კატეგორიები

ისრაელის მასირებულ იერიშებს ლიბანზე სულ მცირე 182 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ისრაელის მასირებულ იერიშებს ლიბანზე სულ მცირე 182 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
Copyright AP
აშშ-მ და ირანმა   ცეცხლის შეწყვეტის შესახებ  შეთანხმებას მიაღწიეს. ისრაელმა ამჯერად ბეირუთის  ცენტრალურ უბნებში საცხოვრებელ და კომერციულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანა მასშტაბური საჰაერო იერიში, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

ლიბანის ხელისუფლების ინფორმაციით, იერიშებს 182 ადამიანის სიცოცხლე  ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა. ეს დღე კი ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღედ შეფასდა ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის მიმდინარე კონფლიქტში.

დილიდან მაშველები ბეირუთის სხვადასხვა უბანში ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ.

ჰასან ჰიჯაზი, რომელიც დაბომბილ ტალეთ ელ-ხაიათის უბანში ცხოვრობს, ამბობს, რომ მსხვერპლის უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა:

„ისრაელმა იმ შენობას დაარტყა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ეს დანაშაულია, რომელიც მუდმივად მეორდება. აქ უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ. ყოველ ჯერზე ამბობენ, რომ კონკრეტულ სამიზნეებს ურტყამენ, თუმცა რეალურად აქ მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები  და ბავშვები არიან“ - ამბობს ბეირუთში მცხოვრები ჰასან ჰიჯაზი.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანთან მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას იცავენ, თუმცა მზად არიან ნებისმიერ დროს საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის. ლიბანში კი სამხედრო ოპერაციებს სრული ძალით აგრძელებენ.

„სამიზნეების უმეტესობა, რომლებზეც ლიბანში იერიში მივიტანეთ, განზრახ იყო განთავსებული სამოქალაქო მოსახლეობის ცენტრში. წლების განმავლობაში „ჰეზბოლას“ მებრძოლებმა სამხრეთ ლიბანის სოფლები ტერორის სოფლებად აქციეს და მათი განადგურება გამოიწვიეს. ახლა ისინი კვლავ იმალებიან ლიბანის მოსახლეობის უკან და მათ ცოცხალ ფარად იყენებენ. ჩვენ გავაგრძელებთ მათზე იერიშს და დევნას ყველგან. ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ისრაელის მოქალაქეები. ლიბანში ოპერაციებს დიდი ძალით ვაგრძელებთ, როგორც ეს დღეს და ბოლო საათებში ვაჩვენეთ. იერიშებს გავაგრძელებთ, რათა აღმოვფხვრათ ნებისმიერი საფრთხე ისრაელის მოქალაქეებისთვის. ეს არის ჩვენი ერთადერთი ვალდებულება. და თუ საჭირო გახდება ირანზე იერიშის განახლება, ამასაც გავაკეთებთ“ - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა ეფი დეფრინმა.

ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ქვეყანა ისევ პანიკამ მოიცვა.  ისრაელის სამხედროების განცხადებით, განხორციელდა მიმდინარე ომის ყველაზე მასშტაბური კოორდინირებული იერიში, რომლის დროსაც სულ რაღაც 10 წუთში დაბომბეს „ჰეზბოლას“ 100-ზე მეტი ობიექტი ბეირუთში, სამხრეთ ლიბანსა და ბექაას ხეობაში.

დაკავშირებული ამბები
ისრაელის მასირებულ იერიშებს ლიბანზე სულ მცირე 182 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ისრაელმა ლიბანზე მასშტაბური იერიში მიიტანა