კლიმატის ცვლილება მისი თანმდევი ნალექებითა და ეროზიით ჩვენს სანაპიროებს საფრთხეს უქმნის. ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლს მეწყრული და სხვა საშიში გეოლოგიური საფრთხეები ემუქრება. ასეთი ვითარებაა მაგალითად კანარის კუნძულებზე. ამ საფრთხეების მონიტორინგისა და პრევნციისთვის საჭიროა თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლებას შორის. სწორედ ამ კუთხით პარტნიორობის გაძლიერება არის პროექტ AGEO-ს პრიორიტეტი, რომელმაც ხუთი ქვეყნის ექსპერტებს მოუყარა თავი.
„წვიმის დროს სულ უფრო ხშირად წვება მეწყერი და ზოგჯერ კლდის დიდმა ნამსხვრევებმა გზიდან ავტომობილიც კი გადააგდო,“ - ამბობს ენრიკე სანჩეს დენისი, კანარის კუნძულების საგანგებო სიტუაციების მართვის გენერალური დირექტორატის დრონების განყოფილების ხელმძღვანელი. „პროექტი AGEO საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მსგავს ვითარებაში და რა ზომები გავატაროთ“.
კუნძულ გრან-კანარიაზე ყველაზე პოპულარული ტურისტული მარშრუტია GC-60, რომელზეც ყველაზე ხშირად ჩამოდის მეწყერიც. ამ გზაზე მდებარეობს სან-ბარტოლომე-დე-ტირახანა. ამ ქალაქში ხელისუფლებამ გეოლოგიური რისკების შეფასება მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმაში შეიტანა. ამ გეგმის დამსახურებით, ადგილობრივებს წინასწარ უგზავნიან განგაშის სიგნალს, თუ როდის არის მოსალოდნელი მეწყრული პროცესი და მოსახლეობასაც შეუძლია გადასცეს მსგავსი სიგნალი.
„ახლა მოქალაქეებიც არიან პასუხისმგებელი საგანგებო ვითარების აღმოფხვრაზე,“ - განმარტავს სანტიაგო მეხიას რამირესი, სან-ბარტოლომე-დე-ტირახანას სახანძრო რაზმის თანამშრომელი. „გვყავას ისეთი მოქალაქეებიც, რომლებიც თვალყურს ადევნებენ სოფლებს და გვაფრთხილებენ მოსალოდნელი მეწყრული პროცესის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება უფრო სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებებს“.
ამ თანამშრომლობის სქემა ასეთია: მოსახლეობას განაგშის სიგნალის გაგზავნა შეუძლია როგორც სატელეფონო ზარით, ისე გეოლოკაციური და დათარიღებული ფოტოთი, რისთვისაც აპლიკაციას იყენებენ. პროექტ AGEO-ს ფარგლებში გაუმჯობესდა მონაცემთა გაცვლა მოქალაქეებს, საგანგებო ვითარების მართვის სამსახურსა და მეცნიერებს შორის, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა რისკის რუკების განახლება.
„განახლდა მონაცემთა ბაზა, რომელიც არსებობდა, მაგრამ ძველ ინფორმაციას მოიცავდა,“- ამბობს იზაბელ მონტოია მონტესი, ესპანეთის გეოლოგიური და სამთამადნო ინსტიტუტის (IGME) მკვლევარი და გრან-კანარიის ლას-პალმასის უნივერსიტეტის (ULPGC) პროფესორი. „შევადგინეთ იმ სამი საპილოტე ზონის რუკა, სადაც კლდეები ჩამოიშალა და სადაც პროექტ „ახეოს“ (AGEO Canarias) კანარის ჯგუფი მუშაობს“.
გეოლოგიური რისკების შესახებ სკოლებშიც აწვდიან ინფორმაციას. ფარო დე მასპალომასის საშუალო სკოლაში მოწაფეებს ასწავლიან, რომ მათი კუნძული სხვადასხვა რისკის ზონაშია, რომელთა შორის არის სეისმური რისკიც. 15 წლის აითამიზე ამ სემინარმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
„პირველ რიგში, თუკი რამე საფრთხეს შევნიშნავ, გავერიდები და მერე დავურეკავ სახანძრო რაზმს,“ - ამბობს ფარო დე მასპალომასის საშუალო სკოლის მოწაფე აითამი. „თუკი ვინმე საფრთხეში ჩავარდება, ავკრეფ 112-ს. გამიკვირდა, როცა გავიგე, თუ რა მეთოდებით მუშაობენ, განსაკუთრებით როგორ ახერხებენ ხალხის გადარჩენას“.
პროექტ AGEO-ს მთლიანი ბიუჯეტი 3.2 მილიონი ევროა. ამ თანხის 75% ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში დააფინანსეს. პროექტში მონაწილეობა მიიღო პორტუგალიამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ირლანდიამ. ამ პროექტმა მიიღო REGIOSTARS-ის ჯილდოც - ევროპული პრიზი, რომელსაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ წარმატებულ პროექტებს გადასცემენ.
ავტორი: ავრორა ველესი
