კატეგორიები

მსოფლიო ლიდერები სამშვიდობო ზავს პოზიტიურ ნაბიჯად აფასებენ

მსოფლიო ლიდერები სამშვიდობო ზავს პოზიტიურ ნაბიჯად აფასებენ
Copyright AP
ირანსა და აშშ-ს შორის გამოცხადებულ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას საერთაშორისო შეფასებები მოჰყვა. მსოფლიო ლიდერები მიღწეულ შეთანხმებას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ ეს გადაწყვეტილება კონფლიქტის დეესკალაციასა და ფართომასშტაბიანი დაპირისპირების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.

ამასთან, გაურკვეველია, ზავი რეალურად ამოქმედდა თუ არა და შეძლებს თუ არა ეს  შეთანხმება მშვიდობის უზრუნველყოფას. შეთანხმების გამოცხადებიდან მალევე გავრცელდა ცნობები ახალი თავდასხმების შესახებ. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანული სარაკეტო იერიში დაადასტურა, ქუვეითმა კი დრონებზე რეაგირება დაიწყო. ირანმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შესახებ განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ირანთან მიღწეულ ორკვირიან ზავს მიესალმება და აცხადებს, რომ ის ბირთვულ და ბალისტიკურ პროგრამებზე მოლაპარაკებების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს. თუმცა, მიუხედავად დიპლომატიური პროგრესისა, რეგიონში ვითარება კვლავ დაძაბულია, მხარეებს შორის პოზიციები კი - განსხვავებული.

„ჩვენ ვიკრიბებით ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოზე ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე შეთანხმება ადგილზე სრულდება და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დღეებსა და კვირებში იგი სრულად იქნება დაცული მთელ რეგიონში, რაც მოლაპარაკებების დაწყების საშუალებას მისცემს. ეს მოლაპარაკებები, რომელთა საჭიროებაზეც საფრანგეთი 2018 წლიდან საუბრობს, მიზნად ისახავს ირანთან დაკავშირებული ბირთვული, ბალისტიკური და რეგიონული საკითხების მოგვარებას.

ჩვენ ამას კონფლიქტის დაწყებიდან თითქმის 40 დღის განმავლობაში ვამბობდით. სწორედ მოლაპარაკებების გზით შეიძლება უზრუნველვყოთ სტაბილურობისთვის საჭირო უსაფრთხოების გარანტიები მთელ რეგიონში. ამიტომაც ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება ძალიან კარგი ნაბიჯია”- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი კრისტოფერ ლაქსონი ახლო აღმოსავლეთში მიღწეულ ორკვირიან ზავს პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ ქვეყანა მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რომლებიც კონფლიქტის დასრულებას შეუწყობს ხელს. თუმცა შეთანხმების დეტალები კვლავ გაურკვეველია და რეგიონში დაძაბულობა სრულად არ განელებულა.

„ბოლო ექვსი კვირის მოვლენები უკიდურესად დესტაბილიზაციის მომტანი და მსოფლიოსთვის სერიოზულად შემაშფოთებელი იყო. ყველას გვინდა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი დასრულდეს, რადგან მას გავლენა აქვს ყველა ქვეყანაზე, მათ შორის ახალ ზელანდიაზეც. ამიტომ დადებითია, რომ დღეს ვხედავთ ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას და ჰორმუზის სრუტის პოტენციურ გახსნას. თუმცა, როგორც ამ კონფლიქტის ყველა სხვა შემთხვევაში, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერ ნაადრევია კონკრეტულ დეტალებზე საუბარი, მაგრამ ზავის პერსპექტივას ვაფასებთ, რადგან ახალი ზელანდია მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც ამ კონფლიქტის დასრულებას ემსახურება“ - განაცხადა   ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა კრისტოფერ ლაქსონმა.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზე ახლო აღმოსავლეთში მიღწეულ ორკვირიან ზავს პოზიტიურ სიახლეს უწოდებს და იმედოვნებს, რომ ის კონფლიქტის დეესკალაციასა და საბოლოო დასრულებას შეუწყობს ხელს. თუმცა მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვეთრი რიტორიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები შეშფოთებას იწვევს.

„ეს პოზიტიური სიახლეა. უკვე  დროა, დეესკალაციისკენ იყოს ნაბიჯები გადადგმული. ირანში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესაძლებლობაზე გაკეთებული განცხადება უკიდურესად საგანგაშო იყო. ამასთან, ესკალაციისა და ირანის შესაძლო პასუხის შემთხვევაში მსოფლიო ეკონომიკაზე კიდევ უფრო მძიმე გავლენა იქნებოდა. უკვე ვხედავთ, რომ ამ ომს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს სხვა ნაწილში მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ავსტრალიის მოქალაქეებზე, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ ნებისმიერი კონფლიქტი უნდა მიმდინარეობდეს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს, რომ სამოქალაქო პირები, რომლებიც კონფლიქტის მონაწილეები არ არიან, მაქსიმალურად დაცული იყვნენ“ - განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზმა.

საუდის არაბეთმა დადებითად შეაფასა აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ჰორმუზის სრუტის შეუზღუდავად გახსნისკენ მოუწოდა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარს უჭერს ძალისხმევას, რომელიც რეგიონში მრავალწლიანი არასტაბილურობისა და უსაფრთხოების გამოწვევების გადაჭრას ისახავს მიზნად. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ჰორმუზის სრუტე საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე უნდა ფუნქციონირებდეს.

ირანი ომის დასრულების წინაპირობად აშშ-ის ძალების გაყვანას, სანქციების მოხსნასა და აქტივების დაბრუნებას ითხოვს, რაც დასავლეთისთვის მიუღებელია. პაკისტანის ინფორმაციით, სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა პარასკევს დაიწყოს.

ისრაელმა ზავს მხარი დაუჭირა, თუმცა აღნიშნა, რომ შეთანხმება „ჰეზბოლასთან“ ბრძოლას არ ეხება და სამხედრო ოპერაციები მათ წინააღმდეგ გაგრძელდება.

დაკავშირებული ამბები
მსოფლიო ლიდერები სამშვიდობო ზავს პოზიტიურ ნაბიჯად აფასებენ ისრაელმა ლიბანზე მასშტაბური იერიში მიიტანა