კატეგორიები

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ ირანს არ მისცემს მსოფლიოს დაშანტაჟების უფლებას

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ ირანს არ მისცემს მსოფლიოს დაშანტაჟების უფლებას
Copyright AP
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს არ მისცემს მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების დაშანტაჟების უფლებას. აშშ-ის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ თეირანი საკუთარ შანსს გამოიყენებს და შეთანხმების იმ პირობებს დათანხმდება, რომლებსაც ვაშინგტონი თვეებია აყენებს.

მისი მტკიცებით, „შესაბამისმა და საჭირო პირებმა დაურეკეს, რომლებსაც ძალიან სურთ შეთანხმების გაფორმება“.

„ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი. ბევრ რამეზე შევთანხმდით, თუმცა ისინი ამას არ დათანხმდნენ და ვფიქრობ, ახლა დათანხმდებიან. ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ. სინამდვილეში კი დარწმუნებული ვარ იმაში, რომ, თუ ისინი არ დათანხმდებიან ამ პირობებს, შეთანხმება არასდროს იქნება. ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი და ბირთვულ მტვერს დავიბრუნებთ — ან მათგან დავიბრუნებთ, ან ჩვენით ავიღებთ“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ ამერიკულმა მხარემ 13 აპრილიდან დაიწყო ირანული პორტების სამხედრო-საზღვაო ბლოკადა. შეზღუდვა ეხება ნებისმიერ გემს, რომელიც ირანის ნავსადგურებთან მიმოსვლას შეეცდება. დაშვებული იქნება მხოლოდ ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით გამავალი გემები.

„უფლებას არ მივცემთ რომელიმე სახელმწიფოს, დააშანტაჟოს ან გამოსძალოს ფული მთელ მსოფლიოს. სწორედ ამას აკეთებენ ისინი — ნამდვილად აშანტაჟებენ მსოფლიოს. ამის საშუალებას მათ არ მივცემთ.

ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ამ სრუტეს. ამის გჯერათ? არ გვჭირდება სრუტე. საკუთარი ნავთობი და ბუნებრივი აირი გვაქვს — იმაზე მეტიც, ვიდრე საჭიროა. ბევრად მეტი ნავთობი და გაზი გვაქვს, ვიდრე საუდის არაბეთსა და რუსეთს ერთად. მომდევნო წელს ორჯერ მეტი გვექნება. ამიტომ სრუტე ჩვენ არ გვჭირდება, მაგრამ სჭირდება მსოფლიოს“, — თქვა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტს ამჯერად არ უთქვამს, კვლავ ძალაშია თუ არა მისი 6 აპრილის მუქარა ირანში „მთელი ცივილიზაციის განადგურების“ შესახებ, თუმცა განაცხადა, რომ მიუღწეველი შეთანხმება თეირანისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება.

ამავდროულად, ირანული მხარე აცხადებს, რომ მოლაპარაკებებისთვისაც მზად არის და შეთანხმების გაფორმებისთვისაც, თუმცა, მათივე განმარტებით, ვაშინგტონის ზოგიერთი მოთხოვნა უკანონო და საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამოა.

„მოლაპარაკებებში მონაწილეობისას ვიყენებდით ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების მხრივ. ვთვლით, რომ, თუ ისინი თავს დაანებებენ უკანონო მოთხოვნებს და აღიარებენ ჩვენს კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, მოლაპარაკებები წარმატებული იქნება.

ცივილიზაციები ვერ დაიხოცებიან. ჩვენს ცივილიზაციას ღრმად აქვს გადგმული ფესვები ისტორიაში. იცით, ჩვენ ისტორიული წარსული გვაქვს. სამწუხაროდ, ამერიკა უკანონო და ამორალურ პოზიციას ინარჩუნებს“, — განაცხადა ირანის ელჩმა ინდოეთში, ასევე თეირანის სპეციალურმა წარმომადგენელმა, მოჰამად ფატალიმ.

პაკისტანში უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-სა და ირანს შორის აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ განახლებულა, თუმცა სამხედრო ობიექტების ნაცვლად, ვაშინგტონის სამიზნედ არამხოლოდ თეირანისთვის, არამედ მსოფლიოსთვის ერთ-ერთი საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკური მარშრუტი იქცა. ჰორმუზის სრუტის ბლოკადა განსაკუთრებულ ტვირთად აწვება თითქმის ყველა ქვეყანას, რადგან ნედლეულზე ფასების ზრდა გლობალურად აისახება.

დაკავშირებული ამბები
არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ესპანეთის ლიდერებმა ჩინეთში შეხვედრები გამართეს ირანში 2025 წელს სიკვდილით 1 639 ადამიანი დასაჯეს