გაერთიანებულმა სამეფომ ფინანსური სანქციები დაუწესა „სონდოვოდს“ - ჩრდილოეთ კორეაში მდებარე საერთაშორისო ბავშვთა ბანაკს, რადგან, ლონდონის ვერსიით, აქ გადაჰყავდათ უკრაინიდან გატაცებული არასრულწლოვნები.
გადაწყვეტილება ბრიტანეთის საგარეო უწყებამ ჯერ კიდევ 11 მაისს მიიღო, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიის შეხვედრის პარალელურად და გაყინა ბანაკის აქტივები.
ლონდონის დიპლომატიური წარმომადგენლების მტკიცებით, „სონდოვოდი“ მონაწილეობს უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაციის რუსულ პროგრამაში.
ადამიანის უფლებათა რეგიონული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, მოსკოვის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან 12 წლის ბიჭი და 16 წლის გოგონა იძულებით გადაიყვანეს ფხენიანის კონტროლქვეშ არსებულ საერთაშორისო ბავშვთა ბანაკში, სადაც მათ ასწავლიდნენ „იაპონელი სამხედროების განადგურებას“ და აწყობდნენ შეხვედრებს იმ ვეტერანებთან, რომლებიც 1968 წელს მონაწილეობდნენ ამერიკული სადაზვერვო ხომალდის, „პუებლოს“ აღებაში.
ბრიტანულ სანქციებს ფხენიანი „ყოვლად უსაფუძვლოსა“ და „პროვოკაციულს“ უწოდებს, ხოლო უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაციის საქმეს „გამოგონილს“.
დიქტატორული სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მტკიცებით, ლონდონის ქმედებები არის „იმ შეთქმულების თეორიის ნაწილი, რომელიც ცდილობს რუსეთის დემონიზირებასა და მისი უარყოფითი მხარის წარმოჩენას“, ასევე მიმართულია ფხენიანის იმიჯის დაზიანებისა და მოსკოვთან ურთიერთობების გაუარესებაზე.
