ირანში ჩამოგდებული ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის პილოტი ნაპოვნია. პენტაგონის ოპერაცია იდეალური სიზუსტით შესრულდა, პირდაპირ ირანის სიღრმეში. მასში 100 ამერიკელი სპეცრაზმელი მონაწილეობდა, რომლებმაც მაღალ ქედზე მყოფი პილოტი გვიან ღამით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
ადგილზე ამერიკელ სამხედროებს 2 MC-130-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავისა და 4 ვერტმფრენის განადგურება მოუხდათ, რათა მნიშვნელოვანი აღჭურვილობა მტერს ხელში არ ჩავარდნოდა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ამერიკელ სამხედროს ირანის შეიარაღებული ძალებიც ეძებდნენ და უახლოვდებოდნენ კიდეც, თუმცა ოპერაციის სარეზერვო გეგმამ იმუშავა. დაჭრილ პილოტთან ერთად მოხერხდა ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრის პოვნაც. გავრცელებული ცნობებით, ირანში დაწყებულ ისრაელ-ამერიკის ერთობლივ ოპერაციას ამ დროისთვის 13 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, 300 კი დაიჭრა.
ყველაფრის ფონზე, დონალდ ტრამპი ხმამაღალი მუქარით გამოდის. აღნიშნა, რომ მისი სამიზნე ირანში მდებარე ხიდები და ელექტროინფრასტრუქტურა იქნება, თუ ჰორმუზის სრუტე უკვე ორშაბათისთვის არ გაიხსნება. ABC News-თან მან მუქარა განავრცო და თქვა, რომ მთელ ქვეყანას ააფეთქებს, თუ მისი ულტიმატუმი არ შესრულდება. Fox News-თან კი ისიც დაამატა, რომ ირანულ ნავთობს ჩაიგდებს ხელში.
„სამშაბათი იქნება ელექტროსადგურების დღე, ასევე ხიდების დღეც — ყველაფერი ეს ერთად, ირანში. ასეთი არაფერი გინახავთ!!! გახსენით წყეული სრუტე, შეშლილებო, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯოჯოხეთში იცხოვრებთ, უბრალოდ უყურეთ. დიდება ალაჰს“, — დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა The Truth Social-ზე.
პასუხად ირანში იმეორებენ, რომ მზად არიან დაიცვან საკუთარი სუვერენობა და ეროვნული უსაფრთხოება. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამერიკელი პრეზიდენტის განცხადებებში დანაშაულებრივი აზროვნების ნიშნები იკითხება და ასეთი განცხადებები მხოლოდ მოსახლეობის საფრთხეში ჩაგდებას ისახავს მიზნად. ამასთან, თეირანი მუქარის შესრულების შემთხვევაში ადეკვატური პასუხით იმუქრება. ირანის შეიარაღებული ძალები გეგმავენ შეუტიონ იმავე ინფრასტრუქტურას, რომელიც აშშ-სთანაა დაკავშირებული.
„ტრამპი არასტაბილური, დელუზიური ფიგურაა, უამრავი წინააღმდეგობით. ირანული საზოგადოება, როგორც წესი, მის განცხადებებს დიდ ყურადღებას არ ანიჭებს. მათ სჯერათ, რომ მას პერსონალური, ქცევითი და ვერბალური ბალანსი აკლია და ხშირად წინააღმდეგობრივ პოზიციებს აფიქსირებს. ის ერთგვარ ფენომენად იქცა, რომლის ჩაწვდომაც არც ირანელებს და არც ამერიკელებს არ შეუძლიათ. რაც შეეხება სრუტეს, ის ღიაა მსოფლიოსთვის და დაკეტილია მხოლოდ ირანის მტრებისთვის“, — აღნიშნა ირანელმა მინისტრმა, საიედ რეზა სალიჰი-ამირმა.
ირანული მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში ჰორმუზის სრუტე 15-მა გემმა გაიარა. მათივე მტკიცებით, ეს ომის დაწყებამდე არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 90%-ით ნაკლებია.
ყველაფერთან ერთად გრძელდება რეგიონში ირანის საპასუხო იერიშები, რომლის შედეგადაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინსა და ქუვეითში რამდენიმე ობიექტი დაზიანდა. ირანის სარაკეტო იერიშების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა ისრაელშიც.
