აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნასაც ითვალისწინებდა, სრუტე სრულად გახსნილი ჯერ კიდევ არ არის. მსოფლიო მასშტაბით კი არსებობს კითხვები თუ რამდენად შეძლებენ სატვირთო გემები სრუტის გავლას.
ირანული მხარე ამტკიცებს, რომ შეთანხმების ფარგლებში ირანს უფლება აქვს ნებისმიერ სატვირთო გემს, რომელსაც სრუტეში გასვლა სურს გადასახადი დაუწესოს. ასობით გემი სრუტეში გავლის ნებართვას ირანისგან კლავ ელოდება. ვაჭრობის მონაცემებისა და ანალიტიკური პლატფორმა Kpler-ის ცნობით, ცეცხლის ორკვირიან შეწყვეტის პირველ დღეს, ჰორმუზის სრუტეში მხოლოდ ოთხმა გემმა გაიარა.
ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ომამდე არსებულ სტატუს კვოს არ დაუბრუნდება. მისივე განცხადებით სრუტე ირანის სამხედროებისა და სხვა ირანული უსაფრთხოების სტრუქტურების კონტროლის ქვეშ დარჩება.
„კონსტიტუციის მიხედვით, ყველა ხელშეკრულება, შეთანხმება და პროტოკოლი უნდა დამტკიცდეს ისლამური საკონსულტაციო ასამბლეის მიერ. რაც ახლა ამ გეგმაში აუცილებელია და რასაც განსაკუთრებულად უნდა გავუსვათ ხაზი, არის ის, რომ: ჰორმუზის სრუტე არ დაუბრუნდება ომამდე არსებულ სისტემას. ჩვენ ეს მკაფიოდ განვაცხადეთ, ამ კანონის დამტკიცების შემდეგ ჰორმუზის სრუტე საბოლოოდ გადავა შეიარაღებული ძალებისა და სხვა უსაფრთხოების სტრუქტურების სრული კონტროლის ქვეშ. მიუხედავად ამისა, ვახსენებ ირანის ისლამური რესპუბლიკის პატივცემულ მოსახლეობას, რომ ახლაც ჰორმუზის სრუტეში ყველა გადაადგილება, მოძრაობა და მიმოსვლა ჩვენი შეიარაღებული ძალების მკაცრი, ზუსტი და გაანგარიშებული კონტროლის ქვეშ არის“, - განაცხადა პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის ხელმძღვანელმა, ებრაჰიმ აზიზიმ.
ირანის ამ პოზიციას კი აშშ-ში და ევროპაში არ ემხრობიან. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მიდგომას აკრიტიკებს და ამბობს, ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა. ევროპელ ლიდერებს კი სჯერათ, რომ ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ დაწესებულ ნებისმიერ გადასახადს არაპროგნოზირებადი ეკონომიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს, შესაბამისად სრუტეში თავისუფალი გადაადგილება უნდა აღდგეს, როგორც ეს 28 თებერვლამდე ომის დაწყებამდე იყო.
