ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურის ცნობით, 6 აპრილის ღამით ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად ლიკვიდირებულია კიდევ ერთი სამხედრო მაღალჩინოსანი.
ამჯერად საუბარია მილიტარიზებული დაჯგუფების, „რევოლუციური გუშაგთა კორპუსის“ სადაზვერვო სამსახურის უფროსზე, გენერალ მაჯიდ ხადემიზე.
თელ-ავივის ინფორმაციით, ის პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე და რიგი სახელმწიფოების მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებული ორგანიზაციის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა.
„ირანის ტერორისტული რეჟიმი განაგრძობს რაკეტების გაშვებას ისრაელის ტერიტორიაზე, რითაც ზიანს აყენებს და კლავს მშვიდობიან მოსახლეობას.
გენერალური შტაბის უფროსმა მაცნობა, რომ გასულ ღამეს თეირანში ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სადაზვერვო მეთაურობის უფროსის, მაჯიდ ხადემის ოპერაცია ჩაშალეს.
რევოლუციური გვარდია ესვრის მშვიდობიან მოსახლეობას, ჩვენ კი ტერორისტ ლიდერებს ვანადგურებთ. ირანის ლიდერები მუდმივად იმ განცდით ცხოვრობენ, რომ სამიზნეები არიან. განვაგრძობთ თითოეული მათგანის დევნასა და ლიკვიდაციას.
მე გავაფრთხილე ისინი: თუკი განაგრძობდნენ ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცხრილვას, მაშინ გავანადგურებდით ირანის ეროვნულ ინფრასტრუქტურას.
ეს გავაკეთეთ და სერიოზული ზიანი მივაყენეთ მათ ფოლადისა და ნავთობქიმიურ მრეწველობას და ყოველდღიურად განვაგრძობთ იმავე მიდგომით მოქმედებას.
გავაგრძელებთ ტერორისტული რეჟიმის შესუსტებასა და მის ჩამოშლას, ასევე ისრაელის სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შექმნის პრევენციას“, — განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა.
მაჯიდ ხადემმა თანამდებობაზე შეცვალა მოჰამედ კაზემი, რომელიც ისრაელმა გასული წლის ივნისში, 12-დღიანი სამხედრო ოპერაციის ფარგლებში მოკლა. მანამდე ის ირანის სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებით მაღალ თანამდებობებს იკავებდა.
მაჯიდ ხადემი აშშ-ის მიერ სანქცირებული მაღალჩინოსანი იყო. ვაშინგტონი მას ბრალს სდებდა გასული წლის ბოლოსა და მიმდინარე წლის დასაწყისში გამართული მასშტაბური სახალხო პროტესტის მასობრივ ჩახშობაში.
ირანულ უსაფრთხოების სისტემაში ის ე.წ. „მტკიცე ხაზის“ წარმომადგენლად ითვლებოდა, რომელიც ორიენტირებული იყო ძალისმიერი გზით დაემყარებინა შიდაწესრიგი.
ხადემის ლიკვიდაცია უკვე დაადასტურა თეირანმაც.
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სადაზვერვო სამსახური ირანის შიგნით დიდი ძალაუფლებით სარგებლობს და მხოლოდ ქვეყნის უზენაეს ლიდერს ექვემდებარება.
28 თებერვალს დაწყებული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, აშშ-მა და ისრაელმა ირანის არაერთი სამხედრო მაღალჩინოსანი მოკლეს. მათ შორის ერთ-ერთი ბოლო ალირეზა ტანგსირი იყო — „რევოლუციური გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალების მეთაური.
