რუსეთის სამხრეთის რესპუბლიკა დაღესტანში გასულ უქმეებზე კოკისპირულ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უამინდობის გამო 139 დასახლებას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
დაიტბორა ერთ-ერთი მთავარი გზატკეცილის მრავალი მონაკვეთი, რამაც მოძრაობის შეფერხებაც გამოიწვია.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონულმა სამსახურმა განაცხადა, რომ დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში წყალდიდობის შედეგად ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.
წინასწარი მონაცემებით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან მცხოვრებლები მანამდე გაიყვანეს ტერიტორიიდან.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, დატბორილია 1000-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა და 1100-ზე მეტი კერძო მიწის ნაკვეთი.
„ოცდაორი მცხოვრები გავიყვანეთ ტერიტორიიდან. მოეწყო დროებითი საცხოვრებელი, სადაც მათ ცხელი საკვებითა და ყველა საჭირო ნივთით უზრუნველყოფენ“. - აცხადებს დაღესტნის ოგნის რაიონის ხელმძღვანელი, ზამირ გაჯიმურადოვი.
მაჰაჩყალაში ქალაქის ქუჩების მონაკვეთები და პრიმორსკაიას ქვესადგურის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა, ეს ქვესადგური ელექტროენერგიით ამარაგებს რედუქტორნის დასახლებისა და პალმირის მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
დაღესტნის დერბენტის რაიონში კი წყალსაცავის კაშხლის ჩამონგრევის გამო ოთხ დასახლებაში 4 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ბოლო მონაცემებით, წყალდიდობას ახალგაზრდა ქალი და ბავშვი ემსხვერპლნენ.
კაიტაგის რაიონის სოფელ კირკიში ძლიერი წვიმების შედეგად მეწყერი ჩამოწვა. რაიონის ხელმძღვანელის ზაპირ გასანოვის თქმით, ერთი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
დაღესტნის მთიან და მთისძირის რეგიონებში ამინდის პირობები მკვეთრად გაუარესდა, რამაც მთებში წვიმა და თოვლი, ასევე მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვია.
