ირანის ომმა და ჰორმუზის სრუტეში გადაადგილების შეფერხებით გამოწვეულმა მდგომარეობამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ბაზარზე ელექტრომობილების წილის ზრდას შეუწყო ხელი.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განახლებად ენერგიაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის მაჩვენებელმა თითქმის 50%-ით მოიმატა, რასაც ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაცია ადასტურებს.
მათივე ცნობით, ბენზინისა და დიზელის ტიპის საწვავზე ფასნამატი სულ უფრო მეტად უბიძგებს მოსახლეობას, არჩევანი ან ეკონომიურ ავტომობილებზე შეაჩერონ, ან დატენვადზე. ეს კი იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობზე ფასები, შესაძლოა, ექსპერტების აზრით, კიდევ რამდენიმე თვე არ დაუბრუნდეს თებერვლის ომამდე არსებულ ნიშნულს.
მიმდინარე წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, ევროკავშირის მასშტაბით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ავტომობილი ჰიბრიდულია, რასაც მოჰყვება ბენზინის ძრავზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები, თუმცა გასულ თვეებთან შედარებით სტატისტიკა ელექტრომობილების სასარგებლოდ იცვლება.
ამ მხრივ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში განახლებად ენერგიაზე მომუშავე მანქანების რეგისტრირების რაოდენობა თითქმის 66%-ით გაიზარდა იტალიაში, რომელსაც ცოტათი ჩამორჩებიან საფრანგეთი და გერმანია.
მიუხედავად ევროკავშირის მხრიდან ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით გადადგმული ნაბიჯებისა, ევროპული ქვეყნების ავტოპარკი მეტწილად ჩინური ელექტრომობილებისგან შედგება, რაც, ანალიტიკოსების აზრით, პეკინზე იმპორტდამოკიდებულებას ზრდის და ფინანსურადაც წამგებიანია ევროპელი მომხმარებლებისთვის.
ჩინეთი კი, თავის მხრივ, სულ უფრო მეტად ცდილობს, სათავისოდ გამოიყენოს მსოფლიო გეოპოლიტიკური მდგომარეობა და ენერგობაზარზე არსებული ვითარება სხვა ქვეყნებში საკუთარი წარმოების ელექტრომანქანების ექსპორტისთვის.
თუ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტი გაგრძელდება, მოსალოდნელია, რომ ახალ მყიდველებს შორის ელექტრომობილებისადმი უპირატესობის გაზრდის ტენდენცია გაგრძელდება, რის გამოც ექსპერტების აზრით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებებმა უნდა იზრუნონ, ადგილობრივ წარმოებას ხელი შეუწყონ.
