კატეგორიები

ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ II-ის ასობით ტანსაცმელი და ნივთია გამოფენილი

ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ II-ის ასობით ტანსაცმელი და ნივთია გამოფენილი
Copyright Euronews
ბუკინგემის სასახლეში მოდის ახალი გამოფენის ფარგლებში დედოფალ ელისაბედ II-ის ასობით ტანსაცმელია წარმოდგენილი.

გამოფენა, სახელწოდებით „დედოფალი ელისაბედ II: მისი ცხოვრება და სტილი“ საზოგადოებისთვის 10 აპრილს, გარდაცვლილი დედოფლის 100 წლის იუბილემდე ცოტა ხნით ადრე გაიხსნება,.

გამოფენაზე ექსპონატების გარკვეული ნაწილი პირველად არის წარმოდგენილი ფართო საზოგადოების წინაშე.

„სტილმა, რომელიც დედოფალმა ელისაბედ II-მ შექმნა, ამა თუ იმ გზით უდიდესი გავლენა იქონია. ადამიანები მის სხვადასხვა ელემენტს იყენებენ და სხვა რამედ აქცევენ. ვიმედოვნებთ, რომ ეს არქივი, რომელსაც ჩვენს აუდიტორიას ვუზიარებთ, დატოვებს კვალს, და მას დიდი ხნის განმავლობაში ექნება გავლენა, უბრალოდ იმიტომ, რომ ის ჰგავს კაფსულას დროისა, რომელიც ბრიტანული მოდის ისტორიას ინახავს. ვგულისმობ მე-20 საუკუნეს  იმედი მაქვს, რომ ეს მომავალი დიზაინერებისთვის შთაგონების წყარო იქნება”. - აცხადებს სამეფო კოლექციების ტრასტის კურატორი, კაროლინ დე გიტო.

კოლექციაში შედის, როგორც დედოფლის ბავშვობისდროინდელი, ისე საქორწილო კაბები. დამთვალიერებელი ნახავს იმ სამოსსაც, რომელიც ელისაბედ II-ს კორონაციის დროს ეცვა.

გამოფენაზე წარმოდგენილია 10 ათწლეულის განმავლობაში გამოყენებული დაახლოებით 200 ნივთი.

„განსაკუთრებით მომწონს ფერიების სამოსი. ეს არის პატარა ყვითელი კაბა, რომელიც ტიულისგან არის დამზადებული ზურგზე პატარა ოქროსფერი ფრთებით. უბრალოდ ძალიან საყვარელია, წარმოუდგენლად საყვარელი. დღესაც შეგიძლიათ, ნახოთ, როგორ იცვამენ მსგავს ტანისამოსს და მას კი ეს სამი ან ოთხი წლის ასაკში ეცვა. დედამისმა ის Smith and Co-ში უყიდა, შემდეგ მის დასაც ეცვა. ეს  ოჯახური მემკვიდრეობაა, მაგრამ ასევე აჩვენებს მას, როგორც პიროვნებას.  ისიც იყო ბავშვი, პატარა გოგონა, თან ძალიან საყვარელი. შემდეგ კი გაიზარდა იმ შესანიშნავ ქალად, რომელსაც ასე თბილად ვიხსენებთ“. - აცხადებს რესტავრატორი, სესილია ოლივერი.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ნათლობის სამოსი, რომელიც სამეფო ოჯახის 62 ბავშვს ეცვა, მათ შორის დედოფალ ელისაბედ II-ს და რომლითაც პირველად 1841 წელს დედოფალ ვიქტორიას უფროსი ქალიშვილი, პრინცესა ვიქტორია შემოსეს.

„ნივთების უმეტესობას რესტავრაცია არ დასჭირვებია. არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც აბრეშუმი დაზიანდა. აბრეშუმი დროთა განმავლობაში იცვითება და იშლება; ეს ბუნებრივია. თუმცა, იყო სამი კაბა და სამივე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი: ერთი იყო საქორწილო, მეორე - ნათლობის, მესამე კი -კორონაციის. ასე რომ, სამ ძალიან მნიშვნელოვან ნივთს დიდი შრომა დასჭირდა, თუმცა ნამდვილად იმსახურებდა ამ შრომას.“- აცხადებს რესტავრატორი, სესილია ოლივერი.

გამოფენა, რომელიც ბუკინგემის სასახლის მეფის გალერეაში იმართება, მიმდინარე წლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

დაკავშირებული ამბები
კოლოსეუმის რესტავრაცია დასრულდა ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ II-ის ასობით ტანსაცმელი და ნივთია გამოფენილი