კატეგორიები

თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე მოსკოვი ბაქოსთვის კომპენსაციის გადახდას დათანხმდა

თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე მოსკოვი ბაქოსთვის კომპენსაციის გადახდას დათანხმდა
Copyright AP
2024 წლის დეკემბერში „აზერბაიჯანული ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე მოსკოვი ბაქოს კომპენსაციას გადაუხდის.

რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადების თანახმად, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა 2025 წლის 9 ოქტომბერს, ტაჯიკეთში შეხვედრისას, რომლის მიხედვითაც ყველა გადაუწყვეტელი საკითხი უნდა მოგვარდეს, ხოლო მოსკოვი იღებს ვალდებულებას, ზიანი აუნაზღაუროს ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს.

დიპლომატიური უწყებების ცნობით, ორმხრივი შეთანხმება „სამომავლოდაც ხელს შეუწყობს კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცებასა და ორი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების შესაბამისი თანამშრომლობის გაფართოებას“.

კავშირები კი ბაქოსა და მოსკოვს შორის მომხდარმა ტრაგედიამ უკიდურესად დაძაბა.

2024 წლის 25 დეკემბერს „აზერბაიჯანული ავიახაზების“ ბორტს ფრენისას, გროზნოს თავზე რუსული რაკეტა მოხვდა, რამაც ავიახომალდის მნიშვნელოვანი დაზიანება, შედეგად კი ყაზახეთის ქალაქ აკტაუს სიახლოვეს მისი ჩამოვარდნა გამოიწვია. დაიღუპა 38 პირი, სხვადასხვა სახის დაზიანება კი 29 ადამიანმა მიიღო.

თავდაპირველად კრემლი კატეგორიულად უარყოფდა ნებისმიერ მონაწილეობას მომხდარში და არც საფრენი აპარატის სროლას ადასტურებდა. ავიაკატასტროფას კი ფრინველებთან შეჯახებას უკავშირებდა, თუმცა ილჰამ ალიევის ხელისუფლება მკაცრად გმობდა ამ ნაბიჯს და სრულ პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებდა, მტკიცებულებებად კი წინასწარი გამოძიების შედეგებს წარმოადგენდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ჭურვით დაზიანებული ბორტის ეკიპაჟი მოითხოვდა რუსეთის უახლოეს აეროპორტში დაშვებას, რაზეც დისპეტჩერებისგან უარი მიიღო და იძულებული გახდა, გადაეკვეთა კასპიის ზღვა ყაზახეთის მიმართულებით.

ამ ინფორმაციამ აზერბაიჯანის ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად დაარწმუნა მოსკოვის ბრალეულობაში და ბაქომ რუსულ მხარეს მომხდარის აღიარებისა და დაუყოვნებლივი ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით აზერბაიჯანის მთავრობის მტკიცე პოზიციამ აიძულა ვლადიმერ პუტინი, ტრაგედიის გამო ბოდიში მოეხადა, თუმცა მან მაინც თავი შეიკავა სრულად პასუხისმგებლობის აღებისგან.

დაკავშირებული ამბები
თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე მოსკოვი ბაქოსთვის კომპენსაციის გადახდას დათანხმდა დაღესტანში გასულ უქმეებზე კოკისპირულ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა