კატეგორიები

გერმანიიდან გამგზავრების შემთხვევაში, ზოგიერთი მამაკაცი ვალდებულია ბუნდესვერისგან ნებართვა აიღოს

გერმანიიდან გამგზავრების შემთხვევაში, ზოგიერთი მამაკაცი ვალდებულია ბუნდესვერისგან ნებართვა აიღოს
Copyright AP
გერმანიის მოქალაქეობის მქონე 17-დან 45 წლამდე ასაკის მამაკაცებს, ხანგრძლივი გამგზავრებისთვის ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსგან ნებართვა დასჭირდებათ — ასეთია ახალი ჩანაწერის შინაარსი, რომელიც ბერლინის მიერ შემუშავებული სამხედრო სამსახურის მოდერნიზაციის კანონს დაემატა.

ეს ნორმა სავალდებულო ხდება იმ შემთხვევაში, თუ ამ ასაკობრივი კატეგორიის პირი გერმანიის ტერიტორიის დატოვებას 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში გეგმავს.

2026 წლის 1 იანვრამდე მოქმედი კანონით, ასეთი ნებართვის მიღება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იყო სავალდებულო — კერძოდ, როდესაც ქვეყანაში საგანგებო სიტუაციაა ან არსებობს გარე ძალების მხრიდან თავდასხმის საფრთხე.

ბერლინში აცხადებენ, რომ კანონის მიზანია ბუნდესვერის სრული შემადგენლობის სათანადოდ მომზადება, ასევე ბრძოლისუნარიანი მოხალისეების ჩართვა სამხედრო აქტივობებში.

გერმანიის თავდაცვის უწყებაში აზუსტებენ, რომ სამხედრო სამსახური ჯერჯერობით არ არის სავალდებულო, ხოლო ახალი საკანონმდებლო ჩანაწერის აღსრულება ამ ეტაპზე არ დაწყებულა.

ბერლინის ამ გადაწყვეტილებამ არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა, რაც სხვა სახელმწიფოებსა და მსოფლიო მედიასივრცეში განხილვის საგნად იქცა. თუმცა ბუნდესტაგის მიერ დამტკიცებულ რეგულაციამდე მსგავსი ზომების მიღებას უკვე დიდი ხანია განიხილავდნენ სხვა ევროპულ სახელმწიფოებშიც.

2022 წლის თებერვალში, უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებისთანავე, ყურადღების ცენტრში მოექცა ევროპის თავდაცვისუნარიანობის საკითხი, რამაც კვლავ აქტუალური გახადა ამ მიმართულებით წლების განმავლობაში დაგროვილი მოუგვარებელი პრობლემები.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანია სამხედრო თვალსაზრისით მსოფლიო რეიტინგში პერიოდულად მე-11 ან მე-12 პოზიციაზეა, ბერლინშიც აღიარებენ, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით გამოწვევები ბევრია.

პრობლემის მეტ-ნაკლებად შესამსუბუქებლად გერმანიაში რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტეს.

ერთ-ერთია თავდაცვის სექტორის მნიშვნელოვანი გაძლიერება და მისი დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა, რომლის შედეგადაც 2029 წლისთვის ბერლინი თავდაცვასა და უსაფრთხოებაში მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5%-ს დახარჯავს.

გეგმის ნაწილია სამხედრო პერსონალის — ბუნდესვერის — რაოდენობის ზრდა ამჟამინდელი 184 000-დან დაახლოებით 270 000-მდე. ამ მაჩვენებლის მიღწევას კი გერმანია 2035 წლისთვის გეგმავს.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, „საგანგებო ვითარებაში მათ უნდა იცოდნენ, ვინ რჩება საზღვრებს მიღმა დიდი ხნის განმავლობაში და ვის შეეძლება სახელმწიფოს სამსახურში ყოფნა.“

დაკავშირებული ამბები
გერმანიიდან გამგზავრების შემთხვევაში, ზოგიერთი მამაკაცი ვალდებულია ბუნდესვერისგან ნებართვა აიღოს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს