მთვარემდე გზის ნახევარზე მეტი გავლილია — Artemis II-ის ეკიპაჟი ისტორიული მანევრისთვის ემზადება. სულ რამდენიმე საათში ისინი მთვარეს ჩაუფრენენ და კოსმოსში უფრო შორს გავლენ, ვიდრე ეს თავის დროზე პროგრამა „აპოლოს“ ასტრონავტებმა მოახერხეს. ამით კი ახალ რეკორდს დაამყარებენ.
სამი ამერიკელისა და ერთი კანადელისგან შემდგარი ეკიპაჟი, რომელსაც 53 წლის შემდეგ პირველად NASA მთვარისკენ მიჰყავს, დანიშნულების ადგილს 7 აპრილს გამთენიისას მიაღწევს და მთვარის იდუმალ მხარეს გარს შემოუვლის.
„მთელ ამ სიცარიელეში, რომელსაც სამყაროს ვეძახით, თქვენ ოაზისი გაქვთ — ეს მშვენიერი ადგილი, სადაც ჩვენ ერთად ვარსებობთ. აღდგომის კვირას, როცა გონებაში მსოფლიოს სხვადასხვა კულტურა მიტრიალებს, ვფიქრობ: განურჩევლად იმისა, აღნიშნავთ თუ არა და გწამთ თუ არა ღმერთი, ეს შესაძლებლობაა გავიხსენოთ, სად ვართ, ვინ ვართ, რომ ერთნი ვართ და რომ ერთად უნდა გავიაროთ ეს ყველაფერი“, — ამბობს პილოტი ვიქტორ გლოვერი ხომალდიდან.
„ჩვენი მისია კვლავ ძალიან კარგად მიმდინარეობს. ეკიპაჟი თავს კარგად გრძნობს. ვემზადებით, რომ ხვალ მთვარეს ჩავუფრინოთ და ეს თითოეულ ჩვენგანს უკიდურესად აღაფრთოვანებს.
ახლა უკვე აქტიურად ვემზადებით მთვარეზე ხვალინდელი ამაღელვებელი ჩაფრენისთვის. ჩვენი ფრენის ოპერაციებისა და სამეცნიერო გუნდები 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მთვარეზე პირველად შემოფრენისთვის მზად არიან“, — ამბობს ლორი გლეიზი, NASA-ს ხელმძღვანელის მოადგილე.
ვიქტორ გლოვერი, რიდ უაიზმენი, კრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი დედამიწას 400 000 კილომეტრით დაშორდებიან. ისინი არც მთვარის ზედაპირზე დაეშვებიან და არც მის ორბიტაზე შევლენ. ნაცვლად ამისა, მთვარეს 6 400 კილომეტრით გასცდებიან, მას გარს შემოუვლიან და დედამიწაზე დაბრუნდებიან.
Artemis II-ის კოსმოსური ვოიაჟი 10-დღიანია. იგი 1 აპრილს კენედის კოსმოსური სადგურიდან დაიწყო და რამდენიმე დღეში წყნარ ოკეანეში დაშვებით უნდა დასრულდეს.
პროექტ „აპოლოსგან“ განსხვავებით, რომელიც სწრაფი მისიების სერია იყო საბჭოთა კავშირთან პაექრობის ფარგლებში, Artemis-ის პროგრამის მიზანი მთვარეზე მრავალჯერ დაბრუნება და მუდმივი ბაზის შექმნაა შემდგომი კვლევებისა და ექსპედიციებისთვის.
2028 წლისთვის NASA უკვე მთვარეზე დაშვებას გეგმავს. პროგრამა Artemis-ის მთავარი მიზანი კი მარსზე პილოტირებული გაფრენაა.
