აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება ირანი შეიძლება ერთ ღამეს განადგურდეს. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს შეთანხმების მისაღწევად და ჰორმუზის სრუტის გახსნელად 7 აპრილის საღამომდე აქვს ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამერიკული არმია ირანის ინფრასტრუქტურას, კერძოდ კი ხიდებისა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, რასაც მხოლოდ ოთხი საათი დასჭირდება.
„ეს დამოკიდებულია იმაზე, რას გააკეთებენ ისინი. კრიტიკული პერიოდია. მათ აქვთ ვადა... ჰოდა, ხვალ საღამოს 8 საათამდე. მე ვადა გავუხანგრძლივე. მათ ითხოვეს ვადის შვიდი დღით გახანგძლივება. მე სტივ ვიტკოფს ვუთხარი მათთვის ათი დღე მიეცა. ეს ათი დღე რეალურად დღეს იწურება. ასე რომ, ფაქტობრივად 11 დღე მივეცი. ვიფიქრე, რომ აღდგომის მეორე დღეს ეს შეუსაბამო იქნებოდა. მინდა კარგი ადამიანი ვიყო. მათ აქვთ დრო ხვალამდე. ახლა ვნახოთ, რა მოხდება. შემიძლია გითხრათ, რომ ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ვფიქრობთ, კეთილსინდისიერად. ამასაც გავიგებთ. გვეხმარება რამდენიმე საოცარი ქვეყანა, რომლებსაც სურთ, ეს ყველაფერი დასრულდეს, რადგან მათზეც მოქმედებს. ბევრ ადამიანს ეხება ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ მათ ვაძლევთ ვადას ხვალამდე, აშშ-ის დროით საღამოს 8 საათამდე. ამის შემდეგ მათ აღარ ექნებათ ხიდები. აღარ ექნებათ ელექტროსადგურები. ქვის ხანაში დაბრუნდებიან“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჟურნალისტების კითხვაზე ჩაითვლება თუ არა ირანის სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანა ომის დანაშაულად, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ის არ თვლის რომ ირანის ხიდებისა და სხვა ინფრასტრუქტურის განადგურება ომის დანაშაულის ტოლფასია, როგორც ამას მისი კრიტიკოსები აფასებენ.
„ძალიან ცოტა რამ არის გამორიცხული. არ მინდა ახლა ამის გაზიარება. ჩვენი სამხედრო ძალის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ჩვენ შესაბამისი გეგმა გვაქვს, რომლის ფარგლებში ირანში არსებული ყველა ხიდი ხვალ ღამით, 12 საათისთვის განადგურდება. სადაც ყველა ელექტროსადგური ირანში მწყობრიდან გამოვა — დაიწვება, აფეთქდება და აღარასდროს იქნება გამოყენებული. ვგულისხმობ სრულ განადგურებას 12 საათისთვის. ამას კი შეიძლება მხოლოდ ოთხი საათი დაჭირდეს. თუ ამას ჩვენ მოვინდომებთ. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს. შესაძლოა, შემდგომ ჩვენ მათ ქვეყნის აღდგენაშიც კი დავეხმაროთ. და იცით რა? თუ ასე იქნება, ბოლო რამ, რაც გვინდა, ელექტროსადგურებისა და ხიდების განადგურებაა, რომლებიც ყველაზე ძვირადღირებულ ობიექტებს შორისაა. თქვენ ნახეთ ის ხიდი. ხიდი განადგურდა. ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან
„მინდა თუ არა მათი ინფრასტრუქტურის განადგურება? არა. აღდგენისთვის 100 წელი დასჭირდებათ. თუ დღესვე გავალთ, 20 წელი დასჭირდებოდათ. თუმცა, ის არასდროს იქნება ისეთივე კარგი, როგორიც აქამდე იყო. ერთადერთი გზა, რომლითაც ისინი შეძლებენ თავიანთი ქვეყნის აღდგენას, არის შეერთებული შტატების დახმარების მეშვეობით“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
მოლაპარაკებების და დონალდ ტრამპის დაწესებული ვადის პარალელურად, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე 6 აპრილს საჰაერო იერიშები მიიტანეს, რასაც 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საპასუხოდ კი ირანმა ახლო აღმოსავლეთში მეზობელ სახლემწიფოებს, სადაც ამერიკული ბაზებია განლაგებული რაკეტებით შეუტია. დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის მოსახლეობას სურს, რომ შტატებმა ირანის დაბომბვა გააგრძელოს.
დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი:
„იმისთვის, რომ მათ თავისუფლება მოიპოვონ, მზად არიან ეს ყველაფერი აიტანონ. მრავალი შემთხვევა გვაქვს, სადაც ირანელები გვეუბნებიან: „გთხოვთ, გააგრძელეთ დაბომბვა.“ მაშინაც კი გვეუბნებიან, როცა ბომბები მათ სახლებთან ახლოს ცვივა. „გთხოვთ, გააგრძელეთ დაბომბვა. გააკეთეთ ეს!“ და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, სადაც აფეთქებები ხდება. როცა ჩვენ იმ ტერიტორიებიდან გამოვდივართ და აღარ ვბომბავთ მათ, ისინი გვეუბნებიან „გთხოვთ, დაბრუნდით, დაბრუნდით, დაბრუნდით.’ ესენი არიან ადამიანები... არ ვიცი, რას აკეთებენ. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მათ თავისუფლება უნდათ. ისინი ცხოვრობდნენ ისეთ სამყაროში, რომლის შესახებაც თქვენ არაფერი იცით. ეს არის ძალადობრივი, საშინელი სამყარო, სადაც თუ პროტესტს გამოხატავ, გესვრიან. თქვენ არ იცით რეალური ფაქტები. ქალები, კაცები, გეები. გეები ირანში? ისინი გეებს კლავენ, შენობებიდან ყრიან. რა ხდება. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ მათ სურთ, რომ ჩვენ დაბომბვა გავაგრძელოთ, მაშინაც კი, თუ ეს მათ საფრთხეს შეუქმნის. რადგან მათი ცხოვრება ბევრად უფრო დიდი საფრთხის ქვეშ არის. მათ სურთ თავისუფლება ირანისთვის, მაგრამ მათთვის პროტესტის გამოხატვა ძალიან რთულია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გმაოთქვა უკმაყოფილება მოკავშირეების მიმართ, რადგან ისინი შეერთებული შტატებისა და ისრაელის იერიშებს არ შეუერთდნენ. დონალდ ტრმაპი უკმაყოფილოა ნატოსა და ევროპელი ქვეყნებით, როდესაც მათ დონალდ ტრამპის თხოვნაზე, ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით, ახლო აღმოსავლეთში სამხედრო გემები გაეგზავნათ უარი განაცხადეს. თუმცა, როგორც თავად აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, ის ასევე უკმაყოფილოა წყნარი ოკეანის რეგიონის მოკავშირეებითაც. მისი განცხადებით ომში აშშ-ის არ დაეხმარა არც სამხრეთ კორეა, არც ავსტრალია და არც იაპონია, სადაც აშშ-ის ათობით ათასი ჯარისკაცი ყავს გაგზავნილი.
