ახლო აღმოსავლეთში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დაძაბული საათები ფსონების პლატფორმა Polymarket-ზე ახლად რეგისტრირებული მომხმარებლების ჯგუფმა სათავისოდ გამოიყენა.
მიაღწევდნენ თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ირანი და აშშ 7 აპრილს — ამ საკითხის ირგვლივ დონალდ ტრამპის სახალხო მიმართვამდე რამდენიმე საათით ადრე დადებულმა ფსონებმა ზოგიერთ მათგანს ასობით ათასი აშშ დოლარის გამომუშავება შეაძლებინა, განსაკუთრებით მათ, ვისაც თეთრი სახლის ლიდერის უმკაცრესი რიტორიკისა და განცხადებების მიუხედავად, სჯეროდა, რომ საბრძოლო მოქმედებები მეტად არ გამწვავდებოდა.
პლატფორმა Polymarket-ის ე.წ. „ბლოკჩეინის“, ანუ დეცენტრალიზებული, დამოუკიდებლად მართვადი მონაცემთა ბაზის მქონე ვირტუალური ჯაჭვის მონაცემების მიხედვით, იმავე დღეს რეგისტრირებულ მომხმარებელთა ნაწილმა საკმაოდ მაღალი რაოდენობის ფსონები განათავსა — საუბარია სულ მცირე 70 000 აშშ დოლარზე.
იმ ფონზე, როდესაც მათმა უმრავლესობამ მაღალი შემოსავალი მიიღო, ზოგიერთი კვლავ ელოდება საკუთარი ანგარიშების შევსებას, რადგან პლატფორმა Polymarket-მა სადავოდ მიიჩნია ირანსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.
ამ განცხადების გაკეთების საფუძველს კი კომპანიას აძლევდა ის გარემოება, რომ მიუხედავად შედარებითი დეესკალაციისა, თეირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტიდან გამავალ ხომალდებზე შეზღუდვა, ფაქტობრივად, არ მოხსნილა, ხოლო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სარაკეტო დარტყმები მაინც გაგრძელდა.
პლატფორმა Polymarket-ზე საჯაროდ შეუძლებელია იმის გადამოწმება, ვინ აკონტროლებს ამა თუ იმ ვირტუალურ საფულეს, რადგან ვებგვერდი იყენებს სმარტ-კონტრაქტებზე დაფუძნებულ ე.წ. „პროქსი-საფულეებს“, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ მომხმარებელს რამდენიმე ანგარიშის შექმნა შეუძლია.
ახლო აღმოსავლეთის ომთან დაკავშირებით ფსონების განთავსებამ აშშ-ში პოლიტიკური შეფასებები გამოიწვია. „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ბლეიქ მურმა, ფსონების განმათავსებელი ბაზრების რეგულირების კანონპროექტი წარადგინა.
მისი განცხადებით, მეტად სავარაუდოა, რომ ამ მომხმარებლების მიღმა იმალებიან ის ადამიანები, ვინც შიდა კონფიდენციალურ ინფორმაციას ფლობენ ბევრად ადრე, ვიდრე საზოგადოება, რის გამოც ისინი გეოპოლიტიკურ მდგომარეობას გამდიდრებისთვის იყენებენ.
