კატეგორიები

ევროკავშირს სპარსეთის ყურის ქვეყნებთან თანამშრომლობას აღრმავებს

ევროკავშირს სპარსეთის ყურის ქვეყნებთან თანამშრომლობას აღრმავებს
Copyright AP
ევროკაშირის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ 16 აპრილს კატარში ვიზიტით ყურის რეგიონის ტურნე დაასრულა. რეგიონში ვიზიტის მიზანი კრიტიკულ მომენტში ადგილობრივ ლიდერებთან შეხვედრა და მდგრადი მშვიდობისა და ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის აღდგენის ხელშეწყობაა.

ანტონიუ კოშტას თქმით, მსოფლიო სახიფათო ეტაპზე გადადის და თუ ქვეყნები საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წესრიგს არ დაიცავენ, შეიქმნება ქაოსი, რომელსაც უკვე ვხედავთ უკრაინასა და ყურის რეგიონში.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთსა და კატარში გამართული შეხვედრების შემდეგ ანტონიუ კოშტამ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ყურის რეგიონისთვის საიმედო პარტნიორია, რომელიც მხარს უჭერს რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

ევრონიუსის კითხვაზე, მან აღნიშნა, რომ  ევროკავშირს ყურის ქვეყნებთან უფრო მჭიდრო და ძლიერი თანამშრომლობა სურს. ეს მან სხვა ლიდერებისგანაც მოისმინა.

„მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა ითანამაშრომლონ, როგორც თავად ევროკავშირმა და საბჭომ, ისე ინდივიდუალურად თითოეულმა ქვეყანამ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. რამდენიმე ქვეყანასთან უკვე ვმუშაობთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. სხვებთან პარტნიორობა გვაკავშირებს. მოლაპარაკებებს ყველასთან ვაწარმოებთ. ვფიქრობ, ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ამის მიღწევა“, - განაცხადა ანტონიუ კოშტამ.

ტრანზიტების შეფერხების ეკონომიკური გავლენა მთელ მსოფლიოში იგრძნობა, რაც დამატებით ზეწოლას ქმნის სწრაფი მოქმედებისთვის. მისივე განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტით შექმნილი იმპულსით ყველამ უნდა ისარგებლოს, თავად ევროპული ქვეყნები კი მზად არიან, რეგიონში უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველყონ.

„აუცილებელია, აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტით შექმნილი იმპულსი, რომელიც პაკისტანის შუამავლობით იქნა მიღწეული, ყველა მხარემ გამოიყენოს, რათა საერთაშორისო საზოგადოებაში ირანთან დაკავშირებით შექმნილი შეშფოთება უპასუხონ. ეს, რა თქმა უნდა, მოიცავს ბირთვულ პროგრამას, ასევე ბალისტიკური რაკეტების პროგრამასაც. ირანი ორ პროქსი ძალას უჭერს მხარს, რაც რეგიონში დესტაბილიზაციას იწვევს და საერთაშორისო საზღვაო გზებს ბლოკავს. ამ ომს უკვე ჰქონდა დამანგრეველი შედეგები, რომლებიც მთელ მსოფლიოში იგრძნობა და ეს დღითიდღე გაუარესდება, თუ ამ კონფლიქტის გადაწყვეტის გზები არ მოიძებნა. ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი გადაადგილების აღდგენა კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სასწრაფოა. ევროპა მზადაა, გემების უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფას შეუწყოს ხელი. ეს ქვეყნების იმ კოალიციის მიზანია, რომელსაც საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო მსოფლიო პარტნიორებთან ერთად აყალიბებენ“, - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა.

ევროკაშირის საბჭოს პრეზიდენტმა ასევე განაცახადა, რომ „ჰეზბოლა“ ლიბანში ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს და რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ლიბანის ხელისუფლების მცდელობას, დაჯგუფების სამხედრო საქმიანობა შეზღუდოს, რაც გრძელვადიანი სტაბილურობისთვის ერთადერთი გზა არის.

ანტონიუ კოშტამ დასძინა, რომ წლის ბოლოს დაგეგმილია ევროკავშირისა და ყურის ქვეყნების მეორე სამიტი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში გაიმართება. მან ყურის რეგიონიდან პარტნიორებს მიმართა, რომ მათ შეუძლიათ, ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ როგორც ახლა, ისე მომავალში.

დაკავშირებული ამბები
თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე მოსკოვი ბაქოსთვის კომპენსაციის გადახდას დათანხმდა ექსპერტებმა წყალმარჩხ ადგილას გაჭედილი კუზა ვეშაპის გადასარჩენად ახალი გეგმა შეიმუშავეს