კატეგორიები

ისრაელის თავდასხმას თეირანზე 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ისრაელის თავდასხმას თეირანზე 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
Copyright Reuters
ირანში ვითარება კვლავ დაძაბულია. ისრაელმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონზე მიიტანა იერიში.

ირანის ადგილობრივი მედიის მიერ გარცელებულ კადრებში ჩანს  დაზიანებული შენობები და ნანგრევები. სამაშველო ჯგუფები კვლავ ეძებენ გადარჩენილებს.

ისრაელმა იერიში მიიტანა ირანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ ობიექტზე,  სამხრეთ ფარსის ბუნებრივი აირის საბადოზე მდებარე ნავთობქიმიურ ქარხანაზე. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად  დაიღუპა „ისლამური რევოლუციის გვარდიის“ ორი მაღალი რანგის მეთაური.

ირანის ხელისუფლების ცნობით, თეირანის სამხრეთ-დასავლეთით, ისრაელის საჰაერო იერიშს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამავდროულად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ვიდეოკადრები, რომლებიც, მათი განცხადებით, თეირანის აეროპორტში სამხედრო ვერტმფრენებზე მიტანილ ავიაიერიშს ასახავს.

ისრაელის სამხედრო უწყების ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო ძალებმა ღამით  ჩაატარეს მასშტაბური ოპერაცია, რომლის მიზანი ირანის საჰაერო ძალებისა და „ისლამური რევოლუციის გვარდიის“ ავიაციის დასუსტება იყო.

ოპერაციაში ჩართული იყო ათობით გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომლებმაც თეირანის სამ სხვადასხვა აეროპორტზე  მიიტანეს იერიშები. სამიზნეებს შორის იყო როგორც სამხედრო ავიაცია, თვითმფრინავები და ვერტმფრენები, ისე სხვა სამხედრო ინფრასტრუქტურა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პიტ ჰეგსეთის თქმით, აშშ-ის სამხედრო ძალები ყველაფერს გააკეთებენ, რომ  საკუთარი ხალხი დაიცვან.

„ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის, რომლებიც თეირანიდან გვაკვირდებიან, გვაქვს მკაფიო გზავნილი: აშშ-ის სამხედრო ძალები ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას იმოქმედებენ, რათა საკუთარი ხალხი დაიცვან და მისია ბოლომდე მიიყვანონ. ჩვენ მოქმედებებს მაღალი სიზუსტით ვასრულებთ. ვაკონტროლებთ ცას. როგორც ხედავთ, პირველი პილოტის გამოსაყვანად  დღისით შვიდი საათის განმავლობაში დავფრინავდით ირანის თავზე, მეორე პილოტის გადასარჩენად კი - შვიდი საათი ღამით.  ირანმა ამას ვერაფერი დაუპირისპირა. ჩვენ ვიბრძვით ღირსებით.  პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით  ვიმარჯვებთ კიდეც“ - განაცახადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა.

ირანში ხელისუფლება კი მოსახლეობას სტრატეგიული ობიექტების დასაცავად მოუწოდებს.

ირანელმა მაღალჩინოსანმა, ალირეზა რაჰიმიმ, ვიდეომიმართვა გაავრცელა და ახალგაზრდებს ქვეყნის მასშტაბით მოუწოდა, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი მოეწყოთ.

ოფიციალური მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ ირანში დაღუპულთა რაოდენობა 5200-ს აღემატება.

ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. ომში ჩართული მხარეების მხრიდან კი დეესკალაციისკენ გადადმული ნაბიჯები ჯერჯერობით არ ჩანს.

დაკავშირებული ამბები
თეირანი მოჯთაბა ხამენეის განცხადებას ავრცელებს, დასავლური მედია კი მის უგონო მდგომარეობის შესახებ წერს ისრაელის თავდასხმას თეირანზე 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა