სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნგრეთსა და სერბეთს შორის დამაკავშირებელი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინა. ამჟამად სერბეთის უსაფრთხოების ძალები უნგრეთის საზღვართან ახლოს პატრულირებენ.
სერბეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ დასავლეთ ქალაქ კანიჟასთან პოლიცია და სამხედროები არიან მობილიზებული.
5 აპრილს ვუჩიჩმა განაცხადა, რომ „ბალკანური ნაკადის“ გაზსადენიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ორი ზურგჩანთა იპოვეს, რომლებშიც ასაფეთქებელი ნივთიერებები და დეტონატორები იყო მოთავსებული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
„თურქეთის „სამხრეთის ნაკადის“ თუ ბალკანეთის გაზსადენიდან, როგორც გინდათ ისე უწოდეთ, ას მეტრში ორი ზურგჩანთა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ორი დიდი შეკვრა აღმოაჩინეს. არსებობს სხვა კვალიც, მიმდინარეობს გამოძიება. ახლახან ვესაუბრე ვიქტორ ორბანს და ავუხსენი, რომ გაზსადენის დაზიანების შემთხვევაში როგორც უნგრეთს, ისე ჩრდილოეთ სერბეთს შეუწყდებოდა ბუნებრივი აირის მიწოდება. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ცდილობს სერბეთის რესპუბლიკის ყველაზე ღირებული და უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურის ნაწილის, ენერგეტიკული თუ სხვანებისმიერი სახის ინფრასტრუქტურის განადგურებას, დაუნდობელ პასუხს გავცემთ. მათ მკაცრი და მძიმე სასჯელი ემუქრებათ“. - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა.
კვირას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ სერბეთში მილსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებების განთავსება საბოტაჟია. სწორედ ამ მილსადენით მიეწოდება უნგრეთს რუსული ბუნებრივი აირი.
„ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, ვოევოდინაში „თურქული ნაკადის“ გაზსადენის მონაკვეთზე დაგეგმილი იყო დივერსიული აქტი. ამ გაზსადენით უნგრეთი ბუნებრივ აირს იღებს. კონსულტაცია გავმართე სერბეთის პრეზიდენტთან. არავინ დაშავებულა და გაზსადენი შეუფერხებლად ფუნქციონირებს. მადლობაც გადავუხადე პრეზიდენტ ვუჩიჩს სერბეთის ხელისუფლების მუშაობისთვის. სერბებმა გააძლიერეს უსაფრთხოება მილსადენის გარშემო. ამ მილსადენის ფუნქციონირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უნგრეთისთვის. ჩვენ ამ მილსადენის მეშვეობით ვიღებთ უნგრეთის ბუნებრივი მოხმარების 60 პროცენტს, სწორედ ამიტომ გავეცით ბრძანება, უნგრეთში მილსადენის მონაკვეთზე გაძლიერებულიყო სამხედრო მეთვალყურეობა. საქმეს სერბეთის ხელისუფლება იძიებს. უნგრეთის ხელისუფლება მათთან მუდმივ კონტაქტზეა“. - აცხადებს უნგრეთის პრეზიდენტი, ვიქტორ ორბანი.
საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ინციდენტი ტერორისტული თავდასხმის მცდელობად შეაფასა და დასძინა, რომ ეს უკრაინელების მორიგი ნაბიჯია, შეაფერხონ ევროპაში რუსული ბუნებრივი აირისა და ნავთობის მიწოდება.
ბალკანეთის ნაკადი „თურქეთის ნაკადის“ გაზსადენის ნაწილია.
პირველი შტო თურქეთში გადის, მეორე კი ბულგარეთში, სერბეთსა და უნგრეთში.
სერბეთი და ბულგარეთი გაზსადენის ამ ნაწილს „ბალკანეთის ნაკადს“ უწოდებენ.
