კატეგორიები

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ავიაკომპანიების დღის წესრიგი რადიკალურად შეცვალა

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ავიაკომპანიების დღის წესრიგი რადიკალურად შეცვალა
Copyright Euronews
თვეზე მეტია, Flightradar24-ის რუკაზე დაკვირვება მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის დადგენის ერთ-ერთ ძირითად საშუალებად, მგზავრებისთვის კი გზამკვლევად იქცა.

ასობით ათასი ავიარეისის გრაფიკული გამოსახულებით მარტივი ამოსაცნობია, პლანეტის რომელი ზონებია გადაქცეული ცხელ წერტილებად და სად არის არასტაბილური მდგომარეობა.

თვეზე მეტია, ახლო აღმოსავლეთის რეგიონის თავზე სამოქალაქო თვითმფრინავები საბრძოლო საფრენმა აპარატებმა და სამხედრო ხომალდებმა ჩაანაცვლეს.

ქალაქები, რომელთა აეროპორტები ძირითადი არტერიებისა და საერთაშორისო სატრანზიტო მნიშვნელობის ფუნქციებს ასრულებდნენ, ახლა ფაქტობრივად ცარიელია; ზოგიერთი მათგანი კი საჰაერო იერიშების სამიზნეებად იქცა.

ამ ფონზე განსაკუთრებით დაიტვირთა ზოგიერთი ქვეყნის საჰაერო მარშრუტი, მათ შორის კავკასიის რეგიონი, ასევე თურქეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი.

საერთაშორისო ავიაკომპანიების უმრავლესობამ რეისები გაურკვეველი ვადით გააუქმა. მაგალითად, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და მოთხოვნადმა ევროპულმა საავიაციო ბრენდებმა — Lufthansa-მ და Air France-მა — ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები 24 ოქტომბრამდე შეაჩერეს, განურჩევლად იმისა, როდის დასრულდება საომარი მოქმედებები სპარსეთის ყურის ქვეყნებში.

მათი შეფასებით, ისეთი პოპულარული მიმართულებები, როგორებიცაა აბუ-დაბი, დუბაი, ბეირუთი, ელ-რიადი, ერბილი, მასკატი და თეირანი, ზედმეტად საფრთხისშემცველი იქნება მომდევნო თვეების განმავლობაშიც.

გარდა რეისების გაუქმებისა, ზოგიერთმა ავიაკომპანიამ გადაწყვიტა, კონფლიქტისგან შორს, უსაფრთხო ზონაში გადაეყვანა საკუთარი თვითმფრინავები. ასეთად იქცა „კატარის ავიახაზები“, რომელმაც ესპანეთის აღმოსავლეთით, ტერუელის აეროპორტში განალაგა კუთვნილი 20 ხომალდი.

ტერუელის ბაზა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურებისა და მათი შენახვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ცენტრია ევროპის მასშტაბით. დოჰას გადაწყვეტილება უკავშირდება, ერთი მხრივ, რეისების სიხშირის მკვეთრად შემცირებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხომალდებზე შესაძლო თავდასხმების პრევენციას.

ამავე დანიშნულებით ტერუელის ავიაბაზა გამოიყენებოდა კორონავირუსის პანდემიის დროსაც, როდესაც ტერიტორიაზე სხვადასხვა ავიაკომპანიის კუთვნილი 140-მდე თვითმფრინავი განალაგეს.

ავიამიმოსვლის შეჩერება მხოლოდ უსაფრთხოების ნორმებს არ უკავშირდება. თითოეული ბორტის აფრენა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ტონობით საწვავს საჭიროებს და პირდაპირ არის გადაჯაჭვული ნავთობის ფასებთან. ბირჟებზე მათი ზრდა მაშინვე აისახება ავიაბილეთების ღირებულებაზეც.

ენერგოკრიზისის ფონზე, კონკრეტულმა სახელმწიფოებმა რეგულაციების დაწესება დაიწყეს. იტალიური მედიის ცნობით, ბოლონიის, მილანის ლინატეს, ტრევიზოსა და ვენეციის აეროპორტებში საავიაციო საწვავზე შეზღუდვები ამოქმედდა.

საწვავის შევსებისას პრიორიტეტი მიენიჭებათ საჰაერო სასწრაფო დახმარებისა და სახელმწიფო რეისებს, ასევე იმ რეისებს, რომელთა მგზავრობის ხანგრძლივობა სამ საათს აღემატება.

დაკავშირებული ამბები
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ავიაკომპანიების დღის წესრიგი რადიკალურად შეცვალა თეირანი მოჯთაბა ხამენეის განცხადებას ავრცელებს, დასავლური მედია კი მის უგონო მდგომარეობის შესახებ წერს