ვიდრე დასავლური მედიის ნაწილი აცხადებს, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი უგონო მდგომარეობაშია და შიიტების წმინდა ქალაქ ყუმში მკურნალობს, თეირანის სახელმწიფო მაუწყებელი მისი განცხადებას ავრცელებს.
ამჯერადაც ტელეეკრანებზე მოჯთაბა ხამენეის ფოტოსურათი გამოჩნდა და მორიგი სიტყვაც სამძიმარს უკავშირდება.
ახალ აიათოლად დანიშნული ხამენეი ტერორისტულ ქმედებად აფასებს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (სეპაჰ) სადაზვერვო სამსახურის გენერლის, მაჯიდ ხადემის, ლიკვიდაციას, რომელიც, თელ‑ავივის ვერსიით, 6 აპრილს თეირანზე განხორციელებულ დარტყმებს ემსხვერპლა.
„ამერიკულ‑სიონისტურმა მტერმა, რომელმაც მორიგ ჯერზე მარცხი განიცადა ბოროტულ გეგმებში, ერისთვის თავსმოხვეულ ომში, სასტიკად მოკლა ქვეყნის დაზვერვისა და უსაფრთხოების აპარატის ერთ-ერთი ლიდერი.
გენერალ სეიდ მაჯიდ ხადემი, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში გულწრფელი ძალისხმევა გამოიჩინა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, დაზვერვისა და თავდაცვის სფეროებში, ახლა მოწამეობრივად განისვენა.
ისლამურ ირანსა და შეიარაღებულ ძალებში მისი გზა სამართლიანობისა და ჭეშმარიტებისათვის იმდენად მტკიცე გახდა, რომ ტერორსა და დანაშაულს არ შეუძლია შეარყიოს მათი ჯიჰადისტური იდეალები.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელობას, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ერთდროულად ვუსამძიმრებ და ღრმა მწუხარებას ვუცხადებ ამ მართალი და მშვიდი გენერლის მოწამეობრივ სიკვდილზე. ალაჰს ვთხოვ, მისი სული ამაღლდეს“, — ნათქვამია ირანის სახელმწიფო მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც, მათი ცნობით, მოჯთაბა ხამენეის ეკუთვნის.
ვაშინგტონისა და თელ‑ავივის ცნობით, ლიკვიდირებული გენერალი, რომელიც რამდენიმე სახელმწიფომ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა, პასუხს აგებს ომის დანაშაულებზე. წლის დასაწყისში ირანში გამართული მასშტაბური დემონსტრაციების ძალადობრივად ჩახშობის გამო ის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაასანქცირა.
ირანის უზენაესი ლიდერის შესახებ ინფორმაცია კვლავ მწირია. აშშ‑ისა და ისრაელის მიერ დაწყებული ერთობლივი სამხედრო ოპერაციის შემდეგ ის საჯაროდ არც ერთხელ გამოჩენილა და მხოლოდ სახელმწიფო მაუწყებლის ეთერში, დიქტორის მიერ წაკითხული განცხადებებით შემოიფარგლა, თუმცა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ მისი შემცვლელის — მოჯთაბა ხამენეის — მიმართ თეირანის ქუჩებში ათასზე მეტი მხარდამჭერი გამოვიდა.
თავდაპირველი ცნობით, მოჯთაბა ხამენეი სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს; ახლა კი მისი მდგომარეობისა და მკურნალობის შესახებ ინფორმაცია გამოცემა The Times‑ს ეკუთვნის, რისი დადასტურებაც დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა ჯერჯერობით ვერ შეძლეს.
