ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე ჩრდილოეთ კორეა ძველი მეგობარი ირანისგან დისტანცირებას ცდილობს. ფხენიანი ამას საჯარო გზავნილების ფრთხილი შერჩევით აკეთებს, რითაც აშშ-სთან ახალი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობას ღიად ტოვებს. ამის შესახებ აქტიურად საუბრობენ სამხრეთ კორეაში.
საკითხი ეროვნული ასამბლეის დახურულ სხდომაზე განიხილეს, სადაც სამხრეთ კორეელი კანონმდებლები ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს უსმენდნენ.
სეულის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ირანში აშშ-ისა და ისრაელის მიერ წამოწყებული ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე ჩრდილოეთ კორეას თეირანისთვის შეიარაღება და საბრძოლო მასალა არ მიუწოდებია და არც საკვანძო მოვლენებს გამოხმაურებია. განსხვავებით კიდევ ერთი პარტნიორი რუსეთისგან, რომელთანაც ფხენიანის კავშირები ძველებურად თბილი რჩება — განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ ომში ჩრდილოკორეელი სამხედროების ჩართულობის ფონზე.
„ჩრდილოეთ კორეა არათუ არ აწვდის შეიარაღებას და საბრძოლო მასალებს ირანს, არამედ აჩვენებს ნიშნებს, რომ ირანთან ტრადიციული მეგობრული ურთიერთობებისგან დისტანცირებას ცდილობს. ამის მაგალითი იყო ისიც, რომ ფხენიანს არ გამოუთქვამს სამძიმარი ირანის სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის გარდაცვალების შემდეგ და არც მისი მემკვიდრე ვაჟისთვის, მოჯტაბასთვის მიულოცა აიათოლად დანიშვნა. ჩრდილოეთ კორეა ხელშესახებ ეკონომიკურ სირთულეებს აწყდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე. პრობლემებია სამრეწველო მარაგების თვალსაზრისითაც, რომ აღარაფერი ვთქვათ ფასების ზრდასა და ვალუტის კურსის ცვლილებაზე. ამ ფონზე კი ისინი ცდილობენ გადადგან ნაბიჯები დამატებითი რუსული ნავთობის უზრუნველსაყოფად ქვეყნისთვის“, — აღნიშნა სამხრეთ კორეის პარლამენტის სადაზვერვო კომიტეტის წევრმა, პარკ სუნ-ვონმა.
სამხრეთკორეული დაზვერვა კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. სეული კიმ ჩენ ინის ქალიშვილს, კიმ ჯუ ეს, მის მემკვიდრედ განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეაში ამის შესახებ ოფიციალურად არავინ საუბრობს. ნათელია, რომ კიმ ჯუ ე სულ უფრო აქტიურად ჩნდება მამის გვერდით მედიაში და ინტენსიურად ესწრება მაღალი რანგის შეხვედრებს. საგულისხმოა, რომ ის ჯერ მხოლოდ 13 წლისაა.
„კიმ ჯუ ესთან დაკავშირებით გამოყენებულია სპეციფიკური ენა. ეროვნულმა დაზვერვის სამსახურმა მისი სტატუსი ნაბიჯ-ნაბიჯ განმარტა, თუმცა ორი კანონმდებლის მხრიდან დაისვა შეკითხვები მის სტატუსთან დაკავშირებით, მათ შორის — არის თუ არა ის ჩრდილოეთ კორეის მომდევნო ლიდერი და მემკვიდრე. დაზვერვის ხელმძღვანელი თვლის, რომ გონივრული იქნება, თუ ასეც ვივარაუდებთ“, — ამბობს იგივე კომიტეტის წევრი, ლი სეონგ-კვეუნი.
სამხრეთკორეელი კანონმდებლების თქმით, ჩრდილოეთ კორეა აწარმოებს კამპანიას, რომლის მიზანიც ქალი მემკვიდრის მიმართ სკეპტიციზმის გაფანტვაა.
