კატეგორიები

ორი ქვეყანა, ერთი ქალაქი - როგორ აგვარებენ ახალგაზრდები ესტონეთსა და ლატვიას შორის საზღვრის კვეთის საკითხს

ორი ქვეყანა, ერთი ქალაქი - როგორ აგვარებენ ახალგაზრდები ესტონეთსა და ლატვიას შორის საზღვრის კვეთის საკითხს
Copyright Euronews
ქალაქში, რომელსაც ორი ქვეყნის, ესტონეთისა და ლატვიის, საზღვარი შუაზე ყოფს, დაახლოებით 20 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამ ქალაქს ესტონელები ვალგას, ლატვიელები კი - ვალკას უწოდებენ. როდესაც ორივე ქვეყანა შენგენის ზონას შეუერთდა, ბევრს იმედი ჰქონდა, რომ ამ ე.წ. ტყუპი ქალაქის ორივე მხარე უფრო დაუახლოვდებოდა ერთმანეთს. მაგრამ დღესაც კი, თითქმის 20 წლის შემდეგ, უხილავი ზღვარი არ გამქრალა.

„თუ ერთმანეთს არ დაველაპარაკებით, ჩვენი ქალაქი ვერ განვითარდება, არადა, ეს ეს ძალიან გვჭირდება,“ - ამბობს  მარტა ანა კრუმინია, ვალკის იანის ციმზეს სახელობის გიმნაზიის  (Jānis Cimze Gymnasium) მოსწავლე. „ამიტომ როდესაც ახალი პროექტი შემოგვთავაზეს, მე დავთანხმდი და ვუთხარი მეგობრებს, მოდი, ჩავერთოთ-მეთქი!“

აქ ხალხი ერთ ქუჩაზე ცხოვრობს, ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს, მაგრამ ერთმანეთს თითქმის არ ელაპარაკებიან. პროექტი, სახელწოდებით „გადალახე ზღვარი“ ( „Hack the Border"), იმიტომ შეიქმნა, რომ ეს პრობლემა მოიხსნას. პროექტმა, რომელსაც ევროკავშირის ფარგლებში მოქმედი ესტონეთ-ლატვიის საერთო I(nterreg Estonia-Latvia) პროგრამა უჭერს მხარს, ერთმანეთთან დააახლოვა ესტონელი და ლატვიელი სკოლის მოწაფეები. მოზარდები პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებულ შერეულ ინგლისურენოვან ჯგუფებში გააერთიანეს, რათა ერთად გადაჭრან რეალური პრობლემები და იპოვონ გამოსავალი ჰაკატონების, სემინარებისა და მენტორების დახმარებით.

 

"მოწაფეები გაერთიანების შემდეგ დარწმუნდნენ, რომ ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, რომ ძალიან ბევრი საერთო აქვთ. თანაც ყველას აქვს რაღაც მოსაზრება, თუ როგორ განავითარონ საკუთარი ქალაქი“, - განმარტავს თომას დანქვა, Hack the Border project-ის მენტორი.

ამ მოსაზრებებს შორის არის მოწაფეების გაცვლა, ასევე საერთო ახალგაზრდული ცენტრებისა და კულტურული ღონისძიებების მოწყობა. ამ პროექტის ბიუჯეტი სულ რაღაც 84 ათასი ევროა, რომლის უმეტეს ნაწილსაც ევროპის რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს. ცნობილია, რომ პერიფერიული ქალაქებიდან ძალიან დიდია მოსახლეობის გადინება და საზღვარს ამ პრობლემის პრევენციის მიზნით შეუძლია დიდი როლი შეასრულოს, რადგან ეს უნიკალური შესაძლებლობაა  პირდაპირი კულტურული კავშირების დასამყარებლდ.

“ვალგაც და ვალკაც მოსახლეობისგან იცლება, დაბერების მაჩვენებელი კი ეზრდებათ,“ - ამბობს  ირჟი ტინტერა, ქალაქის არქიტექტორი. „ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, რათა ახალგაზრდებს რაღაც ისეთი განსაკუთრებული შევთავაზოთ, რომ არსად აღარ წავიდნენ. საზღვარი ძალიან კარგი შესაძლებლობაა კონკურენტუნარიანობის მომატების თვალსაზრისით, რადგან ეს მართლაც უნიკალური ადგილია“.

ვალგის მახლობლად მდებარე ტყეში მიმალულად დგას ყოფილი საბჭოთა სამხედრო ბაზა, რომელიც დასავლეთზე დამიზნებული ბირთვული რაკეტების განსათავსებლად აშენდა. ახლახან კი აქ მუსიკალური ფესტივალი ჩაატარეს - რომელიც სასაზღვრო პროექტის მონაწილე სტუდენტებმა მოაწყვეს.

“ესტონელი და ლატვიელი ახალგაზრდები ერთმანეთთან დავაკავშირეთ, რათა ერთად მოიფიქრონ გამოსავალი, თუ როგორ გააუმჯობესონ ცხოვრება ტყუპ ქალაქ ვალგა-ვალკაში,“ - განმარტავს ლაურა გრედზენსი, Hack the Border project-ის მენეჯერი. „ახალგაზრდებმა ყველაზე კარგად იციან პრობლემის არსი. ამიტომ დროა, მათი აზრიც მოვისმინოთ“.

“ჩემი აზრით, ცვლილებების დროა, რადგან, მართალია, ორი სხვადასხავა ქვეყნის წარმომადგენლები ვართ, მაგრამ ქალაქი ერთი გვაქვს და ერთმანეთი უკეთ უნდა გავიცნოთ“, - ამბობს მარის რიდალი,  ვალგის საგრაფოს პროფესიული სასწავლებლის ტრეინინგცენტრის მოწაფე.

ორი ქვეყნის ახალგზრდები ერთად შესანიშნავ დროს ატარებენ - ალბათ ეს ყველაზე კარგად ადასტურებს, თუ რას ემსახურება აღნიშნული პროექტი.

ავტორი: დენის ლოქტიე

დაკავშირებული ამბები
ორი ქვეყანა, ერთი ქალაქი - როგორ აგვარებენ ახალგაზრდები ესტონეთსა და ლატვიას შორის საზღვრის კვეთის საკითხს დრონებისა და საჰაერო აპარატების მიმოსვლას გააკონტროლებენ