კატეგორიები

ჰორმუზის სრუტის განბლოკვის საკითხი დიპლომატიურ პროცესზეა დამოკიდებული

ჰორმუზის სრუტის განბლოკვის საკითხი  დიპლომატიურ პროცესზეა დამოკიდებული
ანალიტიკოსები, საერთაშორისო გადაზიდვების სფეროსა და ლოჯისტიკურ საკითხებზე მომუშავე პირები, MarineTraffic-ის ონლაინრუკას ყოველდღიურად აკვირდებიან, თუმცა იმავეს გაკეთება სახლიდან გაუსვლელად, პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი.

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის ბლოკირებიდან თვენახევარი გავიდა და ვითარების გამოსწორების პერსპექტივა ჯერ არ ჩანს, მიუხედავად მოლაპარაკებების გზით მარშრუტის გახსნის მცდელობისა.

სრუტე ჯერ ირანმა დაბლოკა, 13 აპრილს კი მისი ბლოკადის შესახებ აშშ-მა გამოაცხადა.

ვაშინგტონში კვლავ აცხადებენ, რომ ევროპელი მოკავშირეებით იმედგაცრუებულნი არიან, რადგან სწორედ ამ კონტინენტის ქვეყნები სარგებლობენ ამჟამად მკაცრი რეგულაციების ქვეშ მყოფი მარშრუტით და, ამერიკული მხარის მტკიცებით, მაინც ყველაზე ნაკლებს ან საერთოდ არაფერს აკეთებენ მისი განბლოკვისთვის.

„როგორც პრეზიდენტმაც აღნიშნა, ამ საზღვაო მარშრუტს ამერიკა ვაჭრობისთვის არც ისე აქტიურად იყენებს. ჩვენ არ ვართ დამოკიდებული სრუტიდან მომავალ ენერგიაზე, თუმცა აზია, ევროპა და დანარჩენი მსოფლიოს დიდი ნაწილი — კი. ამიტომ, შესანიშნავი რამ იქნებოდა, მათ დაეორგანიზებინათ კოლექტიური თავდაცვითი შესაძლებლობები და საფრთხისგან გაეწმინდათ სრუტე.

გვესმის და ვხედავთ საუბრებს ამის შესახებ, თუმცა, როდესაც გაისმა გასროლის ხმები და ეს ქვეყნები ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, ისინი არც სრუტეში ყოფილან და არც ჩვენ გვერდით. მათი ლიდერები არ იყენებდნენ სამხედრო-საზღვაო ძალებს. თუ ისინი ამის გაკეთებას მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვეტენ, რაც ცენტრალური სარდლობა შეასრულებს ძირითად სამუშაოს, მაშინ უნდა ვიცხოვროთ მსოფლიოში, სადაც სხვა ქვეყნებს შეეძლებათ საზღვაო მარშრუტების დაცვა დამოუკიდებლად და არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების გამოყენებით.

თუკი ეს დასრულდება, და გვჯერა, ასეც იქნება, მოხარულები ვიქნებით, სამომავლოდ სხვა ქვეყნებმაც მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში. მაგრამ ჩემი გზავნილი ჩვენი მოკავშირეებისა და დანარჩენი მსოფლიოსადმი ასეთია: არ შეიძლება ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც თქვენ უბრალოდ ამერიკის იმედად ხართ, რომელიც მუდმივად ასრულებს ძირითად სამუშაოს“, — განაცხადა პიტ ჰეგსეტმა, აშშ-ის ომის მდივანმა.

გერმანული ბეჭდური მედიის ცნობით, ბერლინმა, შესაძლოა, საზღვაო-სადაზვერვო მისიებისთვის ჯიბუტში განთავსებული ლოჯისტიკური ბაზა გამოიყენოს.

სპარსეთის ყურის სახელმწიფოების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კი ექსპერტები საკმაოდ მძიმედ აფასებენ. გარდა მასშტაბური ფინანსური დანაკარგებისა და უკიდურესად გაზრდილი ხარჯებისა, პირველ რიგში ნავთობის ფასების მატების გამო, ანალიტიკოსების თანახმად, არსებული მდგომარეობა უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხია მეზღვაურებისთვისაც.

„მეზღვაურთა მდგომარეობა ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, და საჭიროა ამის ხაზგასმა. ისინი საბრძოლო მოქმედებების ზონაში იმყოფებიან. ეს, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი. დისტანციურად ვიმყოფებით მათთან კავშირზე და შესაბამისი პირები უწევენ დახმარებას, მათ შორის ფსიქოლოგიურს“, — ამბობს ანალიტიკოსი ირინა ჰესლერი.

საერთაშორისო გადამზიდი კომპანიების წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილ გემებს შორის არიან ისეთი ხომალდებიც, რომლებმაც საწყისი წერტილიდან მოძრაობა დაიწყეს იანვრის ბოლოს ან თებერვლის პირველ კვირაში, მოგვიანებით კი მოულოდნელად აღმოჩნდნენ ბლოკადაში.

მათივე თქმით, დღითიდღე რთულდება ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება, რადგან ეს ყოველივე დაკავშირებულია წინასწარ გაუთვალისწინებელ ხარჯებთან.

„როგორც წესი, პროდუქტების მიწოდება ობიექტებისთვის ხდება მაშინ, როცა გემები პორტში იმყოფებიან. ამჟამად ეს შეუძლებელია, რადგან ხომალდები არა პორტში, არამედ ღია ზღვაში არიან.

ჩვენთვის არსებული მდგომარეობა ნიშნავს დამატებით ხარჯებს, რაც კვირაში დაახლოებით 60 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს ნავთობზე ფასების ზრდის გამო.

თუ შევხედავთ ბოლო ხუთ კვირას, მაშინ ეს ტონა საწვავზე საშუალოდ 400 დოლარით მეტია, კვირაში კი 100 000 ტონა გვჭირდება. მაშინ დაინახავთ, რომ მხოლოდ ეს ხარჯები შეადგენს 40 მილიონს. მკვეთრად გაიზარდა ხომალდების სადაზღვევო დანახარჯები და იმ კონტეინერების შენახვის საფასური, რომლებიც სპარსეთის ყურეში ვერ გადავიტანეთ და ახლა გვიწევს მათი გაჩერება ომანის, პაკისტანისა და ინდოეთის პორტებში“, — თქვა ნილს ჰაუპტმა, გადამზიდი კომპანიის Hapag Lloyd-ის წარმომადგენელმა.

მსოფლიო ახლა ელოდება, როგორ და რით დასრულდება აშშ-ირანის მოლაპარაკებები პაკისტანის შუამავლობით. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ჰორმუზის სრუტის გახსნის ბედიც.

დაკავშირებული ამბები
ჰორმუზის სრუტის განბლოკვის საკითხი დიპლომატიურ პროცესზეა დამოკიდებული FIFA-ს პრეზიდენტის განცხადებით, ირანი მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად ითამაშებს