ისრაელი ლიბანთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს, პარალელურად კი მოსახლეობას ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე იერიშების გაგრძელების შესახებ აფრთხილებს.
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტს უკვე დაავალა ლიბანთან მოლაპარაკებების დაწყება, რომლის მთავარი მიზანია „ჰეზბოლას“ განიარაღება და ორ ქვეყანას შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარება. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ლიბანის მხრიდან არაერთი მიმართვის შემდეგ იქნა მიღებული.
„ძვირფასო ჩრდილოეთის მცხოვრებლებო, ვამაყობ თქვენით. თქვენ კვლავ ინარჩუნებთ სიმტკიცეს. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ განვაგრძობთ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ძლიერი იერიშების მიტანას და არ შევჩერდებით, სანამ თქვენს უსაფრთხოებას არ აღვადგენთ. ჩვენი მნიშვნელოვანი მიღწევები როგორც ირანში, ისე ამ „ბოროტების ღერძის“ წინააღმდეგ, ისტორიული მნიშვნელობისაა, ამან გამოიწვია ცვლილებები ჩვენს ურთიერთობებში იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ადრე სხვა დამოკიდებულება გვქონდა.
ლიბანის მთავრობამ არაერთხელ მოგვმართა, დაგვეწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები. ამიტომ გუშინ ღამით მინისტრთა კაბინეტს დავავალე პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება ლიბანთან ორი მიზნის მისაღწევად: ეს მიზნებია: „ჰეზბოლას“ განიარაღება და ისრაელსა და ლიბანს შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება. ისრაელი დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, ირანი კი უფრო სუსტი, ვიდრე აქამდე ყოფილა. მე უკვე მივაღწიე ოთხ სამშვიდობო შეთანხმებას არაბულ სახელმწიფოებთან და ვაპირებ კიდევ მეტის მიღწევას. ნამდვილი მშვიდობა ძალის მეშვეობით მიიღწევა“ - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის სამხედროებმა ბეირუთის სამხრეთ რაიონებში მცხოვრებლებს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია, რადგან იგეგმება „ჰეზბოლას“ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები. ისრაელის არმიის განცხადებით, ოპერაციები მიზნად ისახავს მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე იერიშებს და არა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას.
„ბოლო იერიშების შედეგად ლიბანში 200-ზე მეტი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული. ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს, მისი ირანელი მხარდამჭერები, რომლებიც შეშფოთებული არიან, გვემუქრებიან. მათ ეშინიათ, რომ ისრაელი „ჰეზბოლას“ სრულად გაანადგურებს.
ისრაელის თავდაცვის ძალები მზადყოფნაში არიან, იმოქმედონ სრული ძალით, თუ ირანი ისრაელის მიმართულებით ცეცხლს გახსნის“ - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ძალების მიერ ბეირუთზე მიტანილ იერიშს 203 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასზე მეტი კი დაშავდა, რაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს.
ამავე დროს, განგაშის სირენების ხმა ისმოდა ჩრდილოეთ ისრაელში მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ რეგიონს რაკეტებით დაესხმებოდა თავს. ადგილობრივი მოსახლეობა თავშესაფრებში გადავიდა.
ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) მთელი ქვეყნის მასშტაბით მოუწოდებენ მოქალაქეებს, იყვნენ მზადყოფნაში უახლოეს საათებში მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმებისათვის და მკაცრად მიჰყვნენ შიდა ფრონტის სარდლობის მითითებებს.
