კატეგორიები

კრემლი სააღდგომო ზავს დათანხმდა

კრემლი სააღდგომო ზავს დათანხმდა
Copyright AP Photo
რუსეთის პრეზიდენტმა სააღდგომო ზავზე თანხმობა განაცხადა. ის შაბათს, 11 აპრილს, 16:00-ზე დაიწყება და მომდევნო დღის ბოლომდე გასტანს, რა დროსაც მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრს, ანდრეი ბელოუსოვსა და გენშტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს უკვე დაევალათ, ამ პერიოდში საომარი მოქმედებები ყველა მიმართულებით შეაჩერონ. ამასთან, კრემლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„შეიარაღებულ ძალებს ევალებათ იყვნენ მზადყოფნაში, რათა უპასუხონ მოწინააღმდეგის შესაძლო პროვოკაციებსა და ნებისმიერ მის აგრესიულ ქმედებას. ამოვდივართ იქიდან, რომ უკრაინული მხარე მიბაძავს რუსეთის ფედერაციის მაგალითს“.

თუმცა რუსეთის ფედერაციას სააღდგომო ზავისკენ კვირაზე მეტია თავად უკრაინა მოუწოდებდა. ინიციატივა სწორედ ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეკუთვნოდა. ის აღნიშნავდა, რომ სარკისებურად უპასუხებდა რუსეთის ქმედებას და კრემლის საბოლოო თანხმობის პასუხადაც იგივე გაიმეორა.

 

 

„უკრაინას არაერთხელ უთქვამს, რომ მზად ვართ სიმეტრიული ნაბიჯებისთვის. ჩვენ წლევანდელ სააღდგომო დღესასწაულებზე ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებით გამოვდიოდით და შესაბამისად ვიმოქმედებთ. ადამიანებს სჭირდებათ საფრთხეებისგან თავისუფალი აღდგომა და რეალური მოძრაობა მშვიდობის მიმართულებით, და რუსეთს აქვს შანსი, არ მიუბრუნდეს იერიშებს, მათ შორის აღდგომის შემდეგაც“, — წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

კიევში თვლიან, რომ რუსეთის მიზანი ახლა ნებისმიერი ძალებით აპრილის ბოლომდე პოკროვსკში წინსვლაა, თუმცა საამისო ძალები არ შესწევს. რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე იერიშები ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიური გახადა, რასაც არაერთ რეგიონში მოჰყვა მსხვერპლი. დღეს გამთენიისას თავდასხმა იყო ხერსონზე; დასახლებაში ხანდაზმული ქალი დაშავდა. 50-მდე უკრაინული დრონის მოგერიების შესახებ იუწყება როსტოვის ოლქი, რუსეთში. იგივე მიზეზით ქვეყანას რამდენიმე აეროპორტის დროებით დახურვა კვლავ მოუხდა.

ცნობილია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში დაღუპული სამხედროების ცხედრების გაცვლა მოხდა — მოსკოვმა კიევს 1000 ცხედარი გადასცა, ხოლო კიევისგან 41 მიიღო.

 

დაკავშირებული ამბები
კრემლი სააღდგომო ზავს დათანხმდა კიევის ცაში უკრაინელმა მოხალისეებმა ათასობით ღამურა გაუშვეს