ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის. ისრაელმა ქალაქის სხვადასხვა ნაწილზე მიიტანა საჰაერო იერიშები.
ისრაელელი სამხედროების განცხადებით, მიმდინარე ომის განმავლობაში ეს ყველაზე მასშტაბური კოორდინირებული ოპერაციაა. მათ სულ რაღაც 10 წუთში მიიტანეს იერიში „ჰეზბოლას“ 100-ზე მეტ სამიზნეზე როგორც ბეირუთში, ისე სამხრეთ ლიბანში.
მათივე ინფორმაციით, ისრაელის სამიზნეებს შორის იყო ლიბანის სარაკეტო გამშვები დანადგარები, მართვის ცენტრები და სადაზვერვო ინფრასტრუქტურა. ისრაელის მხარე ამტკიცებს, რომ აღნიშნული ობიექტების დიდი ნაწილი სამოქალაქო ტერიტორიებზე იყო განთავსებული.
ისრაელმა ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ დროებით შეთანხმებას, თუმცა განმარტავს, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ ვრცელდება ლიბანში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებზე „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ.
ბეირუთსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში ვითარება დაძაბულია. საერთაშორისო საზოგადოება მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს, თუმცა კონფლიქტის გაფართოების რისკი ამ ეტაპზე კვლავაც მაღალია.
