2026 წლის კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი, „ოქროს პალმის რტო“, რუმინელი კინორეჟისორის კრისტიან მუნჯიუს ფილმს „ფიორდს“ მიენიჭა. ფესტივალის მთავარ კონკურსზე ჯამში ოცდაორი ფილმი იყო წარდგენილი. ფილმის რეჟისორისთვის კრისტიან მუნჯიუსთვის ეს უკვე მეორე „ოქროს პალმის რტოა“.
ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს მორწმუნე რუმინულ ოჯახზე, რომელიც ნორვეგიაში გადასახლდება და რომელსაც სკანდინავიურ ბავშვთა აღზრდისა და განათლების ჰუმანურ სისტემასთან შეგუება უჭირს. ფილმში მთავარ როლებს რენატე რეინსვე და სებასტიან სტენი ასრულებენ.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ეს მხოლოდ გასართობი ფილმი არ არის, თუმცა რაღაც თვალსაზრისით არის კიდეც. იმედი მაქვს, რომ ადამიანურია. ვფიქრობ, ეს ფილმი ადამიანებს დააფიქრებს სხვებთან დიალოგის აუცილებლობაზე და უფრო მეტ ეჭვს გაუჩენს მათ, ვინც დარწმუნებულია, რომ თავად არიან მართლები და ყველა სხვა ცდება. იცით, დროდადრო კარგია საკუთარი ღირებულებების გადაფასება და იმის გააზრება, რომ სამყაროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად მხოლოდ ერთი გამოსავალი არ არსებობს“, - ამბობს ფილმის რეჟისორი, კრისტიან მუნჯიუ.
კინოფესტივალის გრან-პრი რუსი რეჟისორის ანდრეი ზვიაგინცევის ფილმმა „მინოტავრი“ დაიმსახურა. ჟიურის პრიზი კი გერმანელ რეჟისორს ვალესკა გრიზებახს ერგო ფილმისთვის „ოცნების თავგადასავალი“.
კანის 79-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო ერთდროულად 3-მა რეჟისორმა მიიღო. ნომინაციაში გაიმარჯვეს პაველ პავლიკოვსკიმ ფილმისთვის „სამშობლო“ და რეჟისორულმა დუეტმა ხავიერ კალვომ და ხავიერ ამბროსიმ ფილმისთვის „შავი ბუშტი“.
