კატასტროფული“ და „საცოდავი სანახაობა“ უწოდა.
თეთრი სახლის ლიდერის განაწყენების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა მადრიდის უარი, დაეთმო საკუთარი სამხედრო ბაზები ვაშინგტონისთვის ირანზე იერიშების მისატანად.
