კატეგორიები

ირანში 2025 წელს სიკვდილით 1 639 ადამიანი დასაჯეს

ირანში 2025 წელს სიკვდილით 1 639 ადამიანი დასაჯეს
Copyright Euronews
ირანი მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილზეა დამნაშავეთა სიკვდილით დასჯის შემთხვევებით. ორი არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, 2025 წლის განმავლობაში 1639 ირანელი დასაჯეს სიკვდილით.

ნორვეგიაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის „ირანის ადამიანის უფლებები“ და საფრანგეთში მოქმედი ორგანიზაციის „ერთად სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ“ ერთობლივი წლიური ანგარიშის მიხედვით, ეს მხოლოდ დადასტურებული შემთხვევების რიცხვია, სინამდვილეში სიკვდილით დასჯილი მოქალაქეების რაოდენობა გაცილებით მეტია. იმისთვის, რომ კონკრეტული შემთხვევა სიკვდილით დასჯად ჩაითვალოს, არასამთავრობო ორგანიზაციები, ორ წყაროს ითხოვდნენ. შემთხვევების უმეტესობასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ირანის ხელისუფლებისა და მედიის მხრიდან ხელმისაწვდომი არ არის.

ანგარიშის თანახმად, მას შემდეგ რაც ორგანიზაცია „ირანის ადამიანის უფლებები“ სიკვდილით დასჯის შემთხვევების აღრიცხვა 2008 წელს დაიწყო, სწორედ 2025 წელს ყველაზე მეტ ადამიანს შეეფარდა სასჯელის უმაღლესი ფორმა. ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევები 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით 68% გაიზარდა.

ორგანიზაციის „ერთად სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, სიკვდილით დასჯის გაუქმების საკითხი აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე ნებისმიერი მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირანში ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს ომი, რომლის დროსაც ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეიც მოკლეს, ამ მხრივ ცვლილება არ ყოფილა. პირიქით, არასამთავრობო ორგანიზაციები შიშობენ, რომ თუ ისლამური რესპუბლიკა მიმდინარე კრიზისს გადაურჩება, სერიოზული რისკი არსებობს, რომ ირანის ხელისუფლება სიკვდილით დასჯას ჩაგვრისა და რეპრესიების ინსტრუმენტად გამოიყენებს. არასამთავრობო ორგანიზაციები მხარეებს ასევე მოუწოდებენ, მოლაპარაკებებისას ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა იყოს.

2026 წლის იანვარში გამართული საპროტესტო აქციების შედეგად, რომლებიც ხელისუფლებამ ძალადობრივი, რეპრესიული გზით ჩაახშო, ირანის სამართალდამცველებმა ათასობით ადამიანი დახოცეს, ათიათასობით დემონსტრანტი კი დააკავეს, რომელთაც მკაცრი სასჯელი, მათ შორის სიკვდილით დასჯაც ემუქრებათ. მიმდინარე ომის განმავლობაშიც ხელისუფლებამ  იანვრის პროტესტებში მონაწილე 7 ადამიანი ჩამოახჩო, ხოლო 26-ს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრების უმრავლესობა სიკვდილით ციხეებშივე დასაჯეს, წინა წელთან შედარებით საჯარო ჩამოხრჩობის რაოდენობა სამჯერაა გაზრდილი. ანგარიშის თანახმად, 2025 წელს ჯამში 11 ირანელი ჩამოახჩვეს საჯაროდ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, არსებობს 500-ზე მეტი შემთხვევა, რომლებიც ანგარიშში არ არის შეტანილი, რადგან მათი სანდო წყაროებით დადასტურება ვერ მოხერხდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ მონაცემების მოძიება განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა, რაც იანვრის პროტესტებისას და ომის დროს ირანის ხელისუფლებამ ქვეყანაში ინტერნეტი შეზღუდა.

დაკავშირებული ამბები
ირანში 2025 წელს სიკვდილით 1 639 ადამიანი დასაჯეს თეირანი მოჯთაბა ხამენეის განცხადებას ავრცელებს, დასავლური მედია კი მის უგონო მდგომარეობის შესახებ წერს