კატეგორიები

რუსულმა ძალებმა ხერსონისა და დნიპროპეტროვსკის ოლქებზე იერიშები მიიტანეს

რუსულმა ძალებმა ხერსონისა და დნიპროპეტროვსკის ოლქებზე იერიშები მიიტანეს
Copyright AP
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უკრაინის ხერსონის რეგიონში რუსული ძალების ინტენსიური თავდასხმების შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიბომბა ხერსონის კორაბელნის რაიონი, სადაც სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.

ხერსონის რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრ პროკუდინმა, განაცხადა, რომ თავდასხმა დაახლოებით 30 წუთი გაგრძელდა. რუსეთის სამიზნე საცხოვრებელი შენობები იყო. დაზიანდა მაღაზია, აფთიაქი და მრავალსართულიანი შენობების ბინები.

რუსულმა ძალებმა ასევე ავიაიერიშები მიიტანეს სოფელ სტეპანივკაზე, სადაც ოთხი მშვიდოაბიანი მოქალაქე დაშავდა და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

სოფლის ცენტრში სამი ბომბი ჩამოვარდა, რის შედეგადაც სკოლის შენობა დაინგრა, საავადმყოფო და მიმდებარე სახლები კი დაზიანდა.

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ნიკოპოლში კი რუსული დრონი ავტობუსს გაჩერებასთან მიახლოებისას შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე, 15 დაშავდა.

„სამოქალაქო  ტრანსპორტზე ეს სასტიკი თავდასხმა პიკის საათებში მოხდა, როდესაც ხალხი სამსახურში მიდიოდა“, - განცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ. მისი თქმით, ეს არ არის შემთხვევითობა, ეს რუსული ტაქტიკაა, მშვიდობიან მოსახლეობაზე განზრახ თავდასხმა.

დნიპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორმა, ოლექსანდრ განჟამ, განაცხადა, რომ მეორე ავტობუსზეც განხორციელდა დრონით თავდასხმა, რომლის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

ბოლო დროს დნიპროპეტროვსკის სამოქალაქო, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რუსული დრონებით თავდასხმები სულ უფრო ხშირდება.

დნიპროპეტროვსკის ოლქში სხვა ადგილასაც მიიტანეს იერიში, დაიღუპა 11 წლის ბიჭი, დაშავდა ხუთი ადამიანი.

თავდასხმები მაინც გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ  უკრაინამ რუსეთს შესთავაზა, აღდგომის დღესასწაულის დროს ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე არ მიეტანათ იერიში.

უკრაინამ რუსეთს თავდასხმების დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებული წინადადება რუსეთს შეერთებული შტატების მეშვეობით წარუდგინა. როგორც ცნობილია, აშშ მოსკოვისა და კიევის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებს შუამავლობს.

მოსკოვს ამ შეთავაზებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

დაკავშირებული ამბები
რუსულმა ძალებმა ხერსონისა და დნიპროპეტროვსკის ოლქებზე იერიშები მიიტანეს რუსეთის იერიშს ოდესაზე სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა