კუნძულ რეიუნიონის ტროპიკულ ზონაში მდებარე აეროპორტი მსოფლიოში პირველი ბიოკლიმატური ტერმინალით აღჭურვეს. ჩამოფრენილი მგზავრების ნაკადისა და ბარგის მიმღები ტერმინალი კონდიციონერის გარეშე მუშაობს, რადგან სავენტილაციო სისტემა მთლიანად ბუნებრივ კომპონენტებს ეყრდნობა.
ტროპიკულ ზონაში მსოფლიოში პირველი ბიოკლიმატური ტერმინალი კუნძულ რეიუნიონის ფრანგულ როლან-გაროსის აეროპორტში ამოქმედდა. ჩამოსულ მგზავრათა ნაკადის მიმღები და ბარგის გაცემის ტერმინალში კონდიციონერი უკვე წარსულს ჩაბარდა. ეს ტერმინალი ევროპული ფონდების თანადაფინანსებით ხელს უწყობს აეროპორტის დეკარბონიზაციასა და ინდოეთის ოკეანეში მდებარე ამ ევროპული რეგიონის დაკავშირებას ევროპასთან.
„ჩვენი აეროპორტის შენობა დაახლოებით 55-60%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე კონდიციონერით აღჭურვილი მსგავსი შენობა,” - ამბობს მარკ დელანოე, მდგრადი განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, რეიუნიონის როლან-გაროსის აეროპორტი. “2011 წელს ჩვენი შენობის CO₂-ის გამონაბოლქვი 8 ათასი ტონა იყო, ახლა კი ათასი ტონით ნაკლებია. ეს შენობა დიდ კრეოლურ სახლს ჰგავს. ქარი აღმოსავლეთიდან უბერავს. ჩვენ ამ ქარის ნაკადს ჟალუზებიანი ფანჯრებით ვმართავთ, რომელსაც რეიუნიონზე „ნაკოს” ვუწოდებთ”.
რეიუნიონის აეროპორტის ჩამოფრენის ტერმინალის 13 ათასი კუბური მეტრის ფართობი აშენებულია მინით, ლითონითა და ხის მასალით. შენობა “სუნთქავს” სახურავისა და ფასადის საშუალებით, რომელიც 800-ზე მეტი ჟალუზიანი ფანჯრისგან შედგება - ეს ფანჯრები ავტომატურად მოძრაობენ.
“ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ე.წ. კათედრალის ეფექტია,” - განმარტავსთომას დუბუსი, აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, რეიუნიონის როლან-გაროსის აეროპორტი. “ეს გიგანტური შენობა თავისი სივრცითა და სინათლით ქმნის გარემოს, რომელსაც კუნძულზე “შიდა-გარე” ეფექტს ვუწოდებთ. რაც ნიშნავს, რომ შენობაში ხარ, მაგრამ შიდა სივრცე და ბუნებასთან კონტაქტი ისეთ შთაბეჭდილებას გიქმნის, თითქოს გარეთ ხარ”.
ბუნება შენობაშიც უხვადაა წარმოდგენილი ენდემური მცენარეების სახით, რომელთაგან ზოგი გადაშენების პირას არის მისული. ეს მცენარეები ხარობენ თაღების შიგნით და სახურავზეც, განსაკუთრებით ე.წ. კანიონის ნაწილში: ეს კანიონი 10 მეტრის სიმაღლისა და 10 მეტრის სიგანის მქონე გრძივი ნაგებობაა, რომელიც ბუნებრივი ვენტილაციის ინჟინერული შედევრია.
“ამ პროექტის ყველაზე მთავარი ღირსშესანიშნაობა ბიოკლიმატური კანიონია,” - ამბობს ერიკ ბუსოლინო, AIA Life Designers-ის არქიტექტორი. “სახურავის წვერზე ქარის ნაკადი ჩქარდება, ეს წარმოქმნის შემწოვ ეფექტს, რომლის შედეგადაც ჰაერი გარე ფასადიდან შენობაში შედის და შემდეგ კანიონის გავლით გადის გარეთ. ჰაერის ნაკადის სიჩქარე წამში 1 მეტრია, რისი წყალობითაც კანი სუნთქავს და ისეთი განცდა გაქვს, რომ შენობაში 4 გრადუსით ნაკლებია ტემპერატურა”.
ბიოკლიმატური ტერმინალის აშენების იდეა იმიტომ გაჩნდა, რომ საჭირო იყო ბარგის სკრინინგის ევროპულ სტანადარტებზე გადაყვანა. ამ პროექტის მთლიანი ბიუჯეტი დახლოებით 65 მილიონი ევროა, რომლის 58%-ც ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში დააფინანსეს. გარდა ამისა, მშენებლობაში ჩართული კომპანიების 91% ადგილობრივი იყო. ამ პროექტის ფარგლებში 1000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. მგზავრების გარდა, ამ პროექტისგან სარგებელი აეროპორტის თანამშრომლებმაც მიიღეს.
„სახურავი საოცარია,” - განმარტავს საბრინა ალმარი, ტურისტების საინფორმაციო და დახმარების სერვისის თანამშრომელი. “დიდ სივრცეს ქმნის თანაც შენობიდან პირდაპირ ჩანს ბუნება: კედლები გამჭვირვალეა და მგზავრი როგორც კი ფეხს შემოდგამს, მაშინვე დაინახავს რეიუნიონის პეიზაჟებს. აქ მუშაობა ახლა გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე ადრე”.
ავტორი: ავრორა ველესი
