კატეგორიები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპის შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპის შეხვდა
Copyright AP
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით პეკინში იმყოფება. იგი ჩინეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის  ჩინელ კოლეგა ვან ისს. მოგვიანებით იგი ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმაც მიიღო.

ორმხრივი მოლაპარაკებების პირველ დღეს სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების საფუძვლები სერიოზული გამოცდის წინაშე დგას. მისი თქმით, გლობალური დაძაბულობა იზრდება როგორც ლათინურ ამერიკაში, ისე ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე.

„დღეს საერთაშორისო ურთიერთობების საფუძვლები სერიოზული გამოცდის წინაშე დგას. ვნახეთ, რა მოხდა წლის დასაწყისში ლათინურ ამერიკაში, ვენესუელაში, და რა ხდება ახლა ახლო აღმოსავლეთში. დასავლეთის მცდელობა იყო,  უკრაინაში კრიზისი ხელოვნურად შეექმნა, რათა, როგორც თავად აცხადებდნენ, რუსეთის ფედერაციისთვის სტრატეგიული მარცხი მიეყენებინათ.

რაც შეეხება ევრაზიის კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილს, იქაც ძალიან საშიში პროცესები ვითარდება. როგორც ტაივანსა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. დაძაბულობა იზრდება კორეის ნახევარკუნძულზეც. ეს ის ადგილია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის სივრცედ მიიჩნეოდა“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

ვიზიტის მეორე დღეს სერგეი ლავროვი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. შეხვედრაზე ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ რთული და არასტაბილური საერთაშორისო ვითარების ფონზე, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების სტაბილურობას განსაკუთრებული  მნიშვნელობა აქვს.

„რთული და ერთმანეთზე დამოკიდებული საერთაშორისო ვითარების ფონზე ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების სტაბილურობა განსაკუთრებით ფასეულია. ჩინეთსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლობისა და მეგობრული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების აუცილებლობა და მისაბაძი მნიშვნელობა კიდევ უფრო ნათლად იკვეთება. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა სრულად უნდა შეასრულონ იმ მნიშვნელოვანი შეთანხმებების პირობები, რომლებიც მე და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მივაღწიეთ. მათ უნდა გააძლიერონ სტრატეგიული კომუნიკაცია და მჭიდრო დიპლომატიური კოორდინაცია და ჩინეთ-რუსეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ“, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა.

ოფიციალური ინფორმაციით, ლავროვის ორდღიანი ვიზიტის მთავარი მიზანი პეკინსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაა. მხარეები ასევე განიხილავენ რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომსა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას.

დაკავშირებული ამბები
თეირანი ვაშინგტონს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებს თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე მოსკოვი ბაქოსთვის კომპენსაციის გადახდას დათანხმდა