კატეგორიები

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ირანის ომს ერაყის 2003 წლის ომზე „გაცილებით უარესი“ შედეგი ექნება

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ირანის ომს ერაყის 2003 წლის ომზე „გაცილებით უარესი“ შედეგი ექნება
Copyright AP Photo
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების პირველი დღიდან აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივ სამხედრო ოპერაციას კრიტიკულად აფასებს.

პედრო სანჩესი, მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ ირანში სცენარი ერაყისაზე გაცილებით უარესად განვითარდება, ხოლო უკანასკნელი რამ, რაც მსოფლიოს ახლა სჭირდებოდა — კიდევ ერთი ომია.

მისი თქმით, ერაყში 2003 წელს შეჭრით ვაშინგტონმა სამხედრო მიზნებს ვერ მიაღწია და მხოლოდ რიგითი მოქალაქეების ცხოვრება გააუარესა. დონალდ ტრამპს კი, პედრო სანჩესის შეფასებით, არ აქვს „ირანში კონკრეტული სამოქმედო სტრატეგია“.

„ეს არეულობა ირანში მალე უნდა დასრულდეს, ან ერაყის კოშმარი განმეორდება, თუმცა ამჯერად ბევრად უფრო ფართო მასშტაბით.

მსოფლიო, ევროპა და, მათ შორის, ესპანეთი დაიტანჯება მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგებით. ჰუმანიტარული კრიზისი და უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები კიდევ უფრო გამწვავდება, ვიდრე ჩვენ ეს 2003 წელს, ერაყის ომის დროს ვიწვნიეთ.

ჩვენ უარს ვამბობთ წარსულის შეცდომების გამეორებაზე. უარს ვამბობთ, სიხარბე და პოლიტიკური გათვლა შევფუთოთ, როგორც დემოკრატია. მოკლედ, ჩვენ უარს ვამბობთ ომზე.

რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია, არის უკრაინაში შეჭრის დაგმობა, როგორც ამას ესპანური საზოგადოების უმრავლესობა, ქვეყნის მთავრობა და საპარლამენტო ჯგუფების დიდი ნაწილი აკეთებს, და ამავდროულად ტაში დავუკრათ ირანზე თავდასხმებს.

ვერ მოვითხოვთ გრენლანდიის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, ვიდრე დუმილით ვხვდებით ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ღაზასა და ლიბანში.

მოვითხოვთ ამ ომის დასრულებას, რადგან უსამართლობაა, რომ ადამიანების ერთი ნაწილი ცეცხლს უკიდებს მსოფლიოს, დანარჩენებს კი ფერფლის ყლაპვა გვიწევს.

უსამართლოა, რომ ესპანელ ქალბატონებსა და მამაკაცებს და დანარჩენ ევროპასაც უწევთ საკუთარი ჯიბიდან გადაიხადონ გადასახადები ამ არალეგალური ომისთვის,“ — განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ევროპული ქვეყნის მთავრობის მეთაურს მანამდეც არაერთხელ გაუკრიტიკებია აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებები, თუმცა კატეგორიულად უარყოფდა ბრალდებებს, თითქოს ამ პოზიციით ესპანეთი ირანის ისლამურ მმართველობას უჭერს მხარს.

პედრო სანჩესის თქმით, ერთ ბოროტებასთან ბრძოლით არ უნდა გამართლდეს მეორე მხარის კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ უნდა დაირღვეს საერთაშორისო სამართლის ნორმები.

მადრიდმა უარი უთხრა ვაშინგტონს საკუთარი სამხედრო ბაზების გამოყენებაზე ირანზე დარტყმების განსახორციელებლად, რის გამოც დონალდ ტრამპმა ესპანური მხარე მწვავედ გააკრიტიკა და ეკონომიკური სანქციებით დაემუქრა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოკავშირეობა არ ნიშნავს პარტნიორებისადმი ბრმად მიყოლას და ყველაფერზე თანხმობას, როგორც ეს წარსულში იყო.

ამ კონტექსტში მან გაიხსენა მთავრობის ყოფილი მეთაურის, ხოსე მარია ასნარის პერიოდი, როდესაც მადრიდი ერაყის კონფლიქტში ჩაება მხოლოდ ექსპრემიერ-მინისტრის ეგოს გამო, რომელსაც სურდა საერთაშორისო მნიშვნელობის მოპოვება, თუმცა ამას ვერ მიაღწია.

დაკავშირებული ამბები
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ირანის ომს ერაყის 2003 წლის ომზე „გაცილებით უარესი“ შედეგი ექნება ესპანეთი აცხადებს, რომ მისი ბაზები ვერ იქნება გამოყენებული სამხედრო მიზნებისთვის