კატეგორიები

აშშ და ირანი ცეცხლის ორკვირიან შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

აშშ და ირანი ცეცხლის ორკვირიან შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
Copyright AP
შეერთებული შტატები და ირანი ცეცხლის ორკვირიან შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანისთვის დაწესებული ვადის ამოწურვამდე ერთი საათით ადრე მიაღწიეს.

დონალდ ტრამპი საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტას იმ პირობით დასთანხმდა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეს გახსნიდა. შედეგად აშშ-მ ირანში ხიდებსა და ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიში აღარ მიიტანა. დონალდ ტრამპი გასული დღეების განმავლობაში ირანს აფრთხილებდა, რომ თუ თეირანი შეთანხმებას ვერ მიაღწევდა, მთელი ცივილიზაცია დაიღუპებოდა. შეთანხმების მიღწევის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ მედიაში წერს.

„ვესაუბრე პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფსა და ფელდმარშალ ასიმ მუნირს. მათ მთხოვეს, რომ ირანის მიმართულებით დამანგრეველი იერიშები იმ პირობით შემეჩერებინა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა ჰორმუზის სრუტეს სრულად, დაუყოვნებლივ და უსაფრთხოდ გახსნიდა.  მე დავთანხმდი, ირანის დაბომბვა და თავდასხმა ორი კვირით შევაჩერო. ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა! ამის მიზეზი ისაა, რომ ყველა დასახულ სამხედრო მიზანს უკვე მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ. ძალიან წინ მივიწევთ საბოლოო შეთანხმებისკენ, რომელიც ეხება ირანსა და ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას., - წერს დონალდ ტრამპი.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში დონალდ ტრამპი წერს, რომ ეს შეიძლება ახლო აღმოსავლეთში ოქროს ხანის დადგომის წინაპირობაც კი იყოს.

„დღეს მსოფლიო მშვიდობისთვის დიდი დღეა! ირანს ეს უნდა. საკმარისად ბევრი რამ გამოიარეს. ასეა ყველასთვის. ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მოძრაობის განტვირთვას. ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგმება! დიდი ფული გაკეთდება. ირანს შეუძლია, დაიწყოს აღდგენის პროცესი. ჩვენ რეგიონს სხვადასხვა სახის რესურსით მოვამარაგებთ და უბრალოდ ადგილზე ვიქნებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგად წარიმართება. დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. როგორც ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაფასებთ, ეს, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანა იყოს! ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდა და რომ მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან ისლამაბადში პარასკევს დაიწყებს”, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ განაცხადა, რომ ის ცეცხლის ორკვირიან შეწყვეტას დასთანხმდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტე გაიხსნება, გადაადგილება ირანის სამხედროების კონტროლის ფარგლებში იქნება დაშვებული.  საბჭოს განცხადება ირანის სახელმწიფო მაუწყებელმა გაავრცელა.

„სანამ ამ გამარჯვების დეტალები საბოლოოდ არ განისაზღვრება, ოფიციალური პირებს მართებთ გამძლეობა, უნდა გაგრძელდეს გონივრული მართვა, საჭიროა ირანელი ხალხის ერთიანობისა და სოლიდარობის შენარჩუნება. თუ ირანის წინააღმდეგ შეტევები შეწყდება, ირანის შეიარაღებული ძალებიც შეაჩერებენ თავიანთ თავდაცვით მოქმედებებს. ორი კვირის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილება შესაძლებელი იქნება ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით. ეს მოლაპარაკებები ამერიკულ მხარესთან, სრული უნდობლობის პირობებში, პარასკევს, 10 აპრილს, ისლამაბადში დაიწყება. ირანი ამ მოლაპარაკებებს ორ კვირას დაუთმობს. ორივე მხარის შეთანხმების შემთხვევაში ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ირანმა აშშ-ის ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა. გეგმის სპარსულ ვერსიაში ირანის ბირთვული პროგრამის ფარგლებში ურანის გამდიდრების შესახებაც წერია, თუმცა ინგლისურ ვერსია ეს მონაკვეთი ამოღებულია.

თავდაპირველად აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანის მიერ წარმოდგენილი 10-პუნქტიანი გეგმა კარგი სამუშაო საფუძველი იყო, თუმცა მოგვიანებით მას თაღლითური უწოდა. აშშ-ისთვის ირანის ბირთვული პროგრამის სრულად შეწყვეტა ომის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.

ირანი ასევე ითხოვს რეგიონიდან აშშ-ის საბრძოლო ძალების გაყვანას, სანქციების მოხსნასა და გაყინული აქტივების კვლავ გამოყენებას. ირანის გეგმის თანახმად, ირანსა და ომანს ჰორმუზის სრუტეში გამავალი გემებისთვის გადასახადის დაწესება შეეძლებათ. მას შემდეგ, რაც მხარეები ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდნენ, ნავთობის ფასები 17%-ზე მეტით დაეცა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შეუერთდა ისრაელიც. თუმცა, ამის მიუხედავად, ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. შეთანხმების დადებასთან ერთად, საჰაერო იერიშები მიიტანეს როგორც ირანსა და ისრაელზე, ისე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზეც.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მხოლოდ ირანს ეხება. აქ არ იგულისხმება ლიბანი, სადაც ისრაელი დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წევრებს ებრძვის.

 

დაკავშირებული ამბები
არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ესპანეთის ლიდერებმა ჩინეთში შეხვედრები გამართეს ირანში 2025 წელს სიკვდილით 1 639 ადამიანი დასაჯეს