ასობით ღამურა, რომელთაგან ბევრი ომით განადგურებული ტერიტორიებიდან გამოიყვანეს, უკრაინელმა მოხალისეებმა კიევის ცაში გაუშვეს. ღონისძიებაზე ღამით 1000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.
„თუ აქ შეკრებილ ადამიანებს კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების გარდა, სამხედროებიც არიან. ეს მათი ფეხსაცმლითა და თვალებითაც ჩანს. ომის მიუხედავად, ცხოვრება გრძელდება. ახლა მთავარი ომია, მაგრამ სხვა რამეც ხომ უნდა არსებობდეს“, - აცხადებს კიევის მკვიდრი, ალექსეი ბელიაევი.
უკრაინაში მობინადრე ღამურას 28-ვე სახეობას კანონი იცავს. უკრაინის ღამურების რეაბილიტაციის ცენტრი მთელ უკრაინაში მუშაობს. მისი მისიაა ქვეყნის ღამურების დაცვა, გადარჩენა და კვლევა. ყველა ღამურა მოქალაქეების შემოყვანილია და არა ველური ბუნებიდან აყვანილი.
„ომმა ღამურები ისევე დააზარალა, როგორც ადამიანები. როგორც შენობები ნადგურდება, რომლებშიც ადამიანები ცხოვრობენ, ისე ნადგურდება საცხოვრებელი ღამურებისთვისაც. ვგულისხმობ იმას, რომ ის ადგილები, რომლებიც მათთვის მრავალი წლის განმავლობაში ზამთრის თავშესაფარი იყო, აღარ არსებობს. შესაბამისად, მათ ახლის ძიება უწევთ. ამის გამო ზოგიერთი ღამურა შეიძლება მოკვდეს კიდეც, რადგან ისინი დიდ ენერგიას ხარჯავენ ახალი ადგილის ძებნაში“, - აცხადებს უკრაინის ღამურების რეაბილიტაციის ცენტრის მოხალისე, ანასტასია ვოვკი.
წლების განმავლობაში მიმდინარე ომის შემდეგ ბევრს ამ მომენტმა გარკვეული შვებაც აგრძნობინა.
„ვფიქრობ, რომ ომის დროსაც საჭიროა ცხოველებზე, გარემოზე ზრუნვა. ეს ძალიან კარგი ინიციატივაა, რადგან ის ეხმარება ცხოველებს, რომლებიც ცუდ მდგომარეობაში არიან, მოხალისეები ზრუნავენ მათზე. აქ ხალხი მოვიდა გარემოსთან ურთიერთობისთვის. ისინი აქ დიდხანს სეირნობდნენ. ახლა ღამურები გაუშვეს. ეს ომის დროს ისეთი პატარა ბედნიერებაა, რომელიც არავის ავნებს, განსაკუთრებით ბავშვებს,. - ამბობს კიევის მკვიდრი, ანასტასია ვაშეკა.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. ასევე უნდა ვიზრუნოთ ცხოველებზე, ბუნებაზე. ესეც ცხოვრების ნაწილია. შეიძლება მცირედს, მაგრამ მაინც სიხარულს გგვრის, რომ კიდევ ერთი სიცოცხლე გადარჩა, რომ ეს ღამურა გადარჩა. მან ფეხი მოიტეხა, მაგრამ მოხალისეები დაეხმარნენ, გამოკვებეს, გაათავისუფლეს. ის ისევ აგრძელებს ცხოვრებას,. - აცხადებს კიევის მცხოვრები, მარტა ჰულევსკა.
ეს პატარა სიხარულია ომით დატანჯულ ქვეყანაში.
